ავტორი: გიორგი თუმანიშვილი
აღდგომა ახლოვდებოდა. ზუსტად არ ახსოვდა, 10 მარტი თუ 11, როდესაც გააანალიზა, რომ მეტის ატანა აღარ შეეძლო. პირველად ძილი მაშინ გაუტყდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე არ დამჯდარა: მოიარა ბაზარი, მაღაზიები, ორი დღის საჭმელი მოამზადა, დაალაგა სახლი, ყველაფერი ამორეცხა, – მაინც არ ეძინებოდა. ჩვეულებრივ, ლოგინამდე ძლივს ასწრებდა ხოლმე ძილს, მაგრამ ახლა რული არა და არ ეკარებოდა. რამდენჯერმე იცვალა გვერდი, მაგრამ ამაოდ. ბოლოს დანებდა, დაწვა ზურგზე და დაფიქრდა…
გონებაში მყისიერად ამოუტივტივდა თავისი გაუსაძლისი მდგომარეობა და თვალები ოდნავ აუწყლიანდა. მაშინვე მამრს გადახედა, რათა დარწმუნებულიყო, რომ მისი ცრემლები არავის დაუნახავს. ფიქრი განაგრძო. ყველაფერი გაახსენდა, – ავტორიტარი, თითქმის მოძალადე მშობლები, მონსტრი მასწავლებლები, მეგობრები, პირველი სიყვარული, რომელმაც ბავშვობასთან ერთად მთელი ცხოვრება წაართვა, და რომელიც ახლა მის გვერდით უდრტვინველად ფშვინავდა.
კი გაუჩნდა სურვილი, რომ ბალიში დაეფარებინა სახეზე და ყველაფერი დაესრულებინა, მაგრამ ქრისტიანულმა აღზრდამ ამის უფლება არ მისცა. მაშინვე სადღაც, ქვეცნობიერის ბნელ კუთხეში მიაგდო ეს აზრი და გონებით იმ დროში გადაისროლა თავი, როდესაც სამომავლო გეგმებს აწყობდა. გაახსენდა, როგორ ოცნებობდა არქიტექტურის შესწავლაზე და საკუთარი სტუდიის გახსნაზე. გაახსენდა, როგორ წარმოიდგენდა მისგან დაპროექტებულ სახლებს და მრავალსართულიანებს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, როგორ სეირნობდა მათ ჩრდილში და ტკბებოდა თავისი ქმნილებებით. გაახსენდა ყველაფერი და გულ-მუცელი ჩაეწვა. ახლა უკვე ვეღარ გაუძლო მოგონებების შემოტევებს, წამოიწია და ლოგინზე ჩამოჯდა. მერე ადგა, ჩაბნელებულ სამზარეულოში, უჯრაში ხელის ფათურით ასანთი მოძებნა, მამრის სიგარეტი აიღო და სამზარეულოს აივანზე ფიქრების მოსაგერიებლად გავიდა.
სიგარეტის მესამედი არ ექნებოდა მოწეული, რომ მისი მეგობრის აივანზეც აენთო ნაკვერჩხალი. გოგოს ქმარი არ ეწეოდა და მაშინვე მიხვდა, რომ მეგობარი იყო, რომელსაც, სავარაუდოდ იგივე კონდიციაში მყოფს, ანტიდეპრესანტი სიგარეტით ჩაენაცვლებინა, როგორც ეს “ერში” იყო ხშირად მიღებული. ინსტაგრამიდან გამოვიდა და მეგობარს მისწერა, რომ ფიქრები მასაც არ აძინებდა. მეგობარმა არ უპასუხა. სანამ ელოდებოდა, გაახსენდა, რომ წინა დაბადების დღეზე სწორედ ამ მეგობარმა აჩუქა მერი უოლსტონკრაფტის “ქალის უფლებების დაცვა”, რომელსაც მეგობარი ძალიან აქებდა. ჭეშმარიტების გაცხადებას იგი თვალების ახელას, ქალური სამყაროს სრულად შეცნობას ადარებდა. ამბობდა, რომ საბოლოოდ მიხვდა, თანამედროვე მონობის ფორმას, რომელსაც ქართული ტრადიციული ოჯახი ერქვა, წერტილი უნდა დასმოდა, თორემ ქართველი ქალების მენტალური განადგურება გარდაუვალი იყო. მაშინ ეს ყველაფერი ეუცნაურა, ცოტა არ იყოს, მეგობრის ფემინიზმი არ ესიამოვნა. მაშინ ჯერ გამოღვიძება არ ჰქონდა დაწყებული, მაგრამ მალე მოზღვავებული ეჭვები ყოველდღიურ ფრუსტრაციას დაერთო.
