წელიწადი და სამი თვეა, რაც ნინო თასოშვილი ქმარს, ვახტანგ თედიაშვილს, 5 წლის თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა, ოჯახში ძალადობის გაუსაძლისი პირობების გამო. ნინოსთვის ამ ნაბიჯის გადადგმა ძალზე რთული იყო, რადგან მან კარგად იცოდა, რომ მისი ქმარი წლების მანძილზე სუს-ის მაღალჩინოსნის, სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლის ვასილ ღონღაძის უშუალო მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. ღონღაძის სამსახურეობრივ მდგომარეობას თედიაშვილი ჩადენილი სამართალდარღვევების გამო პასუხისმგებლობისგან ბევრჯერ გადაურჩენია. განქორწინების შემდეგ, ნინოს და მის შვილს შვება არ უგრძვნიათ, რადგან მოძალადის მხრიდან მათ კვლავ დიდი ზეწოლის ქვეშ უწევდათ ცხოვრება. 15 დეკემბერს, „კოალიციამ თანასწორობისთვის“, პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც სახელმწიფოს ნინოს და ძალოვანი უწყებების სხვა თანამშრომლების მსხვერპლი ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის აღკვეთისა და დამნაშავეების სათანადოდ დასჯის მოთხოვნებმა გაიჟღერა.
ნინო თასოშვილი: ქმარს იმიტომ დავშორდი, რომ მასთან ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ჩემს თავს არ ვჩივი, ბავშვს ფსიქიკა მთლად შერყეული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე, იგი როგორც ფიზიკურ და სექსუალურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში მაცხოვრებდა, ჩემთვის ყველაზე ძნელი ასატანი მაინც მისი ბავშვის მიმართ მოპყრობა იყო. ბავშვზე უსაშინლესი ფორმებით ძალადობდა, იგი კოპებით და ჭრილობებით დადიოდა, ერთხელ თავზე მდუღარე წყალიც კი გადაასხა. ბაღის მასწავლებელი მეკითხებოდა, რა სჭირს ბავშვს, ასეთი დაზიანებული რატომ მოგყავთო.
დაშორების შემდეგ რა ფორმით გაწუხებდათ?
ეს ძალიან მძიმე ამბავია. ჩემი ყოფილი ქმარი მუდამ მიჩვეული იყო, რომ ჩვენ მიმართ ყველანაირ ძალადობა გასდიოდა. დაშორების შემდეგაც იგივე ქმედებები გააგრძელა, მთვრალი მოდიოდა ჩვენთან და გვაწიოკებდა. ბევრჯერ გამოვიძახე პატრული, მაგრამ ამაოდ. მისგან სრულიად დაუცველებს გვტოვებდნენ. ზუსტად ერთი თვის თავზე მივმართე პირველად 112-ის სამსახურს, როცა დილის 8 საათზე შემოგვივარდა უგონო მთვრალი სახლში და ჩაწვა ლოგინში, მე აქ უნდა ვიყოო. სოფელ წაღვერში ვცხოვრობ. ბორჯომიდან წაღვერამდე არის 12 კილომეტრი, 10 წუთის გზა. საათნახევრის შემდეგ მოვიდნენ. ამ საათნახევრის განმავლობაში სამჯერ განვახორციელე 112-ში ზარი, რომ რა ხდება, რითი ვერ მოვიდნენ და გაჰყავთ-მეთქი მოძალადე ჩემი სახლიდან. გზაშია, წამოსულია – ასეთი პასუხებით მისტუმრებდნენ. ამ დროს იდგა უბნის ინსპექტორი და დანარჩენი პოლიციის თანამშრომლები შორიახლოს და უყურებდნენ, როდის გამოვიდოდა მოძალადე თავისი ნება-სურვილით ჩემი სახლიდან, რომ მერე შემოსულიყვნენ, ეს ფორმალური რაღაცები იქ დაეწერათ.
როგორც ვიცი, თქვენი ყოფილი ქმარი თქვენზე ძალადობას არც საჯარო სივრცეებში ერიდებოდა…
სკოლაში მოხდა ასეთი ინციდენტი: გამოექანა ჩემკენ, მწვდა ხელით სახეში, მომიჭირა, გაიარა და წავიდა. ინერციით უკან გადავვარდი. 112-ში დავრეკე და სკოლის კამერის ჩანაწერების ამოღება მოვთხოვე, სადაც ეს ყველაფერი აღბეჭდილი იყო. მისი დასჯა და დაკავება მოვითხოვე. ამჟამად დაკავებულია, მაგრამ ახლა სხვა პრობლემა გაჩნდა – მისი ნათესავების მხრიდან…
ანუ, ამჯერად მისი ოჯახის წევრები აგიმხედრდნენ?
