ბლოგები

მე არ მინდა, ვიყო ფემინისტი!

ავტორი: ნინა სოკოლოვა

ნება მომეცით, დავიწყო აღიარებით:
«მე არ მინდა, ვიყო ფემინისტი!»

დიახ, თქვენ სწორად წაიკითხეთ…

#MeToo მოძრაობის ფენომენალური ზემოქმედების შედეგად, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარ თავს უწოდებს ფემინისტს,
მიუხედევად ამისა, «მე არ მინდა, ვიყო ფემინისტი».
ისევ არ მოგესმათ…

არა, მე არ გადავსულვარ ჯგუფში, სადაც ქალებს არ სჭირდებათ ფემინიზმი იმიტომ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში დაიბადნენ…

თუ მე არ მსურს, ფემინისტი ვიყო, ეს არ ნიშნავს, რომ ფემინიზმი აუცილებელი არ არის, – პირიქით !

ბოლო ფემინისტურმა ბრძოლებმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების ხელახლა წამოჭრა და მათი სწორედ წარმართვა ჩვენს ქვეყანაში. უზარმაზარი გამბედაობის მქონე ქალების დუმილის დარღვევის შემდეგ, საზოგადოება იძულებულია, დაინახოს სექსუალური ძალადობის მასშტაბები, თუმცა აღიარებისგან ჯერ ისევ შორს ვართ.

მსოფლიოს მასშტაბით მსვლელობები თუ დემონსტრაციები გამრავლდა პარიზიდან სტამბოლამდე, მოსკოვიდან ბუენოს-აირესამდე, ოჯახური ძალადობისა და ფემიციდის გასაპროტესტებლად.

ფემინიზმი დღეს აუცილებელია, სასიცოცხლოდ!

თქვენც გჭირდებათ ეს და მეც, თუმცა, მე მაინც არ მინდა ვიყო ფემინისტი…

“ჩვენ ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ”, – აცხადებს ბრწყინვალე ნიგერიელი მწერალი Chimamanda Ngozi Adichie თავის საერთაშორისო ბესტსელერში “Chere Ijeawele” (ძვირფასო იჟეველ).

დიახ, ჩვენ დანამდვილებით უნდა ვიყოთ!

ბევრ კაცს სჯერა, რომ უკვე საკმარისზე მეტი უფლებები გვაქვს, რომ უნდა მოვეშვათ “ფემინისტურ ისტერიკებს”,

თუმცა, რეალურად, ჩვენი საზოდაგოება იმყოფება ილუზიების, მითების და თვალთმაქცობების ტყვეობაში ქალთა უფლებების შესახებ.

ნუ გვავიწყდება,

ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ბევრი ქალი თუ კაცი ჯერ კიდევ სექსუალურ შევიწროებას განიხილავს, როგორც მამაკაცის ყურადღების გამოხატვას.

ეპოქაში, სადაც ოჯახში ძალადობა და ფემიციდი ხშირად გამართლებულია მამაკაცური ბუნებით.

ეპოქა, რომელშიც ტანსაცმლის კოდების შესრულების ვალდებულება აკისრია მხოლოდ ქალს, რასაც ხშირად “რელიგიურ მოკრძალებას” უწოდებენ და ამგვარ სამოსში ქალი წარმოდგენილია, როგორც ღირსების სიმბოლო.

არ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ ფემინისტები!

დღეს, ჩვენ ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ!

კი, უნდა ვიყოთ, მაგრამ მე არ მინდა, ვიყო…

– რატომ?

– რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ უფრო დიდი სოციალური ბრძოლა არსებობს, ვიდრე ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაა. არა!

არა, არც იმიტომ, რომ სხვადასხვა ფემინისტურ მოძრაობას შორის განხეთქილებებია და ხშირად შეუსაბამოებებს აქვს ადგილი.

«უნივერსალისტები», «ეკოლოგები», «ეგზისტენციალისტები»…

არა, არც ამისათვის. მაშინაც კი, თუ მირჩევნია, სახელებით აღვწერო ისინი, ვიდრე ზედსართავებით.

«მე არასოდეს მესმოდა ზუსტად, რა არის ფემინიზმი, – წერს რებეკა ვესტი 1913 წელს, – მე უბრალოდ ვიცი, რომ ხალხი ფემინისტს მეძახის, როდესაც გამოვხატავ იდეებს, რომლებიც განმასხვავებენ მე ხალიჩისგან».

მე არ მინდა, ვიყო ფემინისტი, რადგან მე არ უნდა მჭირდებოდეს, ვიყო ფემინისტი.

მე არ უნდა მჭირდებოდეს ბრძოლა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი გამოვხატო, როგორც ქალმა და ეს აზრი მთელი სერიოზულობით აღიქვას ჩემმა ოპონენტმა.

