ბლოგები

… და თუ მე ეს შევძელი, შენც აუცილებლად შეძლებ!

ბლოგპოსტის ავტორი: ნინუცა დარბაიძე

რამდენიმე წლის წინ დავკარგე შეგრძნება ჩემს სხეულზე, პირდაპირი გაგებით. აივნიდან გადმოვვარდი, 25 მეტრი სიმაღლიდან, ზურგის ტვინი დამიზიანდა და კისრის ქვემოთ ვერაფერს ვგრძნობდი და ვერაფერს ვამოძრავებდი… ახლა უკვე ვგრძნობ, მაგრამ წელს ქვემოთ ვერ ვამოძრავებ ვერაფერს.

ეს არ არის მნიშვნელოვანი. მთავარი, რაც მინდა, გითხრათ ამ პოსტით, ის არის, რომ ძალიან ბევრ გოგოს გხედავთ, რომლებსაც არ მოგწონთ თქვენი სხეული, ზოგი კომპლექსდებით, ზოგს გეშინიათ, რომ თქვენს პარტნიორს რაღაც არ მოეწონება და ა.შ. მეც მქონია ეგ პრობლემა, ჩემს სხეულს ვერ ვიღებდი და ამის გამო ძალიან ვისტრესებოდი. თითებს ახლაც ვერ ვამოძრავებ და ადრე, ტრავმის პირველ წელიწადს, თითებზე ან ფეხებზე თუ შემომხედავდნენ, მეგონა, რომ არ მოსწონდათ, მეჩვენებოდა, რომ ცუდად შემომხედეს, შეეზიზღათ… ყოველ გარეთ გასვლაზე, ჩემი თვითშეფასება უფრო და უფრო დაბლა იწევდა, როცა ვხედავდი, ხალხი როგორ მიყურებდა. პარტნიორზე საერთოდ ფიქრიც ვერ დავუშვი, რომ შეიძლებოდა, ვინმეს ასეთი მოვწონებოდი (შევყვარებოდი მით უმეტეს)… 17-წლიანი ძალიან ბედნიერი, უდარდელი, პრანჭია ცხოვრებიდან, უცებ გავიღვიძე და მხოლოდ თავი ვიყავი დარჩენილი, შეშინებული თვალებით, რომელიც ვერანაირ გამოსავალს ვერ ხედავდა, ცხოვრება როგორ უნდა გაეგრძელებინა ნახევარი სხეულით…

ახლა გეტყვით, დღეს როგორ ვფიქრობ (23 წლის ვარ). ჩემი სხეული ვერ შევცვალე, ვერც ნაიარევები გავიქრე, ხალხიც ქუჩაში ისევ ისეთია. ერთადერთი, რაც შეიცვალა, მხოლოდ ჩემი დამოკიდებულებაა! მომწონს ჩემი სხეული, – იცით, როგორი უნიკალურია?! ასეთი არავის აქვს. თითები ისეთი საყვარელია, მოფერება მოგინდებათ, რომ გააჯანჯღარებ, სასაცილოდ ეჯახებიან ერთმანეთს და ქანაობენ. ჩემი ერთ-ერთი ნაიარევი მენჯთან არის, – ისეთი ადგილია, ყველას არ ვაჩვენებ, წინასწარ ვეუბნები ადამიანს, რომ ოდესმე თუ ჩემ ნაიარევს ვაჩვენებ, ესე იგი ის პიროვნება ჩემთვის მნიშვნელოვანია (ვიცი, შეიძლება უაზრობად მოგეჩვენოთ, მაგრამ მათ, ვისაც ნაიარევები არ უყვართ, ნახვის დროს ის აზრი უტრიალებთ, რომ ესე იგი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ნახა). ქუჩაში ყველას ვუღიმი, საპასუხოდ იგივეს ვიღებ (გამონაკლისიც არის ხანდახან, როცა ვინმე ძალიან ცუდ ხასიათზეა არ მიღიმის)… ხუმრობა იქით იყოს და, სერიოზულად ვამბობ: აზროვნების პრობლემა უფრო მქონდა, ვიდრე სხეულის. არ ვიცი, ეს დეპრესიები და ტირილ-კივილები რა ჯანდაბად დავიმართე, როცა ძალიან მარტივად შეიძლებოდა, მიმეღო ჩემი თავი და მერე სხვაც მიმიღებდა… ყველა ვერა, მაგრამ შედარებით განვითარებული საზოგადოება, რომელიც თითს არ გამოიშვერდა ფრაზით „იი, ამ გოგოს ფეხი უკანკალებს“ და ცივილიზებულად შემომხედავდა… მათ შორის მამაკაცებიც, რომელიც თავიდან დამცინავი ლაჩრები მეგონა და შეშინებული თვალებით ვუყურებდი…

სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის. სამყარო აღგიქვამს ისეთად, როგორსაც შენ აღიქვამ შენ თავს.

გთხოვთ, უბრალოდ შეიყვარეთ საკუთარი თავი (ნარცისიზმამდე არა ოღონდ), სხეულის ფორმები არ არის მნიშვნელოვანი, გონებაზე იზრუნეთ, ნუ იწესებთ სტანდარტს, რა არის სილამაზე, საკუთარი სილამაზე შეიყვარეთ, როგორიც არ უნდა იყოს ის და სხვის სხეულზე ნუ აფანატებთ… დამიჯერეთ, ჩემზე უარეს დღეში არ ხართ, მე ხომ დამოუკიდებლად ბანაობაც არ შემიძლია. სამაგიეროდ, პოზიტიური აზროვნება მაქვს, მე და დედა ბევრს ვიცინით ხოლმე ბანაობისას, მე აღარ ვტირი, არც ისტერიკა მემართება, როცა ქუჩიდან შემოვდივარ… „სატრფოებიც“ ბევრი მყავს გარშემო და მეგობრებიც. გთხოვთ, მთელი გულით გთხოვთ, გაიღიმეთ და გონებაში არ გაბედოთ არც ერთი ცუდი აზრი საკუთარ თავზე!

და თუ მაინც ასე მოხდება, გაიხსენეთ გოგო, რომელსაც მოულოდნელად ცხოვრებამ დედა უტირა, უმოძრაოდ დატოვა, დაამახინჯა, მაგრამ მე შევძელი, ისევ გამეღიმა და მეჩვენებინა ცხოვრებისთვის, რამდენი შეუძლია ადამიანის გონებას.

… და თუ მე ეს შევძელი, შენც აუცილებლად შეძლებ!