"საფარის" საქმეები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ “საფარის” საჩივარი დააკმაყოფილა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ნანუკა ჟორჟოლიანმა დისკრიმინაციის წახალისების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას კავშირმა “საფარმა”, გრიგოლ ჩიქოვანმა და ნინო ჩიქოვანმა მომართეს. მხარეები სადავოდ ხდიდნენ მთავარ არხზე, 2020 წლის 11 მარტს გასულ გადაცემას “ნანუკას შოუს”, რომელიც ხაშურში 05 მარტს მომხდარ შემთხვევას – ყოფილი ქმრის მიერ, ცოლის ცივი იარაღით დაჭრას ეხებოდა.

ტელეწამყვანმა სტუმრად ბრალდებულის დედა მოიწვია. შესავალში აღნიშნა, რომ გადაცემაში მოიწვია არა მსხვერპლი, არამედ – მკვლელობაში ბრალდებულის დედა. „დღეს ჩვენ ამ ამბავს მედალიონის მეორე მხრიდან შევხედავთ“, – განმარტა მან.

„ძალიან ძნელია, მაყურებელს მოუყვე, თუ როგორ გადაწყვიტა შვილმა თავისი ყოფილი ცოლის მოკვლა“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა და მოძალადის დედასთან ერთად დაწვრილებით შეუდგა მსხვერპლის პირადი ცხოვრების განხილვას – თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა მას ყოფილ ქმართან, შვილებთან, „საყვარელთან“, რომელსაც მოძალადის დედა საუბარში არაერთხელ ახსენებს.

მოძალადის დედამ დეტალურად ისაუბრა:

– თუ როგორ სცემდა მისი ყოფილი რძალი მცირეწლოვან ბავშვს ტელეფონის სატენი ელექტროსადენით, და როგორ აპროტესტებდა ამას მისი ვაჟი;

– რომ რძალმა 11 თვის და 4 წლის ბავშვები მიატოვა და სახლიდან წავიდა;

– რომ ამის შემდეგ, პოლიციის ძალით, ყოფილმა რძალმა ბავშვები წაიყვანა, მაგრამ შინ მისულს, მამამ ბავშვების შენახვაზე უარი განუცხადა და ქალმა ბავშვები კვლავ ყოფილ დედამთილს მიუყვანა;

– რომ ყოფილი რძალი თურქეთში იყო ერთი წლის მანძილზე წასული, მაგრამ ბავშვები არც ერთხელ მოუკითხავს და არც ერთი ლარი გამოუგზავნია მათთვის;

– რომ თურქეთიდან ჩამოსვლიდან ორი კვირის შემდეგაც კი, ყოფილ რძალს ბავშვები არ მოუკითხავს;

– რომ მისმა შვილმა ბავშვები სანახავად დედას თავად მიუყვანა;

– რომ მის ვაჟს ყოფილი ცოლი ძალიან უყვარდა და ხშირად იმეორებდა, ბავშვებს დედა უნდათო;

– რომ ბავშვებს დედა ძალიან ენატრებოდათ, დედას კი ისინი არ აინტერესებდა;

– რომ ყოფილ რძალს მის ვაჟთან შერიგება კატეგორიულად არ სურდა;

– რომ ბაკურიანში სამუშაოდ წასულმა ყოფილმა რძალმა მისი ვაჟი სალაპარაკოდ დაიბარა, მაგრამ იქ მისულს დაემალა, შემდეგ კი ამაზე დასცინა;

– რომ თავისი კომენტარებით, ყოფილი რძალი მის შვილს აღიზიანებდა.

გადაცემაში ძალადობის მსხვერპლი ქალის და მისი მცირეწლოვანი ბავშვების პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროება უხეშად არღვევს არღვევს ეთიკის ქარტიის მეათე სტანდარტს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ.

გადაცემაში მოწვეული რესპონდენტის ნათქვამის გადაუმოწმებლად ტირაჟირებით და ბავშვების პერსონალური მონაცემების გაჟღერებით ჟურნალისტმა არ შეაფასა ასეთი გაშუქებით ბავშვებისთვის ზიანის მიყენების საკითხიც.

…ფემიციდის გაშუქებას არანაირი მეორე მხარე არ აქვს, რომელიც შეიძლება ჟურნალისტმა იკვლიოს. მეორე მხარის, ანუ ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის ჩამდენი პირის პოზიციის კვლევა, ავტომატურად ნიშნავს დანაშაულის გამამართლებელი პოზიციის ძიებას და დისკრიმინაციის წახალისებას.

…გადაცემაში ორი მხარე არც ყოფილა წარმოჩენილი. ეთერი სრულად დაეთმო ბრალდებულის დედას, რომელსაც მიეცა საშუალება, გაეკეთებინა ცილისმწამებლური და დამამცირებელი განცხადებები მსხვერპლის პირადი ცხოვრების შესახებ, მსხვერპლის მხარე კი წარმოდგენილი საერთოდ არ ყოფილა გადაცემაში.

გადაცემაში არაერთხელ გაჟღერდა მოძალადის მხარდამჭერი და დანაშულის გამამართლებელი განცხადებები, არსებული სურათის ცალმხრივად წარმოჩენისა და ქალზე ძალადობასა და ფემიციდთან დაკავშირებული სტერეოტიპული განწყობების წახალისების ტენდენცია, რითიც დაირღვა ჟურნალისტური ქარტიის მეშვიდე პრინციპი დისკრიმინაციის წახალისების საფრთხეზე“, – ვკითხულობთ საჩივივარში.

გადაცემის ჩანაწერი შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე (23:40-დან 39:40-ის ჩათვლით).

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

წყარო: qartia.ge