სტატიები

ქეთევან პაპუნაშვილი: ჩემი ნაშრომის მიხედვით დოკუმენტური ფილმის გადაღება იმიტომ ჩაიშალა, რომ ტექსტი კაცს უნდა წაეკითხა

გენეალოგი ქეთევან პაპუნაშვილი თითქმის 20 წელია, საქართველოში მცხოვრები საგვარეულოების ისტორიებს იკვლევს. 2002 წლიდან გენეალოგიური კვლევის ცენტრის ,,არიან-ქართლის” თანამშრომელი, მკვლევარია, 2003 წლიდან – მენეჯერიც. ამ ორგანიზაციაში მუშაობის განმავლობაში, მონაწილეობა აქვს მიღებული ათობით სამეცნიერო კვლევაში. სხვადასხვა დროს აქტიურად უთანამშრომლია მედიასთან, ისტორიისა და გენეალოგიის თემებზე.

ქეთევან პაპუნაშვილი: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მიმუშავია არამხოლოდ ქართული, არამედ – არაქართული წარმოშობის საგვარეულოთა ისტორიებზე, მაგალითად ოსურზე, უკრაინულზე, გერმანულზე, აფხაზურზე, სომხურზე და სხვ. ზოგჯერ საქართველოს არაქართულ მოსახლეობას მიაჩნია, რომ საკუთარი გენეალოგიის დადგენა და გამოკვლევა მხოლოდ ეთნიკური ქართველების პრივილეგიაა. რეალურად კი სულ სხვაგვარადაა საქმე. საქართველოს ეროვნული არქივი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, სხვადასხვა მუზეუმები და საცავები ინახავს უამრავ საინტერესო დოკუმენტს, სადაც ასახულია როგორც ქართველი, ასევე – სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა ცხოვრება და მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში.

გარდა გენელოგიის კვლევისა,  ისტორიული საბუთები მაძლევს შესაძლებლობას, გავაკეთო  საინტერესო დასკვნები და აღმოჩენები, ჩავატარო ლექციები, რაც საინტერესოა მსმენელისთვის. 2019 წელს სასწავლო ცენტრთან ერთად ,,რავი” დავგეგმეთ და განვახორციელოთ არაერთი ლექცია სახელწოდებით ,,დროში მოგზაურობა”.

ისტორიულ წყაროებთან მუშაობისას, ხშირად ვეჩეხებით ხოლმე ფაქტებს, რომლებიც მეინსტრიმული ისტორიოგრაფიისთვის მიუღებელი და მისი კონტექსტიდან ამოგდებულიცაა. ამ დროს თქვენ, როგორც მკვლევარი, როგორ იქცევით ხოლმე?

ისტორიკოსების მიერ ჩვენამდე მოტანილი ისტორია ხშირად არის გაყალბებული და რაღაც ფაქტები ჩვენამდე ისე არ არის მოტანილი, როგორც რეალურად მოხდა. ამიტომ, მე ყოველთვის ვირჩევ ხოლმე, რომ დავეყრდნო და ვენდო იმ დოკუმენტურ მასალას, რომელსაც ვკითხულობ, რადგან ის არის იმდროინდელი სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ზუსტი ამსახველი, ვიდრე, ვთქვათ, მეოცე ან ოცდამეერთე საუკუნის რომელიმე ისტორიკოსი, რომელსაც ისტორიის წიგნში აქვს ისტორია წაკითხული. როგორც წესი, მე არ მერიდება სიმართლის თქმა. ძალიან ხშირად, ეს ადამიანებისთვის მიუღებელია, მაგრამ მე მათ ვპასუხობ ხოლმე, რომ როდესაც ეს დოკუმენტები იქმნებოდა, ისინი არ იწერებოდა იმისთვის, რომ დღეს ჩვენ წაგვეკითხა, და ისინი ასახავენ სინამდვილეს.

როგორ დაინტერესდით იმ სფეროთი, რომელიც დღეს საქართველოში მაინცდამაინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს? რატომ მაინცდამაინც გენეალოგია?

