თანასწორობის პოლიტიკა

პირველად ისტორიაში, წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემია ორმა ქალმა მიიღო

წლევანდელი ნობელიანტები ქიმიის დარგში ქალები არიან – ამერიკელმა ჯენიფერ დუდნამ და ფრანგმა ემანუელ შარპანტიემ პრემია გაინაწილეს.

როგორც სტოკჰოლმში არსებული შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის გენერალურმა მდივანმა გორან ჰანსენმა განაცხადა, 2020 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში გენომის ჩასწორების მეთოდის დახვეწისთვის გაიცა. ნობელის კომიტეტის პრესრელიზში ნათქვამია, რომ წელს პრემიას ამერიკელი ჯენიფერ დუდნა და ფრანგი ემანუელ შარპანტიე მიიღებდნენ, “გენეტიკური მაკრატლის”, ანუ “სიცოცხლის კოდის ხელახალი გადაწერის ინსტრუმენტის” შექმნისთვის.

ერთდროულად ორმა ქალმა ნობელის პრემია ისტორიაში პირველად მიიღო.

როგორც ნობელის კომიტეტში განმარტავენ, “გენეტიკური მაკრატელი” მეცნიერებს საშუალებას მისცემს, უმაღლესი სიზუსტით შეცვალონ მცენარეების, ცხოველებისა და მიკროორგანიზმების დნმ, და ამის შესრულება შესაძლებელი გახდება რამდენიმე კვირის მანძილზე, ადრინდელისგან განსხვავებით, როცა ეს პროცესი ან უაღრესად შრომატევადი, ან მთლად შეუძლებელი იყო. ახალი მეთოდის გამოყენება შესაძლებელს გახდის მავნებლისა და გვალვის მიმართ მედეგი სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოყვანას.

ნობელის კომიტეტის ქიმიის განხრის ხელმძღვანელი კლას გუსტაფსონი აღნიშნავს, რომ ლაურეატების მიერ შექმნილი “ინსტრუმენტი” ასევე შესაძლებლობას მოგვცემს, შემუშავდეს სხვადასხვა დაავადების, მათ შორის კიბოს, მკურნალობის რევოლუციური მეთოდები. “ოცნება იმის შესახებ, რომ განვკურნოთ მემკვიდრეობითი დაავადებები, სულ მალე რეალობად იქცევა”, – ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

2020 წელს, ნობელის პრემიის ოდენობა უკვე 10 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს ($1,12 მილიონი).

nobelprize.org