სტატიები

ნასას შტაბბინას მერი ჯექსონის სახელი მიენიჭა

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (ნასა) მერი ჯექსონის სახელი მიენიჭა.

ჯექსონმა ნასაში მუშაობას 34 წელი შეალია. იგი პირველი შავკანიანი ქალი იყო, რომელიც აქ ინჟინერის თანამდებობაზე მუშაობდა.

მერი ჯექსონი 2005 წელს გარდაიცვალა, 84 წლის ასაკში. მისი ცხოვრების ისტორია ასახულია 2016 წელს გამოსულ ფილმში „დამალული ფიგურები“ (Hidden Figures). 2019 წელს, მერის გარდაცვალების შემდეგ კონგრესის ოქროს მედალი მიენიჭა – აშშ-ში უმაღლესი  ჯილდო.

„ჩვენ პატივს მივაგებთ ქალების, აფროამერიკელების და ნებისმიერი წარმოშობის ადამიანების წვლილს, ვისი წყალობითაც, ნასას ისტორია ასეთი წარმატებული გახდა. მერი ჯექსონმა ბარიერების ნგრევას და აფროამერიკელებისთვის და ტექნოლოგიებისა და კონსტრუირების სფეროში ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას შეუწყო ხელი”, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯიმ ბრანდენსტაინმა.

„დედა მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, მეუღლე და პიონერი იყო, რომელმაც ათასობით ადამიანს გაუკვალა გზა არა მხოლოდ ნასაში, არამედ – ცხოვრების ყველა სფეროში“, – დასძინა მერის ქალიშვილმა ჯექსონ კეროლაინ ლუისმა.

მერი ჯექსონი 1921 წელს დაიბადა სამხრეთის ერთ-ერთ შტატში, ვირჯინიაში. აქ მაშინ ჯერ კიდევ მძვინვარებდა რასობრივი სეგრეგაცია და აფროამერიკელების უდიდესი უმრავლესობა სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობდა.

გოგონამ წარჩინებით დაამთავრა შავკანიანებისთვის განკუთვნილი საშუალო სკოლა და მათემატიკისა და ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო ჰემპტონის უნივერსიტეტში, სადაც იმ დროს მხოლოდ შავკანიანი სტუდენტები სწავლობდნენ. მერი მუშაობდა მასწავლებლად, კლერკად, 1951 წელს კი მუშაობა დაიწყო აერონავტიკის ეროვნულ საკონსულტაციო კომიტეტში (1958 წლიდან – ნასა).

მის პოზიციას „მკვლევარი მათემატიკოსი“ ეწოდებოდა. მსგავს სპეციალისტებს დიდი რაოდენობით ქირაობდნენ, უამრავი გამოთვლის საწარმოებლად. საბოლოოდ, ეს კადრები კომპიუტერებმა ჩაანაცვლა.

ამ დროისთვის, თეთრკანიანები და შავკანიანები სხვადასხვა ოთახებში მუშაობდნენ.

ორ წელიწადში, ნიჭიერ თანამშრომელს ყურადღება მიაქცია კაზიმეჟ ჩარნეცკიმ აეროდინამიკისა და ზებგერითი სიჩქარეების განყოფილებიდან და იგი აერიდინამიკურ მილზე სამუშაოდ მიიწვია, რომელიც თვითმფრინავების დატვირთვის იმიტაციისთვის იყო განკუთვნილი.

1958 წელს, მერი ჯექსონი უკვე ნასას ინჟინერია. ამისათვის, მას მათემატიკის მაგისტრის ხარისხი სჭირდებოდა. მის მისაღებად, მერიმ ორი წელი ისწავლა ვირჯინიის „თეთრ“ უნივერსიტეტში – განსაკუთრებული შუამდგომლობის გამო დაშვებული გამონაკლისის სახით.

ჯექსონი ნასას სხვადასხვა ქვედანაყოფში კიდევ 21 წლის მანძილზე მუშაობდა. მას გამოქვეყნებული აქვს 12 მონოგრაფია. შემდეგ, იგი გადავიდა იმ დროისთვის ახალშექმნილ თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის განყოფილებაში, სადაც ქალებსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში ახალგაზრდა ტალანტებს ეძებდა.

მერი ჯექსონი აშშ-ში მეცნიერებისა და კოსმოსის კვლევის ცნობილი პოპულარიზატორი იყო და 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა გერლსკაუტების მოძრაობაში.

nasa.gov