სექსუალობა / სტატიები

პარიზის ორსეს მუზეუმში დეკოლტეიანი გოგონა არ შეუშვეს

პარიზის ორსეს სახვითი ხელოვნების მუზეუმი, სადაც XIX საუკუნის შიშველი ნატურის ამსახველი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები ინახება, იძულებულია, მოიხადოს ბოდიში, რადგან აქ დეკოლტეს გამო მნახველი არ შეუშვეს.

პარიზის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტმა ჟანმა მეგობართან ერთად მუზეუმის მონახულება გადაწყვიტა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ მას შიგნით შეშვებაზე პრობლემას შეუქმნიდნენ.

მუზეუმის თანამშრომლებმა და დაცვამ, წესების მოშველიებით, გოგონას “ზედმეტად ღია” კაბაზე მიუთითეს და შიგნით მხოლოდ მას შემდეგ შეუშვეს, რაც ეს უკანასკნელი აიძულეს, პიჯაკი მოეცვა.

ჟანმა ამ შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელებში დაწერა და თან დაურთო ფოტო, სადაც აღბეჭდილია, როგორ გამოიყურებოდა მუზეუმში შესვლამდე. მისი თქმით, იმ დღეს პარიზში სიცხე იყო. გარდა ამისა, ორსეს მუზეუმის თანამშრომლებმა მას ვერ აუხსნეს, კონკრეტულად რომელი წესი დაარღვია თავისი ჩაცმულობით. “წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ჩემი დეკოლტე რაიმე სახის უთანხმოების საფუძვლად შეიძლებოდა, ქცეულიყო”, – ამბობს ჟანი. მის მეგობარს მოკლე მაისური ეცვა და ჭიპი უჩანდა, თუმცა, დაცვის ყურადღება ამჯერად მხოლოდ მისმა მკერდმა მიიპყრო.

“არა, არა, მე შიგნით ვერ შეგიშვებთ! ეს აკრძალულია, ეს მიუღებელია”, – უთხრეს ჟანს მუზეუმის შესასვლელში. “ჩემი მკერდი თურმე “ეს” ყოფილა. თავდაპირველად, პიჯაკის ჩაცმა არ მინდოდა, თავს უხერხულად ვგრნობდი, მრცხვენოდა. ყველა ჩემს მკერდს უყურებდა, თითქოს რაღაც სექსუალური ობიექტი ვყოფილიყავი”, – იხსენებს გოგონა.

ჟანის პოსტი ტვიტერზე ელვის სისწრაფით გავრცელდა. მუზეუმი იძულებული გახდა, პასუხი გაეცა.
“ჩვენ ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო და ამ ადამიანს ბოდიშს ვუხდით”, – განაცხადა მუზეუმმა ტვიტერზე.

ჟანს პირადადაც მოუხადეს ბოდიში, თუმცა მას მიაჩნია, რომ მათ არ აღიარეს ინციდენტის სექსისტური და დისკრიმინაციული შინაარსი. ასევე გაურკვეველი რჩება, რა წესებზე დაყრდნობით არ უშვებდნენ მას მუზეუმში.

შეგახსენებთ, რომ მუზეუმში შიშველი ნატურის ამსახველი ბევრი ლეგენდარული ნამუშევარი ინახება.

france3-regions.francetvinfo.fr