სტატიები / ქალზე ძალადობა

კაცის სისუსტის დაცინვა

ავტორი: კილი ვაისი Keely Weiss

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ კაცები და ბიჭები გაცილებით სხვა სტანდარტებს მისდევენ, ვიდრე – ქალები და გოგონები. მათი სტანდარტები ახალისებს აგრესიას და ეწინააღმდეგება ემოციურ გამოხატვას.

#MeToo-ს შემდგომი ეპოქის ფრაზას „ტოქსიკური მასკულინობა“ ბევრი მომენტი აღარ ჰქონია. მაგრამ, მიუხედავად ჩვენი საუბრებისა მკაცრ გენდერულ როლებსა და ჰიპერმაჩო პოზიციონირებაზე, ტოქსიკური მასკულინობის შესახებ არსებული ამჟამინდელი დისკურსის დიდი ნაწილი ვერ ამჩნევს პრობლემის ამ საკვანძო ელემენტს: კაცურ სისუსტეს.

კაცური სისუსტე გაცილებით ღრმაა, ვიდრე ემოციების გამოხატვის მიმართ წინააღმდეგობა. ეს არის „არას“ მიღების უარი, იმის მიღების უუნარობა, რომ ვიღაცას რაღაცის უფლება არ აქვს, დაცინვისა და გაუფასურების იძულებითი ზიზღი.

ჩვენი საზოგადოება იმის ირგვლივ ტრიალებს, რომ ადამიანებს გაურკვევლობისგან რაც შეიძლება დიდი სარგებელი ჰქონდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის ძნელი მისახვედრია, თუ როდის ცდებიან.

ხომ გსმენიათ მარგარეტ ეტვუდის ხუმრობა იმის შესახებ, თუ როგორ ეშინიათ კაცებს, რომ ქალებმა არ დასცინონ, ხოლო ქალებს კი იმის, რომ კაცებმა არ დახოცონ? ეს ორი რამ ურთიერთკავშირშია. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ თუ ქალი კაცზე იცინის, ეს უკანასკნელი მას ამის გამო მოკლავს.

გგონიათ, რამეს ვამლაშებ? მოდით, ელიოტ როჯერსი გავიხსენოთ, რომელმაც 2014 წელს აილენდ ვისტაზე მკვლელობები ჩაიდინა. მან მანიფესტი დაწერა, სადაც განმარტავდა, რომ მისი დანაშაულები სექსუალური და სოციალური მიუღებლობით იყო განპირობებული. გადახედეთ ინსელების კულტურას – ადამიანებმა მთელი მსოფლმხედველობა ააგეს მიღებული უარის ირგვლივ, რათა მათ გარშემო არსებულ უსიამოვნებებზე პასუხისმგებლობა არ აეღოთ. ანდა, უბრალოდ დაგუგლეთ „კაცი ესვრის ქალს“ და იხილეთ შედეგები.

კაცური სისუსტის ჩვენეული აღიარება კარგად ჩანს ნამდვილი კრიმინალის ჟანრის აღორძინებაშიც, რომელიც ძირითადად ქალების დამაზიანებელ კაცებზე გვიამბობს. პოდკასტები და დოკუმენტური ფილმები ერთნაირად ამახვილებენ ყურადღებას მოძალადე დამნაშავეთა ტრაგიკული წინაისტორიების აღწერაზე. როდესაც ჩვენ ტედ ბანდიზე ვსაუბრობთ, ყურადღებას ვამახვილებთ ქალების მოხიბვლის მისეულ უნარზე; როცა ედმუნდ კემპერს ვახსენებთ, აუცილებლად ხაზს ვუსვამთ მის ზებუნებრივ ინტელექტს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავურბივართ უკიდურესად მყიფე საერთო ძაფის ხსენებას, რაც მკვლელების უმრავლესობას აერთიანებს: სიცილის მიღების პათოლოგიურ უუნარობას.

თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაში, რომ კაცების სისუსტე სასიკვდილოა, და რომ ეს ფაქტობრივად ქალებს კლავს, – შედეგად გაჩენილი კითხვა უკვე აშკარა ხდება: და რა ვქნათ ახლა?

პასუხი ასევე აშკარაა, და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენ მანამ ვილაპარაკებთ, ვიდრე თხრობა არ შეიცვლება. ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ ვუთხრათ „არა“ კაცებს, აღარ ავარიდებთ თავს მათ ხინჯებზე საუბარს და, რაც შესაძლოა, ყველაზე მთავარი იყოს, – ჩვენ გავბედავთ და დავცინებთ მათ დელიკატურობას.

როგორც რეჟისორი, მე განსაკუთრებით ერთგული ვარ ამ ბოლო ნაბიჯის. ჩემი მომდევნო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გამგზავრება სუბარუსში ბიჭებთან ერთად“ (Riding in Subarus with Boys) – ნამდვილი კრიმინალურ ჟანრში იქნება გადაწყვეტილი, და აჩვენებს იმ სასაცილოდ არადამაჯერებელ მიზეზებს, რომელთა გამოც კაცები იძულებულნი არიან, სახიფათონი იყვნენ უკვე თავიდანვე. ფილმი პირქუშ, ამავდროულად სახალისო ისტორიაზეა აგებული: გოგონა სამოგზაუროდ მიდის პოტენციურ სერიულ მკვლელთან ერთად და იძულებულია, ჩააცხროს თავისი ეგო, რათა სიცოცხლე გარდაირჩინოს.

მომავალ ფილმზე რეაქციამ ბევრ რამეს ნათელი მოფინა ჩემთვის: კაცები, რომლებმაც ეს ყველაფერი თავიანთ თავებზე მიიღეს, საშინელ კარიერას მისურვებენ იმის დაშვების გამო, რომ თანამედროვე მასკულინობაში ყველაფერი რიგზე ვერაა.

მარგარეტ ეტვუდი მართალი იყო: კაცებს დაცინვის სიკვდილივით ეშინიათ. ბოლოს და ბოლოს, რაღაცაზე სიცილი იმას ნიშნავს, რომ მისი სერიოზულად მიღება არ ღირს, ხოლო კაცის სისუსტე სახიფათოა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ყველანი ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით.

ამ ნეგატიური კომენტარების ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ჩემს თვალსაზრისს განამტკიცებენ. ბიჭები, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ იჟიმაონ, არ წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების ყველაზე საუკეთესო ნაწილს. კაცის ეგო წმინდათაწმინდა ობიექტი არაა. და არავინ უნდა დახარჯოს დრო და ენერგია კაცის ირგვლივ თითის წერებზე სიარულში მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს ხუმრობის მიღება არ შეუძლია.

msmagazine.com