ბლოგები

ვის ზურგზეც პლანეტა ტრიალებს

ავტორი გიორგი ქავთარაძე

დაახლოებით 3 წელია, რაც მარტომ დავიწყე ცხოვრება და ცხოვრების განმავლობაში, პირველად წავაწყდი ყველა იმ რუტინულ საქმიანობას, რასაც სახლის მოვლა ჰქვია – იატაკის გამოგვა (ხარისხიანად დღემდე ვერ ვახერხებ), მოწმენდა, ჭურჭლის რეცხვა, ნივთების თავის ადგილას დაბრუნება (დღემდე ვერ ვახერხებ), საჭმლის მომზადება (ყოველდღიურად ვერ ვახერხებ), ტუალეტის დეზინფექცია-ხეხვა (ბოლომდე ხარისხიანად არ გამომდის ისევ), ფანჯრების წმენდა (წელიწადში ერთხელ, ჰა ორჯერ), აივნის მილაგება (ძაან აყრილ-დაყრილია სულ) და თან ახლა, ამის ჩამოთვლისას, ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი პატარა დეტალი მრჩება, რასაც ვერ ვამჩნევდი მანამ, სანამ პირისპირ არ დავდექი და არ ვიგრძენი, რამხელა დრო, ენერგია და ნებისყოფა მიაქვს.

ჰო, ამ ყველაფერს ბევრი წელი დედა აკეთებდა, – დილის 6:30-ზე გაღვიძებული, ჭიქა ყავით გამოფხიზლებული, საუზმეს და გვერდით, მეორე ქვაბში, სადილის ნაწილის ინგრედიენტებს მოამზადებს, შემდეგ ყველა ზემოთჩამოთვლილი დეტალის კეთებას იწყებს ნაბიჯ-ნაბიჯ.

რაღაც მომენტში, როცა მე ძალიან პატარა ვიყავი, დედას უკვე ჩემი ერთი, შემდეგ კი მეორე და შეეშველნენ… დედა პედიატრია და პარალელურად დღეში 30-ამდე პაციენტს იღებს და ამდენივე ზარს პასუხობს, როცა სახლშია…

კიდევ ის ვიცი, რომ დედაჩემის გარდა, ამ ქვეყანაში უამრავი ქალია ჩართული ამ უხილავ შრომაში და ამ ქალებზე სახლებში კაცები, მათი ქმრები, მამები, შვილები ძალადობენ, სცემენ, კლავენ, მათ ნაშრომს ისე ფლანგავენ, რომ ხშირად თავად ქალს არაფერს უტოვებენ, მონებად ჰყავთ ქცეული, სამსახურებში უფროსები ავიწროებენ, ქუჩაში ამცირებენ, ამტკიცებინებენ იმას, რომ იმ მომენტში, როცა გააუპატიურეს, გამომწვევად არ ეცვა, მიიჩნევენ ნაკლებ განათლებულებად, არ აძლევდნენ ხმის მიცემის უფლებას, ყიდდნენ, გარიგებით ატანენ უცხო და უფროს მამაკაცებს, დღემდე იტაცებენ, დღემდე აქორწინებენ 13 წლისებს… ვინ მოთვლის… და ამ ყველაფერს უკეთებენ ქალებს, რომლებზეც დგას დღეს ეს ქვეყანა და ზოგადად მსოფლიო, რომელთა უხილავ შრომას ვერ ამჩნევს ზოგჯერ ცხოვრების მანძილზე ვერავინ. მათ არავინ ეუბნება მადლობას, 8 მარტს ულოცავენ – ქალთა დღეს, და ჩუქნიან ყვავილებს, მტვერსასრუტს და უთოს…

ყველა მადლობა და უდიდესი ბოდიში ადამიანებს, ვის ზურგზეც ტრიალებს ეს პლანეტა.

Future Is Female!