ლესბოსური წინააღმდეგობა/Lesbian Resistance არის არაფორმალური, არაიერარქიული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს არაჰეტეროსექსუალ ქალებს, გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებს და მათ, ვინც თავისი გამოცდილების მიხედვით, საერთოს პოულობს და იდენტიფიცირებას ახდენს ჰეტერო-პატრიარქატის და კაპიტალიზმის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლასთან. ჩვენთვის მნიშნვლოვანია, გადავიაზროთ წინააღმდეგობის ფორმები და მთავარი აქცენტი გავაკეთოთ ერთმანეთის გაძლიერებასა და ფემინისტური იდეების გავრცელებაზე. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ დაგვინახოს და მოგვისმინოს. მანიფესტით გვსურს, ერთმანეთს, თანამოაზრეებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრათ, თუ რა ღირებულებებზე ვდგავართ და როგორი საზოგადოების შენება გვინდა. აუცილებელია, ვისაუბროთ იმ სისტემურ ჩაგვრაზე და იერარქიებზე, რომელსაც არსებული პატრიაქრალური გარემო, ნორმად ქცეული ჰეტეროსექსუალობა და კაპიტალიზმის მიმტაცებლური, ეგოისტური ლოგიკა ქმნის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ბრძოლას უფრო და უფრო მეტი ქალი შემოუერთდება, რადგან არსებული სისტემა, როგორც ამ კრიზისმა გვაჩვენა, განწირულია განადგურებისთვის. კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა გლობალური უთანასწორობა, რესურსების არათანაბარი გადანაწილება და კაპიტალისტური სისტემის უსამართლობა, რომელიც პოლიტიკური და ბიზნეს ელიტების ხელში სიღარიბის და შრომითი ექსპლუატიციის პირობებში გვტოვებს. ჩვენ მოვუწოდებთ ქალებს, რომ შემოგვიერთდნენ ბრძოლაში, რომელსაც ვამყარებთ ერთმანეთის სიყვარულზე. სიყვარულზე, რომელიც გამოიხატება უამრავი შესაძლო ფორმით და მოიაზრებს როგორც მეგობრულ, რომანტიკულ, სექსუალურ ურთიერთობებს, ასევე უმთავრესად თანამოაზრეობას, თანამებრძოლობას და პარტნიორობას.
გთავაზობთ “ლესბოსური წინააღმდეგობის” მანიფესტს:
ჩვენ ვართ ქალები, რომელთაც ერთმანეთი გვიყვარს!
გვიყვარს ყველა შესაძლო ფორმით, იმ განმარტებების მიღმა, რასაც საზოგადოება გვთავაზობს; გვიყვარს არა მხოლოდ მეგობრულად, რომანტიკულად, სექსუალურად, არამედ როგორც თანამებრძოლი, პარტნიორი, მგზნებარე თანამოაზრე.
ჩვენ ვართ ქალები, რომლებიც კაცებით გაბატონებულ გარემოს არ ვემორჩილებით; ვუპირისპირდებით პატრიარქატის მიერ შექმნილ მითს, რომ ქალები მხოლოდ ერთმანეთის კონკურენტები არიან. ქალების ისტორიები საუკუნეების მანძილზე მიზანმიმართულად იჩქმალებოდა, ჩვენ კი გვინდა ახალი ისტორიის დაწერა ჩვენს რეალურ ყოფასა და გამოცდილებებზე, სადაც მეგობრობისა და სიყვარულის რადიკალური გამოვლინებით ვუპირისპირდებით არსებულ წესრიგს. ვუპირისპირდებით სისტემას, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენს “გაწრთვნას”, ჩვენი განცდების, სურვილების, ფანტაზიების კონტროლს. ჩვენი არსებობა თავსატეხია გაბატონებული კულტურისთვის, რადგან არ ვემორჩილებით მას. დიახ, ჩვენ ვართ საშიშები ამ სისტემისთვის, რადგან ვცვლით და ვარღვევთ მის ლოგიკას; რადგან ჩვენს ენერგიას მივმართავთ ერთმანეთისკენ და გვსურს, მჩაგვრელი სისტემა გარდავქმნათ ზრუნვით, სიყვარულითა და თანამშრომლობით.
ჩვენი სიყვარული თავისუფალია ფლობისა და მესაკუთრეობისგან, რომელსაც თავსმოხვეული მონოგამიური ურთიერთობების ფორმა გვიწესებს და ეწინააღმდეგება სიყვარულის სახელით ძალადობას და ექსპლუატაციას. ქალებს შორის სიყვარული არის ახალი გზა და შესაძლებლობა თავისუფალი და თანასწორი სოციალური ურთიერთობებისთვის, რომელიც კონტროლისა და ჩაგვრის ნაცვლად, ზრუნვასა და თანამშრომლობას სთავაზობს ადამიანებს.
