თანასწორობის პოლიტიკა / სტატიები

ნაომი ოსაკა რასიზმის წინააღმდეგ: მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის ისტორია

გუშინწინ US Open დაიწყო – აშშ-ის ღია პირველობა ჩოგბურთში. სპორტსმენი ნაომი ოსაკა (Naomi Osaka) მატჩზე ბრეონა ტეილორის (Breonna Taylor) სახელიანი პირბადით გავიდა. ტეილორი აფროამერიკელი მედდა იყო, რომელიც პოლიციელებმა თავისსავე ბინაში ჩაცხრილეს (ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმის გამოძიებისას, ისინი ტეილორის ბინაში ისე შეიჭრნენ, რომ ქალი ეჭვმიტანილიც კი არ ყოფილა). ბრეონას მკვლელობიდან რამდენიმე თვე გავიდა, თუმცა მისი სიკვდილის გამოძიების საკითხი ადგილიდანაც არ დაძრულა.

ეს ჩოგბურთელის პირველი პოლიტიკური ჟესტი როდია: აგვისტოში მან აფროამერიკელების უფლებების დამცავი მოძრაობის, Black Lives Matter-ის, შესახებ ისაუბრა. აშშ-ის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პორტლენდსა და მინეაპოლისში, პროტესტების ახალი ტალღა დაიწყო. ამერიკელმა კალათბურთელებმა, ბეისბოლისა და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეებმა ასევე გამოხატეს ანტირასისტული პროტესტი და თამაშებზე ბოიკოტი გამოაცხადეს.

პროტესტის მონაწილეთა შორისაა ნაომი ოსაკაც. მან თავიდანვე გამოაცხადა ტვიტერზე, რომ ტურნირ Western & Southern Open-ის ნახევარფინალში მონაწილეობაზე უარს იტყოდა, რისი მეშვეობითაც აუდიტორიას აფროამერიკელების პრობლემებზე კიდევ ერთხელ დაფიქრებას მოუწოდებდა. მოგვიანებით, მან მატჩში მონაწილეობა მაინც მიიღო, რადგან ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ რასიზმის და უთანასწორობის პრობლემის დასაფიქსირებლად, მატჩი ერთი დღით გადადო.

ნაომი ოსაკას სახელი მათთვისაც ცნობილია, ვინც ჩოგბურთში ცუდად ერკვევა. იგი შერეული წარმოშობისაა – დედა იაპონელი ჰყავს, მამა კი – ჰაიტელი. პროფესიული კარიერა ნაომიმ 2013 წლიდან დაიწყო. 2016 წელს იგი წლის მოვლენად აღიარეს. იმავე წელს, იგი მსოფლიო ქალი ჩოგბურთელების 40-ეულში მოხვდა. 2018-ში იგი Indian Wells Masters-ის გამარჯვებულია, შემდეგ – დიდი სლემის ორგზის გამარჯვებული. 20 წლის ასაკში მან უკვე US Open მოიგო, ოცდაერთისამ კი – Australian Open.

ამა წლის გაზაფხულზე, ნაომი ოსაკა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა. გასულ წელს, საპრიზო ჰონორარებისა და სარეკლამო კონტრაქტების მეშვეობით მან 37,4$ მილიონი გამოიმუშავა, – 1,4 მილიონით მეტი, ვიდრე სერენა უილიამსმა.

ნაომი იაპონიაში არსებულ რასიზმზეც საუბრობს, რაც, მისი აზრით, გაცილებით ნაკლებად შუქდება, ვიდრე, ვთქვათ, აშშ-ში არსებული. ამასთან, ქსენოფობიის საკითხი, მისი თქმით, გაცილებით რთულადაა მოწყობილი: ევროპული გარეგნობის ადამიანი დადებითად აღიქმება, მაშინ, როდესაც აფროამერიკელი ან კორეული წარმოშობის ადამიანების მიმართ უკვე წინასწარგანწყობებით აღსავსე დამოკიდებულებები შეიმჩნევა.

„მე ვიცი, რომ ჩოგბურთს მთელ მსოფლიოში უყურებენ, და, შესაძლოა, რომელიმე მაყურებელს ბრეონა ტეილორის ამბავი არც გაუგია. იქნებ ამის შემდეგ მაინც დაგუგლონ ადამიანებმა მისი სახელი. ჩემთვის ინფორმაციის გავრცელება ძალზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ რაც მეტი ადამიანი იცნობს საქმის არსს, მით მეტი დაინტერესდება ამით“, – განაცხადა ნაომიმ გუშინწინდელი მატჩის შემდეგ.

ნაომი ამბობს, რომ მომავალშიც აპირებს აფროამერიკელების წინააღმდეგ პოლიციური ძალადობის გაპროტესტებას. თითოეულ მატჩზე იგი ახალი მსხვერპლის სახელით აღბეჭდილი პირბადით გამოცხადდება. „სამწუხაროა, რომ შვიდი პირბადე საკმარისი არაა, რათა ყველას სახელი აღიბეჭდოს, – ამბობს სპორტსმენი, – ვიმედოვნებ, ფინალამდე გავალ და ყველას ხილვას მოახერხებთ“.

vogue.com