მე არ უნდა მჭირდებოდეს ბრძოლა იმისთვის, რომ ჩავიცვა ისე, როგორც მე გამიხარდება და ჩემი ჩაცმულობა არავის უგზავნიდეს არარსებულ მესიჯებს.

მე არ უნდა მჭირდებოდეს ბრძოლა, რომ ჩემმა ოჯახმა ისეთივე პირადი სივრცე დამიტოვოს, როგორც ჩემ ძმას.

მე არ უნდა მჭირდებოდეს ბრძოლა იმისთვის, რომ საზოგადოების ერთ-ერთ სრულფასოვან წევრად აღმიქვან.

მე არ უნდა მჭირდებოდეს ბრძოლა იმისთვის, რომ შევძლო მშვიდად ვიარო ქუჩაში ღამე, თუნდაც ძალიან გვიან.

მე არ უნდა მჭირდებოდეს ბრძოლა იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგძნო სახლში ჩემი ქმრის, ძმის თუ მამის გვერდით.

ეს ყველაფერი ხომ ასე უნდა იყოს, ჩემი ბრძოლის გარეშე?

საზოგადოება რატომ არ თვლის სწორად, რომ მე დამიცვას მოძალადისგან და არა – მოძალადე ჩემგან?

საზოგადოება რატომ მასწავლის თავის დახრას და კაცის მორჩილებას?

საზოგადოებას რატომ არ ეშინია შედეგების, როცა კაცის თანხმობას მთხოვს ჩემი საკუთარი ს ა შ ვ ი ლ ი ს ნ ო ს მილების გადაკეტვაზე?

საზოგადოება რატომ არ თვლის თავს ვალდებულად, გამიფრთხილდეს, როგორც მის ერთ-ერთ წევრს?

მხოლოდ იმიტომ, რომ ვაგინები გვაქვს, საზოგადოება უზარმაზარ მორალურ ტვირთს გვკიდებს. მოგეხსენებათ, ნამდვილად გვსურს, ვიყოთ ერთადერთი პასუხისმგებელი ჩვენს ვაგინაზე, ჩვენ და სხვა არავინ.

ბრიტანელი ჟურნალისტი ქიტლინ მორანი წერს: «რა არის ფემინიზმი? უბრალოდ იდეა იმისა, რომ ქალები ისეთივე თავისუფალნი უნდა იყვნენ, როგორც კაცები. მათ უნდა შეეძლოთ, იყვნენ შიშის გარეშე გიჟები, სუსტები, უიღბლოები, ცუდად ჩაცმულნი, მსუქნები, თმიანები, ცვალებადები, თუ ზარმაცები, – ყველაფერი, რაც მათ გაუხარდებათ”.

ეს ხომ მარტივია?

მაშასადამე, რატომაა, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ვიყო თავისუფალნი, რომ ვიყოთ ის, რაც რეალურად ვართ?

მაშინაც კი, თუ არ მსურს, ვიყო ფემინისტი, ჩემი უფლებების ყოველდღიური დაცვა ერთადერთი გამოსავალია ჩემთვის:

რადგან ჩემს ქვეყანაში მე, მსხვერპლი დამნაშავე ვარ ჩემსავე მსხვერპლობაში…

ჩემს ქვეყანაში მე ვიწვევ კაცებს დასარტყმელად, საგინებლად, გასაუპატიურებლად…

ჩემს ქვეყანაში ჩემი სხეული ჩემ გარდა ყველას ეკუთვნის…

ჩემს ქვეყანაში ჩემი აპკი ჩემი ადამიანობის ძირითადი განმსაზღვრელია…

ჩემს ქვეყანაში მე კარგად მხოლოდ ჩიხირთმა გამომდის და გენეტიკაში დედობა მიდევს.

ჩემს ქვეყანაში შეიძლება არც დავბადებულიყავი, იმიტომ რომ ქალი ვარ…

მაშინაც კი, თუ არ მსურს, ვიყო ფემინისტი, მე ვალდებული ვარ, ვიყო ფემინისტი!

მე ფემინისტი ვიქნები, ვიდრე:

ისინი არ შეწყვიტავენ ჩემი სხეულის კონტროლს,

ისინი არ მიმიღებენ, როგორც თანასწორს,

ისინი არ შეიგნებენ, რომ ჩემი პატიოსნება ჩემივე აპკით არ განისაზღვრება.

მე სასიცოცხლოდ მჭირდება, ვიყო ფემინისტი ახლა და აქ, იქამდე, ვიდრე არ მოვა დრო, გავხდე ყოფილი ფემინისტი ყოფილ პატრიარქალურ საზოგადოებაში.