ლგბტქი / სტატიები

გეი და ლესბოსელი ადამიანები გაცილებით ხშირად არიან უკმაყოფილონი თავიანთი გენიტალიებით, ვიდრე – ჰეტეროსექსუალები

ახალი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ჰომოსექსუალი ქალები და კაცები გაცილებით მეტად შფოთავენ თავიანთი გენიტალიების გარეგნული მხარეების შესახებ, ვიდრე – ჰეტეროსექსუალები.

კვლევა ამერიკულმა კომპანია Bespoke Surgical-მა ჩაატარა, რომელიც სამედიცინო მომსახურებას უწევს ადგილობრივ გეი საზოგადოებას. კომპანიამ, რომელიც სექსუალური ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს, 18 წლამდე 1,155 სისგენდერი (თანდაყოლილ გენდერულ იდენტობასთან ჰარმონიაში მყოფი) ქალი და კაცი გამოკითხა. ანკეტის კითხვარი სხვადასხვა თემებს ეხებოდა, რაც, საერთო ჯამში, ერთ საკითხს აზუსტებდა: როგორ აღიქვამდნენ რესპონდენტები თავიანთ გენიტალიებს: ზომას, ფორმას, კომფორტს სექსის დროს, ინტიმურ ჰიგიენას, კოსმეტიკურ პროცედურებს, ამ თემაზე არსებული მედიაკონტენტის გამოყენებას და სხვ.

მიღებული შედეგების მიხედვით, თავისი სასქესო ორგანოების გარეგნული მდგომარეობით, ზომით და ფორმით უკმაყოფილო გეების რიცხვი სამჯერ სჭარბობს ამ ყველაფრით უკმაყოფილო ჰეტეროთა რაოდენობას.

ლესბოსელებს შორის, თავისი ვულვით უკმაყოფილოთა რიცხვი ჰეტეროსექსუალი ქალების რაოდენობას ორჯერ აღემატება. ლესბოსელთა 70% აღიარებს, რომ თავისი ვულვის გარეგნულ მდგომარეობას არანორმალურად მიიჩნევს.

გეებიც და ლესბოსელებიც ამბობენ, რომ მათი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანის გენიტალიები, მედიაკონტენტს ეყრდნობა და არა – ექიმებისა და სამედიცინო რესურსებისგან მიღებულ ინფორმაციას.

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გამოკითხვის მონაცემები კარგად ასახავს, თუ როგორ ნელა მიმდინარეობს პროგრესი სექსუალური განათლების სფეროში თანამედროვე საზოგადოებებში და რამდენად ძლიერია პორნოინდუსტრიის როლი ადამიანის მიერ საკუთარი სხეულის აღქმის საკითხში. ასევე, მკვლევარები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ არარეალური პორნოსტანდარტების გავლენით, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები გაცილებით მეტად ინტერესდებიან საკუთარი გენიტალიების გარეგნული მხრით, ვიდრე – სექსუალური ჯანმრთელობის საკითხებით.

წყარო: bespokesurgical.com