სიგარეტი ჩააქრო. აივნიდან დააპირა ნამწვავის გადაგდება, მაგრამ ბოლო წამს თავი მოთოკა. რამდენიმე პოლიეთილენში გაახვია ნამწვი, რომ მის სიმყრალეს არ წაებილწა მისთვის ჯერ ისევ ყველაზე საკრალური ადგილი სახლში და “ქალის უფლებების დაცვის” მოსაძებნად კედლის ბიბლიოთეკასთან გაჩნდა. ძებნის დროს გაახსენდა, რომ თვითონ ვერაფრით მოახერხა ამ წიგნის წაკითხვა, მაგრამ სამაგიეროდ თავის მამრს დაუნახა ხელში რამდენიმეჯერ, რის შემდეგაც ეს წიგნი უკვალოდ გაქრა. მეგობარმა ერთხელ შეახსენა კიდეც, რომ წაეკითხა, მაგრამ ვერ იპოვა. ვერ იჯერებდა, როგორ შეიძლებოდა, მეუღლეს წიგნი დაემალა. აღშფოთებამ მოიცვა. დიდი ხნის ძიების შემდეგ, წიგნების ერთ-ერთი წყობის ქვეშ იპოვა, საგულდაგულოდ დამალული. ისევ ბალიში და მამრის უდრტვინველი ფშვინვა გაახსენდა, მაგრამ პროტესტის ნიშნად, თავი გააქნია. წიგნი გადაშალა და ტალეირანისადმი მიმართვის კითხვისას საშინლად მოერია ძილი. ვერ გაეგო, კითხვას იყო გადაჩვეული, თუ უბრალოდ გონების გადაღლამ შეახსენა თავი. წიგნი ახლა თვითონ დამალა, რომ მეორე დღეს გაეგრძელებინა კითხვა.
მეორე საღამოს, როდესაც მამრი სამსახურიდან დაბრუნდა, წიგნი უზარმაზარი სანიშნით, მისთვის გამზადებული საკვების მოპირდაპირე მხარეს დახვდა, სამზარეულოს მაგიდაზე. ქალის პასიურ-აგრესიული ჟესტი და წიგნიდან გამოჩრილი უზარმაზარი სანიშნი ინტუიციურად არ ენიშნა მამრს კარგად, მაგრამ ქრონიკულად გადაღლილი გონებით პარალელები ვერაფერთან გაავლო, ერთი ამოიხვნეშა, რომ წიგნი უკეთესად ვერ დამალა და მაგიდას მიუჯდა.
მამრმა საუბრის გასაღვივებელი წინადადება ჩვეული ტემბრით წარმოთქვა, რომელსაც ცოლი ჩვეულებისამებრ მაშინვე უნდა გამოხმაურებოდა და ასე გაერთო თავისი მამრი ჭამის დროს. ეს ქცევაც წლების პრაქტიკით ჩვევის დონეზე გამოუმუშავდა ცოლს. მას ღრმად ჩაუდუღაბეს ის აზრი, რომ ცოლი ქმრის ხასიათის ყველა ასპექტს უნდა იცნობდეს და აქედან გამომდინარე ასიამოვნოს ქმარს, ან თავი აარიდოს გადაღლილ მამრთან კონფლიქტს და “ჰარმონია” ასე შეინარჩუნოს ოჯახში. ხოლო ეხლა კი, მამრის conversation starter ქალს ოდიოზურად ეჩვენა. მაგიდასთან მივიდა, “ქალის უფლებების დაცვას” საჩვენებელი თითი ისე დაადო, რომ თითი წამით გალურჯდა და მამრს ჰკითხა:
– გახსოვს, უოლსტონკრაფტი რა კითხვით იწყებს თავის ტრაქტატს? რაში მდგომარეობს ადამიანის უპირატესობა ველურ არსებასთან შედარებით?
