სექსუალობა

მოდელი, რომელმაც Instagram-ს სიშიშვლესთან დაკავშირებული პოლიტიკა შეაცვლევინა

ნაიომ ნიკოლას-ვილიამსმა (Nyome Nicholas-Williams) ახლახან ინსტაგრამი აიძულა, სიშიშვლესთან დაკავშირებული პოლიტიკა შეეცვალა.

აგვისტოში მან გამოაქვეყნა თავისი ფოტო, სადაც ველოსიპედზე პოზირებდა და ხელით მკერდს იფარავდა. Instagram-მა ეს ფოტო რამდენიმეჯერ წაშალა იმის გამო, რომ თითქოს ეს პლატფორმის სიშიშვლესთან დაკავშირებულ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ, როგორც თავად ნიკოლას-ვილიამსის ფოტოგრაფმა ალექს კამერონმა შენიშნა, ინსტაგრამი არაფერს ერჩოდა კაფანდარა თეთრკანიანი ქალების მსგავს პოზაში გადაღებულ ფოტოებს.

ნიკოლას-ვილიამსმა ამ დისკრიმინაციული ცენზურის წინააღმდეგ მთელი კამპანია ააგორა, სახელწოდებით #iwanttoseenyome, რომელსაც მხარი აქტიურად აუბეს მისმა გამომწერებმა. შედგა პეტიცია, რომელსაც ხელი 20000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. მოდელმა სტეფანი ებოამ სოცქსელების მომხმარებლებს პირდაპირ ამ კითხვით მიმართა, ხოლო ნიკოლას-ვილიამსს კამპანიია გაჩაღებაში აქტივისტი ჯინა მარტინი დაეხმარა, რომელიც აქამდე აპსკერტინგთან დაკავშირებული კანონის მიღებაზე მუშაობდა.

რამდენიმე დღის წინ, ინსტაგრამი იძულებული გახდა, გადაეხედა თავისი პოლიტიკისთვის სიშიშვლესთან დაკავშირებით. სოცქსელმა უარყო, რომ ნიკოლას-ვილიამსის ფოტოს ეს ცენზურა დისკრიმინაციას უკავშირდებოდა და თავი იმით იმართლეს, რომ მკერდზე აფარებული ხელი პორნოგრაფიულ კონტენტს მიამსგავსეს და ამიტომ დაბლოკეს. თუმცა, აქვე ისიც აღნიშნეს, რომ მათ პოლიტიკას ამ საკითხში ხარვეზები ჰქონდა და ამიტომაც განაახლეს იგი.

ნაიომ ნიკოლას-ვილიამსმა ამის შემდეგ აღნიშნა, რომ კმაყოფილია მიღწეული შედეგის, თუმცა კიდევ ბევრია სამუშაო იმაზე, რომ ამ სოცქსელის ალგორითმმა თეთრკანიან და სტანდარტებში მოქცეულ სხეულებს უპირატესობა აღარ მიანიჭოს.

ნიკოლას-ვილიამსის ექაუნთი პირველ რიგში ეძღვნება მის სამოდელო საქმიანობას, თუმცა მან ამჟამად აქტივისტური პროექტების განხორციელებაც დაიწყო, რათა იმ ქალების ისტორიები შეაგროვოს, ვინც უსამართლო ცენზურის მსხვერპლი აღმოჩნდა.

dazeddigital.com