ჩვენ გვჯერა თანასწორი სამყაროს შესაძლებლობის, რომელიც მანამდე ვერ შეისხამს ხორცს, ვიდრე სქესობრივი და გენდერული ნორმები არ ჩამოიშლება, ვიდრე კერძო ეკონომიკური პრინციპი დაჯაბნის საჯაროსა და კოლექტიურის პრინციპს, ვიდრე ოჯახი და მასზე დაშენებული სახელმწიფო იქნება საზოგადოების ორგანიზების ფორმა.
პანდემიისგან გამოწვეულმა მსოფლიო კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა კაპიტალიზმისა და პატრიარქატის მახინჯი სახე, გლობალური სოციალური უთანასწორობა, რესურსების არათანაბარი გადანაწილება და ის სისტემური უსამართლობა, რომელიც პოლიტიკური და ბიზნეს ელიტების ხელში ადამიანების უმრავლესობას სიღარიბისა და შრომითი ექსპლუატაციის პირობებში ტოვებს.
ეს კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ აისახა ქალებზე, რომლებმაც სამუშაოსთან ერთად, საშინაო ზრუნვის ვალდებულება შეითავსეს. ოჯახის წევრების მოვლა მხოლოდ ქალების მოვალეობად ითვლება. ექთნების და სანიტრების სრული უმრავლესობა ქალია და პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ჯანდაცვა ახლა მათ მხრებზე დგას. ქალები სახლში აღმოჩნდნენ გამოკეტილები მოძალადე ქმრებთან, მამებთან, ძმებთან – მოძალადე სისტემასთან. ქალებს, რომლებიც ორმაგად განიცდიან ეკონომიკურ ჩაგვრას, კრიზისის დროს ხშირად ძალადობისგან გასაქცევიც არსად აქვთ.
კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ აისახება იმ ქალებზე, რომლებიც სისტემის მიერ დაწესებული ჰეტეროსექსუალობის ჩარჩოში ვერ და არ თავსდებიან. ჩვენ ყოველ დღე გვესმის ლესბოსელ ქალებზე ძალადობის, იძულებითი გათხოვების, შანტაჟის, გაჩუმების, მუქარის ისტორიები, სახლიდან გამოგდებული, მშობლების მიერ უარყოფილი არაჰეტეროსექსუალი ქალების ისტორიები, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ჰომო/ბი/ტრანსფობიას.
ეს კრიზისი კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ახალი წესრიგის დამყარების აუცილებლობას.
ჩვენ აღარ ვაპირებთ ვიყოთ მომთმენები, მორჩილები იმ სისტემაში, სადაც ძალაუფლება კაცების ხელშია.
ჩვენ აღარ ვიქნებით ჩუმად!
ჩვენ ვამხელთ მჩაგვრელ პოლიტიკურ სისტემას, მაკონტროლებელ და დამსჯელ სახელმწიფოს, პოლიციურ რეჟიმს, რელიგიურ-პატრიარქალურ და ყველა იერარქიულ სისტემას, ძალადობისა და სიძულვილის ტირაჟირებას მედიაში.
ჩვენ საჯარო სიყვარულით ვიწყებთ დაუმორჩილებლობას.
აღარ გავჩუმდებით, რადგან დუმილი არსებულ მჩაგვრელ და უთანასწორო გარემოში გვტოვებს.
გვინდა, რომ მომავალი თაობებისთვის შევქმნათ იერარქიებისგან თავისუფალი სამყარო, სადაც პატარა გოგოები აღარ იქნებიან იძულებული, მიიღონ საზოგადოების მიერ შემოთავაზებული მჩაგვრელი წესები, იყვნენ პატრიარქალური ოჯახისა და ნაციონალისტური ერი-სახელმწიფოს სამსახურში. ჩვენ გვსურს, რომ მომავალი თაობის ოჯახი იყოს მხოლოდ თავისუფალ სიყვარულსა და ურთიერთზრუნვაზე დაფუძნებული ერთობა.
ლესბოსელობა არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი, მიმართული რადიკალურად თანასწორი და ჰარმონიული საზოგადოების შენებისკენ. ლესბოსური ურთიერთობა და ლესბოსური სიყვარული ანგრევს მჩაგვრელ სისტემას, გვათავისუფლებს პატრიარქალური იერარქიისგან და კაპიტალიზმის მიმტაცებლური, ეგოისტური ლოგიკისგან.
ჩვენი ყველა ქმედება, საუბარი, აქტი პოლიტიკურია. ჩვენი პირადი სივრცეები, სამეგობრო, სანაცნობო წრეები ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ველია. ჩვენ საჯაროდ და ხმამაღლა ვისაუბრებთ ჩვენს სიყვარულზე, ქალებს შორის სიყვარულზე, როგორც წინააღმდეგობის ფორმაზე, რადგან ეს არის გზა ჩვენი თავისუფლებისკენ. ამ გზაზე ჩვენი ამოცანა ყველა ქალისა და მთელი საზოგადოების მჩაგვრელი სისტემისგან გათავისუფლებაა.
ჩვენი სიყვარული არის დაუმორჩილებლობა!