მამრში უცებ ადუღდა ყველაფერი, მარცხენა თვალი სასაცილოდ აუთამაშდა. მიხვედრით ვერ მიხვდა, რომ ცხოველს შეადარეს იმის გამო, რომ ცოლს წიგნი დაუმალა, მაგრამ რომ შეურაცხყვეს, ამას ნამდვილად მიხვდა. ქალი უზარმაზარი, სანიშნეგამოჩრილი წიგნით სამზარეულოდან გადიოდა, როდესაც მამრის ბიზონისეული ხვნეშა მისწვდა მის სმენას. მაშინვე საკითხავად გაემზადა, თან მეგობარს მისწერა, რომ წიგნი იპოვა და კითხვა დაიწყო. პასუხმაც არ დააყოვნა, – მეგობარი ძალიან კმაყოფილი იყო და დროს გამონახავდა თუ არა, მაშინვე ესტუმრებოდა.
სანამ ტელეფონი ხელში ეჭირა, დაინტერესდა, რა ეწერა ქართულ ინტერნეტსივრცეში ფემინიზმზე. ფემინიზმის ქართულენოვანი ვიკიპედიის სტატია რამდენიმე წინადადებას შეიცავდა, ხოლო ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ცნობილი 40 ადამიანიდან, ქართული ვიკიპედიის სტატია მხოლოდ 4-ს ჰქონდა. მიხვდა, რომ მდგომარეობა გასანგაშო იყო, “ქალის უფლებების დაცვის” კითხვა განაგრძო.
მეგობარი დიდი ხნის უნახავ ორ მეგობართან ერთად მოვიდა. გახარებული სახეებით შემოვიდნენ სახლში, მაგრამ, მამრი დაინახეს თუ არა, მაშინვე გადამალეს სიხარული, თითქოს არ სურდათ, მამრს ის მოტივი ამოეცნო, რომლითაც დიდი ხნის უნახავ მეგობარს ესტუმრნენ. მაშინვე “კდემა რეჟიმი” აამუშავეს, – ბავშვებზე, ოჯახზე, შოპინგზე და მეუღლეებთან ჰარმონიულ ურთიერთობაზე ჩამოაგდეს საუბარი. ცოტაც და თვითონაც დაიჯერებდა მათ “გულწრფელობას”. მეორე ოთახში მყოფი ისედაც დაღლილი მამრი კიდევ უფრო დაიღალა “ქალური პრობლემების” სმენით და სადღაც წასვლა მოიმიზეზა. ზრდილობის ფარგლებში ყველას დაემშვიდობა, მეუღლეების მოკითხვა დაავალა და გაშპა.
ქალებმა ახლა უკვე კდემა-კრძალვის ნიღბები ჩამოიხსნეს და მისი “ქალის უფლებების დაცვის” კითხვის პროგრესით დაინტერესდნენ. როდესაც გაიგეს, რომ ახალი დაწყებული ჰქონდა, აღარ შეუდგნენ წიგნის ზედმეტი ქება-დიდებას და პასაჟების ფრიალს, მხოლოდ ის აღნიშნეს, თუ როგორი გავლენა იქონია “ქალების უფლებების დაცვამ” მათზე, თუ როგორ დაინახეს მათ “გვირაბის ბოლოს სინათლე”, თუ როგორ იხუთებოდნენ, სანამ ჟანგბადივით არ მოევლინათ ეს ღვთიური ტრაქტატი. რა თქმა უნდა, იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ ყველაზე მეტად რეალობის აღქმაში დაეხმარათ, გააანალიზეს, რომ არსებული სისტემა ქალის მორჩილებას ითხოვს და ზოგადად მის მოთხოვნილებებს და უფლებებს უგულებელყოფს, რომ თავად სისტემის სტრუქტურა იყო ქალების ძვლებზე ნაშენი, რომ არსებული სოციალური ინსტიტუციების პერვერსიული მუშაობის რეჟიმიდან გამომდინარე, უკვე თვითონ ქალები ძალადობენ გოგონებზე და მათ პატრიარქალური წყობის მორჩილ ყმებად აყალიბებენ. ერთი სიტყვით, მეგობრებმა ფალოცენტრული “საზოგადოების” სისტემური სიმახინჯეები დაუსახელეს. ამის მიღება ძალზე რთულად ეჩვენა, რადგან აღზრდა და მშობლების გავლენა-ავტორიტეტი ეწინააღმდეგებოდა მეგობრების თვალსაზრისს ცნობიერების გამოღვიძების შესახებ.
