სექსუალური შევიწროება

მიუნხენის ხელისუფლება ქალებს ტაქსით მგზავრობის ღირებულებას უნაზღაურებს

1 მარტიდან, მიუნხენის ხელისუფლებამ საპილოტე პროექტი ჩაუშვა – იგი ქალებს ღამის საათებში ტაქსით მგზავრობის გადასახადის ნაწილს უნაზღაურებს. ქალაქის მმართველობამ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ ქალებმა ღამის საათებში გადაადგილებისას თავი მეტად უსაფრთხოდ იგრძნონ და ტაქსის მაღალმა ღირებულებამ მათ ამ ტრანსპორტით მგზავრობაზე უარი არ ათქმევინოთ.

ხუთევროიანი სპეციალური ვაუჩერის მიღება ყველა ქალს შეუძლია 16 წლის ასაკის ზემოთ – როგორც გერმანიის მოქალაქეს, ასევე – ტურისტს. ფასდაკლება მოქმედებს 22:00-დან 06:00-მდე დროით მონაკვეთში.

ვაუჩერის მიღება ქალაქის რატუშის ოფიციალურ ცენტრშსა და მოსახლეობის მომსახურების ცენტრებში, ე. წ. Bürgerbüro-ებშია შესაძლებელი. ერთ ჯერზე, სამი სერთიფიკატი გაიცემა, მაგრამ ერთი მგზავრობისას მხოლოდ თითოს გამოყენებაა შესაძლებელი.

Deutsche Welle-ს მონაცემებით, მიუნხენი პირველი გერმანული ქალაქია, რომელმაც მსგავსი ინიციატივა განახორციელა, – მის დასაფინანსებლად მილიონი ევროა გამოყოფილი. თუ პროგრამა ეფექტურად იმუშავებს, ხელისუფლება მობილურ აპლიკაციას შექმნის, რომელიც ქაღალდის ვაუჩერებს ჩაანაცვლებს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, უცნობია, შეეშლება თუ არა ხელი დასახელებული პროექტის ეფექტურ მუშაობას, თუმცა, მიუნხენელი ქალები, ჯერჯერობით, მას წარმატებით იყენებენ.

thesaxon.org