დიახ, იმ ამბავში, რომ ჩემი ყოფილი ქმარი დაკავებულია, მთავარ დამნაშავედ ისინი მე მომიაზრებენ. მათი მხრიდან, ჩემზე არნახული ზეწოლა ხორციელდება: ცილისმწამებლურ ზარებს ახორციელებენ პოლიციაში, თითქოს მე ვძალადობ ჩემს შვილზე. წართმევით ბავშვს ნამდვილად ვერ წამართმევენ, მაგრამ ცდილობენ, რომ დამნაშავედ მე გამომიყვანონ, რომ ჩემი ყოფილი ქმარი ისევ და ისევ გამართლდეს. თურმე მე ქალი ვარ და უნდა დავუთმო.
თქვენ წინააღმდეგ გამოძიება რის საფუძველზეა დაწყებული?
ვასილ ღონღაძის შვილი ჩემს შვილთან მივიდა და ჩემს უკითხავად, ბავშვს ფოტოები გადაუღო, თითქოს იმის დასადასტურებლად, რომ შვილზე ვძალადობთ მე, დედაჩემი და ჩემი ძმა. ანუ, ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე ჩემი ყოფილი ქმრის დანაშაულებრივი ქმედებების ხელის დამფარებლები იყვნენ, ახლა ძალადობაში იქით მადანაშაულებენ.
თქვენი 7 წლის შვილი ახლა განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშაა. როგორია მისი მდგომარეობა?
ბავშვს ფსიქიკა საშინელ დღეში აქვს. როდესაც გაიგო, რომ ზემოთხსენებული საჩივრების გამო პოლიციას უნდა დაეკითხა, თქვა, პატარა დანა მინდა, რომ პოლიციელები ახლოს არ მოვუშვაო. ვფიქრობ, ბავშვი სერიოზული მისახედია. ბორჯომში ნევროპათოლოგი არ გვყავს, ამიტომაც, იგი ფიზიკურად ვერ მიმყავს ექიმთან. ბავშვს ძილი აქვს დარღვეული, პირველ საათზე ადრე ვერ იძინებს, მაშინაც კი, როცა დილით სკოლაშია წასასვლელი. სკოლაში საშინლად აგრესიულად იქცევა, უმიზეზოდ ღიზიანდება, დამამშვიდებელი წამალი დამალევინეო, მთხოვს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის დაკითხვას მოითხოვს გამომძიებელი, და ეს პრობლემა საერთოდ არ ესმის სოციალურ აგენტს.
რა მომსახურება გაგიწიათ „საფარმა“?
„საფარი“ რომ არ ყოფილიყო, ამ ბოლო ინციდენტის გამო 112-ში არც დავრეკავდი, რადგან მანამდე უამრავჯერ მქონდა დარეკილი და რეაგირება საერთოდ არ ჰქონიათ. 29 ნოემბერს ჩემ მიერ 112-ში განხორციელებულ ზარში დიდი წვლილი აქვს „საფარს“, რადგან მე იმის იმედი მქონდა, რომ „საფარის“ იურისტის ელისო რუხაძის დახმარებით მაინც მივაღწევდი სამართალდამცავთა მხრიდან რეაგირებას. უკვე ვიცოდი, რომ ჩემს იგნორირებას ვეღარ მოახერხებდნენ და იგივე ჩვენებას ვეღარ ჩაწერდნენ ოქმში, რაც თვითონ მოუნდებოდათ. დიდი მადლობა „საფარს“ 15 დეკემბრის პრესკონფერენციისთვისაც, რომლის მეშვეობითაც ჩემი პრობლემა გასაჯაროვდა და ასეთი ადვილი დასაჩაგრი აღარ ვარ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, ჩემი შვილი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება და მოძალადე ადამიანები იმ სასჯელს მიიღებენ, რაც არაადამიანური მოქცევის გამო დაიმსახურეს.
ესაუბრა შორენა გაბუნია