დავიბადე და გავიზარდე კახეთის პატარა სოფელში, რომელსაც ამჟამად ზემო კაჭრეთი ჰქვია (თუმცა მისი უძველესი ისტორიული სახელია ,,გადრეკილი”).

სოფელში ცხოვრების და სკოლაში სწავლის დროს უკვე ვოცნებობდი, მემუშავა ისეთ ადგილას, სადაც იქნებოდა უამრავი ძველი წიგნი. როდესაც გავიზარდე, გავაცნობიერე, რომ ასეთი ადგილი არსებობდა და ახლა მე იქ ვარ. ეს საქართველოს ეროვნული არქივია.

მომავალი თაობა თუ ინტერესდება თქვენი პროფესიით?

მგონია, რომ ინტერესი მსგავსი კვლევების მიმართ ნაკლებია.

როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენელი, როგორ ფიქრობთ, რა შედეგი შეიძლება იქონიოს ქვეყნიდან ინტელექტუალური კადრების გადინებამ? რა შეიძლება გაკეთდეს ამ ტენდენციის შესაჩერებლად?

შედეგი ძალიან სამწუხარო იქნება. ცუდია, როდესაც ინტელექტუალური რესურსი სხვა ქვეყანას მოხმარდება და არა – საქართველოს. უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში უნდა იყოს მზაობა და განწყობა მეცნიერების სხვადასხვა სფეროს განვითარების და გაძლიერებისთვის. უნდა მოხდეს ახალგაზრდების და მომავალი თაობის დაინტერესება, რათა შეისწავლონ მეცნიერების სხვადასხვა დარგები და საკუთარი ცოდნა მოახმარონ ქვეყანას, რითაც მივიღებთ სასურველ შედეგს. ახალგაზრდები შესაძლოა ცოდნის მისაღებად და გასაღრმავებლად წავიდნენ ქვეყნიდან, თუმცა მათი უკან დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. დღეს მათი უდიდესი ნაწილი სხვა ქვეყნებში ცხოვრებას და მუშაობას ირჩევს, რაც სრულიად გასაგები და ამავე დროს სამწუხაროა ჩემთვის.  ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.

გარდა თქვენი უშუალო საქმიანობისა, ვიცი, რომ საზოგადოებრივად საკმაოდ აქტიური ადამიანი ხართ. და აქ მივადექით საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემას: როგორ შეიძლება, ვებრძოლოთ ჩვენ ირგვლივ გავრცელებულ სტერეოტიპებსა და ტრადიციულ-კულტურულ კლიშეებს, რომლებიც, ხშირად, სასიცოცხლო ჟანგბადსაც კი გვიკეტავს?

სოციალურად აქტიური ვარ. ვებრძვი იმ სტერეოტიპებს, რომელიც ხელს უშლის განვითარებას და განათლებას. ჩემი იარაღი ბლოგები და სარკაზმია. ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთში გვეშლება კიდეც ტრადიცია და დრომოჭმული ჩვევები. ვცდილობ, ჩემი ბლოგები და პოსტები იყოს მხიარული, მსუბუქი და სარკასტული. ვფიქრობ, კარგად გამომდის. ასეთ სოციალურ აქტივობებში ძალიან მეხმარებიან შვილები, რომლებიც მამხნევებენ და მეუბნებიან, რომ გზა, რომელიც  ჩვენ ერთად ავირჩიეთ, არის რთული, მაგრამ – აუცილებლად გასავლელი.

თქვენი ბლოგპოსტი „ამბავი იმისა, თუ როგორ გავხდი “ბოზი”, რომელიც საფარის გვერდზე გამოქვეყნდა და დიდი გამოხმაურება ჰპოვა, სწორედ ამ მახრჩობელა კულტურულ კლიშეებზეა. როგორც ვიცი, მისი გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ბევრი უცნაური რამ გადაგხდათ…

ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ნამდვილად ვერ გაიგო, რაზე ვწერდი. მქონდა შემოთავაზებები, რომ გარკვეული თანხის საფასურად მიეღოთ ჩემგან სექსუალური მომსახურება. ამის გარდა, ზოგი მარიგებდა, რომ  ჩემი ,,ბოზობა” დამემალა და რომ ჩემზე უარესი “ბოზები” არსებობენ და ამას არ ლაპარაკობენ. მირჩევდნენ, გავჩუმებულიყავი (იცინის, შ. გ.).

