ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, სულ უფრო და უფრო მეტი ქალი იღებს ხმას, მის წინააღმდეგ განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოსააშკარავებლად. ინსტაგრამში სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ფლეშმობი #MyJobShouldNotIncludeAbuse („ჩემი სამსახური ძალადობას არ უნდა მოიცავდეს“). კამპანიის სულისჩამდგმელი ამერიკელი მოდელი და აქტივისტი კემერონ რასელია (Cameron Russell). ზემოთხსენებული თეგის ქვეშ, კემერონი მოდის ინდუსტრიაში არსებული სექსუალური შევიწროებებისა და ძალადობების ანონიმურ და ღია ისტორიებს აგროვებს. „თეგის #MyJobShouldNotIncludeAbuse გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ სექსუალური შევიწროების თქვენეული გამოცდილების შესახებ ანონიმურად ან საჯაროდ საუბარი. ბოლოს და ბოლოს, მოდის ინდუსტრიამ პრობლემის მთელი მასშტაბი უნდა იხილოს“, – წერს მოდელი.
დღესდღეობით, რასელმა შვიდ ათეულზე მეტი ისტორია შეაგროვა, რომელთა გავრცელებაც მეგობრებსა და კოლეგებს სთხოვა. კემერონს ამ წამოწყებაში მხარი აუბეს მოდელებმა ემბერ ვალეტამ (Amber Valletta), ლილი ოლდრიჯმა (Lily Aldridge), ვიტორია ჩერეტიმ (Vittoria Ceretti), ანია რუბიკმა (Anja Rubik), კემპბელ ედიმ (Campbell Addy), კარენ ელსონმა (Karen Elson), ფოტოგრაფებმა ინესმა და ვინუდმა (Inez & Vinoodh), ასევე მოდის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებმა.
ადრე, საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ კარლა ბრუნიმ (Carla Bruni) განაცხადა, რომ „მოდის სამყაროში სექსუალური შევიწროება არ არსებობს“. „მოდა შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული სფეროა, სადაც მუშაობა მართლაც რომ უსაფრთხოა. ადამიანები აქ გოგონებს არ ავიწროებენ, მათ უბრალოდ ფოტოებს უღებენ. აქ ნამდვილად ჯანსაღი ატმოსფერო სუფევს“, – აცხადებდა ბრუნი.