ლგბტქი / სტატიები

ლგბტ უფლებების მგზნებარე მოწინააღმდეგე უნგრელი პოლიტიკოსი გეი წვეულებაზე დააკავეს

ევროპარლამენტის დეპუტატმა უნგრეთიდან იოჟეფ საიერმა (József Szájer) მოულოდნელად გადადგომის შესახებ განაცხადა. როგორც მოგვიანებით გამოირკვა, იგი ბრიუსელში, პანდემიის წესების დარღვევით გამართულ სექს ფართიზე დააკავეს.

სკანდალი ფართოდ გააშუქა ბელგიურმა მედიამ და აღნიშნა, რომ თვითიზლაციის წესების დამრღვევთა შორის ძირითადად კაცები იყვნენ, მათ შორის – პოლიტიკოსები. პროკურატურის ანგარიშში ნათქვამია, რომ წვეულებაში მონაწილეთა შორის 20 ადამიანი იყო ისეთი, რომელზეც დიპლომატიური ხელშეუხებლობა ვრცელდებოდა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იოჟეფ საიერი პოლიციისგან გაქცევას შეეცადა და ფანჯრიდან წყლის მილის მეშვეობით გადაძვრა. ზურგჩანთაში მას ნარკოტიკებიც უპოვეს.

სამშაბათს, საიერმა უნგრულ მედიასთან აღიარა, რომ ამ ფართიში მონაწილეობდა და დასძინა, რომ მის ჩანთაში ნაპოვნი ექსტაზის ტაბლეტები მას არ ეკუთვნოდა. ამ განცხადების გაკეთებამდე, როდესაც მან გადადგომის შესახებ ამცნო საზოგადოებას, ამის ნამდვილი მიზეზი დამალა და გადაღლილობა მოიმიზეზა.

იოჟეფ საიერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის თანამებროლია. მისი მხურვალე მხარდაჭერით, ქვეყნის კონსტიტუციაში 2010 წელს ცვლილებები იქნა მიღებული, რომელიც ქორწინებას მხოლოდ კაცსა და ქალს შორის არსებულ კავშირად აღიარებდა. ამ ჩასწორებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ადგილობრივ ლგბტ აქტივისტებში, საიერი კი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც აგრესიით და ნიშნისმოგებით მიმართავდა მათ. მაისში, ისევ მისი აქტიური მონაწილეობით, უნგრეთში ტრანსგენდერული ტრანზიციის იურიდიული შესაძლებლობა აიკრძალა.

წყარო: euronews.com