სოფელ ტილუა-ლე-მარშიენში, საფრანგეთის ჩრდილოეთით, მერის პოსტზე მარი კო (Marie Cau), ტრანსგენდერი ქალი, აირჩიეს.
“ადამიანებმა ხმა არა ჩემი ტრანსგენდერობის გამო, არამედ ჩემი პროგრამისა და ფასეულობების გამო მომცეს. მოსახლეობას ცვლილებები სწყურია”, – განაცხადა მარიმ. უკვე ოცი წელია, რაც იგი ტილუა-ლე-მარშენში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობს. მისი თქმით, ახალ პოსტზე მუშაობისას, პანდემიისა და მცირე ბიუჯეტის გამო, უამრავი წინაღობა ელის.
ახალი მერი ამბობს, რომ სოფლის მცხოვრებთაგან დისკრიმინაცია არასოდეს უგრძვნია, თუ არ ჩავთვლით “ერთ-ორ გადაცდომას”. იგი იმედს გამოთქვამს, რომ მალე მის გენდერულ იდენტობას ადამიანები ყურადღებას აღარ მიაქცევენ, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი არჩევა ძალზე მნიშვნელოვანია ტრანსგენდერი ადამიანების სოციალურ ცხოვრებასა და პოლიტიკაში ჩართვის კუთხით.
მარლენ შიაპამ, სახელმწიფო მდივანმა გენდერული თანასწორობის საკითხებში, მარის მიულოცა და მხარი დაუჭირა ტვიტერის მეშვეობით: “ტრანსხილვადობა და შესაბამისად, ტრანსფობიასთან ბრძოლა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულებას გულისხმობს. ვულოცავ მარი კოს!”.
პრესაში აღნიშნავენ, რომ კოს არჩევა საფრანგეთში ანტილგბტ განწყობების მომატების ფონზე მოხდა. ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, ჰომოფობიითა და ტრანსფობიით მოტივირებულ დანაშაულთა რიცხვი 2019 წელს 36%-ით გაიზარდა. ამასთან, ლგბტ+ ორგანიზაციების განცხადებით, ეს მონაცემები რეალობას ვერ ასახავს, რადგან პოლიციას ბევრი მსხვერპლი საერთოდ არც მიმართავს.