ორი შვილის მშობელი ხართ და შეუძლებელია, ეს თემა თქვენთან განხილვის საგნად არ ვაქციო. ჩვენთვის, მშობლების თაობის ადამიანებისთვის, ხშირად ძალზე რთულია მენტალურად უკვე აბსოლუტურად სხვა გარემოში ჩამოყალიბებული ჩვენივე შვილების თაობასთან ურთიერთობა. თქვენ როგორ გამოგდით ეს პროცესი?

მე ვფიქრობ, შესანიშნავად გამომდის, მაგრამ ამაზე ალბათ ჩემი შვილები უკეთ გიპასუხებენ. ძალიან მეხმარება მათთან მეგობრული ურთიერთობა სწორ კომუნიკაციაში. ასევე, მეხმარება ჩემი მეგობრების გარკვეული ნაწილი, რომელთა უმეტესობა ჩემზე 15 ან მეტი წლით უმცროსია. სულ მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებშია პროგრესის და განვითარების ძალა. მათ მხოლოდ დახმარება სჭირდებათ, უარეს შემთხვევაში – ხელის არშეშლა მაინც. მე ვფიქრობ, ჩემსა და მათ შორის მენტალური სხვაობა არაა. უფრო მეტიც: მათ შეუძლიათ, ჩემგან ისწავლონ როგორ იყვნენ  თავისუფალნი.

ჩვენს პატრიარქალურ გარემოში კაცებს ძალიან უჭირთ ქალის ინტელექტუალური უპირატესობის აღიარება. თქვენ თუ შეგხვედრიათ მსგავსი დამოკიდებულებები კაცებისგან?

წლების წინ მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც გადაწყვიტეს ჩემი ნაშრომის მიხედვით დოკუმენტური ფილმის გადაღება. ამაზე, ცხადია, დავთანხმდი, მაგრამ მოლაპარაკების ბოლოს მითხრეს,  რომ გენეალოგია უფრო ,,კაცური,, თემაა და სჯობს, ყველა მნიშვნელოვანი ტექსტი კაცმა წაიკითხოს. ანუ, მეუბნებოდნენ,  რომ რაშიც მე თვეების შრომა, სული და გული ჩავდე, უნდა წაეკითხა კაცს, რათა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო.

შესაბამისად, ფილმი  ვერ გადაიღეს )

როგორ აღიქმება ქართულ კონტექსტში „ქალი მეცნიერის“ ფენომენი?

ცოტა ზერელედ უყურებენ. თუმცა, როცა ცოტა მეტად უღრმავდებიან, უკვირთ.

უმეტესად, ვცდილობ, არ ვისაუბრო ყველა დაინტერესებულ პირთან ჩემს საქმიანობაზე, რადგან დროის ფლანგვაა და მე ამდენი დრო არ მაქვს.

ბოლოს რამ იქონია თქვენზე დიდი შთაბეჭდილება და რის გაზიარებას ისურვებდით საფარის მკითხველისთვის?

პანდემიის დროს, გასული წლის მარტიდან 2021 წლის მარტამდე დავრჩი უმუშევარი,რადგან არქივი აღარ იღებდა მკვლევრებს. ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ჩემი მეგობრების დამოკიდებულება ჩემ მიმართ.  მთელი წლის განმავლობაში არ მიგრძვნია ფინანსური კრიზისი. ამაზე შთამბეჭდავი და სასიამოვნო ახლა არაფერი მახსენდება. აქვე, უთვალავი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თითოეულ მეგობარს. მადლობა მათ,  რომ მორალურად გატეხვას გადამარჩინეს.

საფარის მკითხველებს ვეტყოდი, რომ ჩვენ ვართ ქალები და დიახ, ჩვენ ყველაფერი შევძელით!

 

ესაუბრა შორენა გაბუნია