მეგობრებმა სკეპტიციზმი შეატყვეს და მიყუჩდნენ. წამით სიჩუმე ჩამოწვა და სწორედ ამ დროს გაახსენდა სამივე მეგობრის ბავშვობა, ტრადიციების მორჩილება, დედობისთვის, როგორც უზენაესი პრივილეგიისთვის მზადება. საკუთარ თავს ეკითხებოდა, თუ რა დაემართათ ამ სულით და ხორცით ქართველ გოგონებს. პასუხს ადვილად ვეღარ პოულობდა. რამდენიმე აზრმა ერთად შეუტია.
როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობრებს სჩვევიათ, საუბარში ბევრ თემას შეეხნენ. აღმოჩნდა, რომ სექსუალური ცხოვრებით სამივე უკმაყოფილო იყო. საშინლად გააკრიტიკეს კაცის ეგოიზმი სექსში და მასპინძელთან მუდმივი უორგაზმობა დაიჩივლეს. გაკვირვებული ადევნებდა თვალს ეშხში შესულ მეგობრებს, თვითონ არ ჰქონდა მსგავსი პრობლემა: მამრი ყოველთვის ზრუნავდა მის ორგაზმზე, მაგრამ მაინც გაახსენდა, რომ მამრმა ბევრი დათმობის შედეგად მიაღწია ამას. პირველი კუნილინგუსის შემდეგ, მამრს ორი დღე არ სძინებია, მადა დაკარგა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა; შელახულმა ეროვნულ-კაცურმა პატივმოყვარეობამ არ მოასვენა. ერთხელ კიდევ ტამპონზე აშკარად იეჭვიანა მამრმა, თორემ მთლიანობაში ყველაფერი რიგზე იყო. კამა-სუტრას რამდენიმე პოზაც კი ჰქონდათ ამობეჭდილი შავ-თეთრი პრინტერით.
მეგობრებს ისიც არ დაუმალა, რომ სექსუალური ურთიერთობის დაწყებისას, ანუ ქორწინების პირველი წელი, მხოლოდ ერთი პოზით გადააგორეს: თვითონ ვერ უბედავდა მამრს, მამრი კი ვერ უბედავდა მას, და იყო ერთი ტრაგიკომედია, სანამ დებოში არ მოუწყო.
– ისე, კაცები ღირსები არიან, საერთოდ უარი ვუთხრათ სექსზე! – წამოიძახა ერთ-ერთმა სტუმარმა. ყველა გულიანად ახარხარდა, მაგრამ გულის სიღრმეში, ერთადერთ გამოსავლად მხოლოდ ეს წარმოედგინათ, – სწორედ იმ როლზე, “ფუნქციაზე” უარის თქმა, და პროტესტის ასეთი სახით გამოხატვა, რომელიც ასე უნამუსოდ დაუკანონა ფალოცენტრულმა ცნობიერებამ.
ქალის იძულებით ფუნქციაზეც ისაუბრეს. თავიდან ხუმრობით დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ლოკალური ფემინისტური მოძრაობა წამოეწყოთ სახელით “მოგიწევს ჩამოკვრა, სანამ ჩემს უფლებებს არ აღიარებ!”. ეს იქნებოდა ერთგვარი მიმართვა ყველა მამრისადმი. გულიანად იცინეს და შეთანხმდნენ, რომ ამ იდეას მომავალში აუცილებლად განახორციელებდნენ.
სწორედ იმ ოთახში, 8 მარტიდან რამდენიმე დღეში, გაზაფხულის მშვენიერ დღეს, საფუძველი დაედო ქალთა საყოველთაო მოძრაობას, რომელთა ავტორებსაც უკვე გვიან, ეკლესია აპოკალიფსის ოთხ მხედარს უწოდებდა. მოგვიანებით, მიზოგინების მთელმა არმიამ, ვასაძის მეთაურობით, ხანგძლივი უსექსობის გამო, თავისივე ქრონიკულად ერეგირებული ფალოსით, სეპუკუ გაიკეთა მეტეხის ხიდზე.