შორენა გაბუნიას ბლოგი
პედოფილიის მორიგმა გახმაურებულმა შემთხვევამ აღშფოთების მორიგი ტალღის თანხლებით ჩაიარა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რა სისწრაფით ძველდება ახალი ამბები ჩვენს რეალობაში, ალბათ დღეს ეს ამბავი აღარც არავის ემახსოვრება. ასე მოხდა წინა ამბავზეც, როდესაც თბილისში ბავშვთა პორნოინდუსტრიაში ჩართული ჯგუფი აღმოაჩინეს.
მაგრამ, რამდენად სწორია ჩვენი მხრიდან მსგავსი ამბის „ყოველდღიური ნიუსების“ რიგში მითვლა?
მე, როგორც მცირეწლოვანი ბავშვების დედა, ამ მოვლენას ადვილად ვერ ვაიგნორებ. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვცდილობ, შვილები ამ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად ინფორმირებულები მყავდეს, ყოველი მსგავსი შემთხვევის შემდეგ, პანიკური შიში მიპყრობს. ერთია ბავშვის დარიგება და გაფრთხილება, მეორე – ამ ყველაფრის რეალობად ქცევა.
რას ვასწავლი ჩემს ბავშვებს?
– პირველ რიგში იმას, რომ მათი სხეული მხოლოდ მათ ეკუთვნით და არავის, არავის აქვს უფლება, შეეხოს მათ. ვასწავლი, რომ თუ მსგავსი მცდელობა ვინმეს ექნება მათ ირგვლივ, ამის შესახებ აუცილებლად მაშინვე უნდა შემატყობინონ. ამას ბევრჯერ და დაჟინებით ვუმეორებ, რომ არ დაავიწყდეთ და „გამონაკლისზე“ არ იფიქრონ.
კი, ყველაფერი უმარტივესი ჭეშმარიტებით იწყება, – ჩვენი სხეულის ფლობა ძალიან ადრეული ასაკიდანვე რომ უნდა ვისწავლოთ.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც სექსუალური შევიწროების ისტორიებს სხვადასხვა ასაკის რესპონდენტებთან ვიწერდი, შემზარავ რეალობას გადავაწყდი – ზრდასრული, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებული ქალები, თავიანთ ცხოვრებაში სექსუალური შევიწროების ისტორიების ნაცვლად, ბავშვობაში გადატანილი პედოფილიის შემთხვევებს იხსენებდნენ.
ზოგი მეზობელ კაცს გაატანა დედამ მატარებლით სამგზავროდ, რა დროსაც კაცმა სასქესო ორგანო გაიშიშვლა და თბილისიდან ზესტაფონამდე 7 წლის ბავშვს უხახუნებდა, ზოგს ნათლია (კი, ნათლიები, ოჯახის ახლობლები და თავად ოჯახის წევრები და არა – ქუჩიდან შემთხვევით შემოხეტებული “გუდიანი კაცები”, ალბათ ყველაზე ხშირად ფიგურირებენ პედოფილიის ისტორიებში) იმარტოხელებდა ოთახში და დუნდულებზე საათობით ეფერებოდა, ზოგი კი უცხო ადამიანის პათოლოგიური ფანტაზიის მსხვერპლად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბები ღრმა ბავშვობაში გადაიტანეს, რესპონდენტები ამის გახსენებისას ტიროდნენ, შეუძლოდ ხდებოდნენ.
დიახ, ბავშვობაში გადატანილი მსგავსი ტრავმები ადამიანის ფსიქიკაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. ზრდასრული მოძალადისთვის ბავშვის დაშინება, დაშანტაჟება და მოტყუება ძალიან ადვილია, მით უფრო, როდესაც მშობლები ამ ურთიერთობას ვერ ამჩნევენ და მოძალადეს ხელ-ფეხი ხსნილი აქვს. ამასთანავე, შეგნებულად არ ვასახელებ ბავშვის სქესს – გავრცელებული სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმადაც, პედოფილიის მსხვერპლნი მხოლოდ გოგო ბავშვები არიან, – პედოფილისთვის ბავშვის სქესს მნიშვნელობა დიდად არ აქვს.
ამიტომაც, ბავშვისთვის იმის მრავალგზის განმეორება, რომ მისი სხეული მხოლოდ მას ეკუთვნის და სხვა ადამიანს მისი შეხების უფლება არ აქვს, ძალზე მნიშვნელოვანი მგონია. სხეულის ავტონომიურობის განცდა, სამწუხაროდ, ხშირად არც ძალადობის მსხვერპლ ზრდასრულებს გააჩნიათ, და ამის გამო, ისინი მეტ-ნაკლები შემგუებლობით იტანენ ფიზიკურ ძალადობას.
გარდა ამისა, ბავშვის მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ბავშვის ირგვლივ მოტრიალე „ახლობლების“ მიმართ. მსოფლიო სტატისტიკების თანახმად, გენდერული და სექსუალური ძალადობა ხშირად მომდინარეობს ოჯახის წევრების ან უახლოესი ადამიანებისგან – მამის, მამინაცვლის, ბაბუის, ძმების, ბიძების, ნათესავების და მეგობრების მხრიდან. ამ შემთხვევაში, ბავშვი ფიქრობს, რომ რადგან მოძალადე მისი უახლოესი ადამიანია, მას უნდა ენდოს, რადგან ეს ადამიანი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. სწორედ ჩვენს რეალობაში მოხდა პედოფილიის ერთ-ერთი უსაშინლესი შემთხვევა, როდესაც 10-12 წლის გოგონას და მის მეგობარ ასევე გოგონას, წლების მანძილზე აუპატიურებდა ღვიძლი ბაბუა. ამ ამბის შესახებ მსხვერპლებმა მხოლოდ მაშინ გაბედეს ფსიქოთერაპევტთან საუბარი, როდესაც ბაბუა, ქალაქში ცნობილი და დამსახურებული სპეციალისტი, კარგა ხნის გარდაცვლილი იყო…
და ბოლოს: როგორ არაეთიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, ჩემს შვილებს ვასწავლი, რომ უცხო ადამიანებს ხმა არ უნდა გასცენ. ამ შემთხვევაში, ნაკლებად მადარდებს, რამდენად სწორია კეთილი და გულწრფელი მეზობლის ან ქუჩაში გამვლელის წყენინება. ჩემთვის მთავარია, ჩემი ბავშვები იყვნენ დაცულნი, რადგან მათ ჯერ არ გააჩნიათ კეთილისმსურველისა და პედოფილის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი.