ავტორი: ლაშა ქავთარაძე
ძალადობა არც ერთ საზოგადოებაში არ არის უცხო. ის რაც საქართველოში ხდება, არ არის ექსკლუზიურად ქართული მოვლენა, რაც არ უნდა შფოთვამ შეგვიპყროს. გიორგი შაქარაშვილის სიკვდილიც, ახალგაზრდა გოგოს დაწვის მცდელობაც, უკვე რამდენი ქალის ცივსისხლიანი მკვლელობაც და ყველა ის სხვა სიგიჟეც, რომელიც წვეთ-წვეთ მოგვეწოდება (მით უმეტეს დაჩქარებული საინფორმაციო მიმოქცევის პირობებში) და დღიური პანიკის ლომკას გვიხსნის ხოლმე, პატრიარქალური (ანდა უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, კაცობაზე ყალბი წარმოდგენების) კულტურის დამსახურებაა, რომელსაც დიდ წილად ზურგს უმაგრებს გაბატონებული ეკონომიკური ლოგიკა (კონკურენციის, დერეგულაციის, ბუნებრივი გადარჩევის და ა.შ. სახით), ცალკეულ ქვეყანაში ან კონტინენტზე ვერ მოაქცევ, ყველგან თანაბრად კლავს ცოლებს, დედებს, პატარა გოგოებს და პატარა ბიჭებს, სუსტ კაცებს, არაკაცებს. განსხვავება ისაა, რომ ზოგან ამ კულტურას ებრძვიან, ან როგორც მინიმუმ, პრობლემად აქვთ გააზრებული, ზოგან კი საერთოდ არ მიაჩნიათ პრობლემად, თავად ამ კულტურით დამუხტული კაცები მართავენ ქვეყანას და პირად შეტევად მიაჩნიათ ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც ამ კულტურას უპირებენ ქალები, გეები, ლიბერალები, მემარცხენეები, სოროსელები და ა.შ. კულტურის ამ ცვლილების მცდელობას ხან პოლიტკორექტულობის დამღით დასცინიან, ხან ადგილობრივი ფემინიზმი არ მოსწონთ და გონიათ, რომ ქართველი ფემინისტები უფრო ისტერიკულები არიან, ვიდრე ფრანკფურტელი ფემინისტები, ხან მენტალიტეტით ამართლებენ, ხან სიმდიდრის დაგროვებით, ხან რით და ხან – რით. მაგალითად რომ ავიღო ჩემთვის ნაცნობი ქვეყანა, შვედეთი – შვედეთში მთვრალი ქმრების მიერ ცოლებზე ძალადობის მაჩვენებელი საგანგაშოა, ოღონდ ეს სტატისტიკა დაფარულია, ისეთივე კულტურული ტაბუები მუშაობს იქ, როგორც ჩვენთან (რამდენიმე წლის წინანდელი კვლევაა) კაცებშიც და ქალებშიც, თუმცა იქ ინსტიტუციები ცდილობენ, რომ ეს მკვლელი კულტურა არ წაახალისონ მაინც, თუ ვერ აღმოფხვრიან ბოლომდე (და ალბათ ჯერ ვერავინ აღმოფხვრის იმას, რასაც ათასწლეულები უმაგრებს ზურგს), მაგალითად, ე. წ. “კითხვის ელჩის” დამსახურებით, ფეხბურთის რამდენიმე კლუბში შესულ ბიჭებს მოეთხოვებათ, რომ გარდა ფეხბურთის თამაშისა, გაერთიანდნენ წიგნის კლუბებში, თეატრში წავიდნენ, კინო ნახონ (ალბათ სულ მცირე იმის გამო, რომ ემპათიის ელემენტარული უნარი განუვითარონ, რასაც ძალაზე, ძალმომრეობაზე, წაგება-მოგებაზე, კონკურენციაზე დაფუძნებული სპორტი ვერ უზრუნველყოფს ავტომატურად). აგვარებს ეს პრობლემას ბოლომდე? რა თქმა უნდა, ვერა. მაგრამ, როგორც ბეკეტი იტოდა, try, fail, try better, fail better.
ასეთი მაგალითები იქნება იაპონიაშიც, ინდოეთშიც, ჩილეშიც, მაგრამ მე არ ვიცი, რადგან იქ არ მიცხოვრია. მაგრამ მიცხოვრია საქართველოში, სადაც მთელი ბავშვობა იმაში გაილია, რომ როგორმე ჩემი თავისთვის მესწავლებინა ძალადობისგან თავის არიდების სტრატეგიები, მთელი ენერგია დამეხარჯა იმაზე ფიქრში, როგორ დავრჩენილიყავი კაცობის სასურველ განსაზღვრებაში, მაგრამ ამავდროულად თავი გადამერჩინა. მთელი ახალგაზრდობა გაილია იმაზე ფიქრში, რომ თუკი კონფრონტაციის მეშინოდა, ვიყავი თუ არა მაინც კაცი? თუკი შრამები არ მექნებოდა, ვიქნებოდი თუ არა იმედგაცრუება სხვა კაცებისთვის? ისევ მეძმაკაცებოდნენ? ისევ მენათესავებოდნენ? ჰოდა, იცით რამდენ ენერგიას მოითხოვს ეგ? უამრავს. ყველას. შენი ცხოვრების შლეიფი ხდება. მთელი დარჩენილი ცხოვრება განგსაზღვრავს. ხელს გიშლის იმაში, რომ ცხოვრებით ისიამოვნო, შენ თავს ბედნიერების უფლება მისცე, იმიტომ, რომ თუკი მოძალადე კაცი არ ხარ, მაშინ საერთოდ კაცი არ ხარ და საერთოდ არაფერი ხარ. მე ცოტა მაინც გამიმართლა იმაში, რომ არავის უსწავლებია, რომ სხვაზე ძალადობა ჩემს კაცობას რამეს შემატებდა (ისიც ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მშობლები თავის და შვილების გატანაზე ხარჯავდნენ ენერგიას), მაგრამ არ გამიმართლა იმაში, რომ ჩემ გარშემო სხვები ასე არ ფიქრობდნენ. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, თვითგადარჩენის სტრატეგიებზე ფიქრის ნაცვლად რომ სხვა რამეზე მეფიქრა, მაგალითად ფიზიკაზე, ქიმიაზე, ხელოვნებაზე ან თუნდაც სპორტზე, იქნებ უფრო უკეთ მცოდნოდა, ვინ ვარ, იქნებ ნაკლებად დაბნეული ვიყოფილიყავი? მაგრამ მე გადავურჩი მაინც თინეიჯერობას. დამტვრეული, მარა ცოცხალი მაინც.
გიორგი შაქარაშვილი ვერ გადაურჩა.
ვერც ის გოგო, რომლის სახელსაც ალბათ ვერ გავიგებთ და რომლის სხეულიც სამუდამოდ დასახიჩრდება.
ვერ გადაურჩნენ დედები, ცოლები, შვილები, დები, ტრანსი ქალები.
იმიტომ, რომ იმ კაცებს ეშინიათ სხვა კაცების, იმ კაცების, რომლებსაც უპირატესობის დაკარგვის ეშინიათ, ვისაც ეშინია, რომ მათაც ისევე მოქცევიან, როგორც ისინი ექცევიან ქალებს, სუსტ კაცებს და არაკაცებს.