"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება / სექსუალური ძალადობა

საფარი პედოფილიის გახმაურებულ საქმეში ჩაერთო

საფარი პედოფილიის გახმაურებულ საქმეში ჩაერთო.

რამდენიმე დღის წინ, გურჯაანის სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული კაცი გაამართლა.

ბავშვის პაპის თქმით, ეს გადაწყვეტილება მისი ოჯახისთვის უსამართლო და მოულოდნელი იყო.

“თითქოს ბოლო დღემდე დარწმუნებული ვიყავით, რომ სიმართლე იზეიმებდა, ვინაიდან ამისთვის ყველა საჭირო მტკიცებულება არსებობდა. ბავშვი თვითონ ყვება, რა მოხდა, მეორე თვითმხილველი ბავშვიც დაიკითხა. მაგრამ, სასამართლომ რატომღაც ეს მტკიცებულებები არ გაითვალისწინა”, – აცხადებს საფართან საუბარში ბავშვის პაპა.

როგორც გაირკვა, ბრალდებული კაცი არის ბავშვის ნათესავი და მისი სახლიც ბავშვის ოჯახთან ახლოსაა.

“მე ახლა არ ვიცი, ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ ამ სოფელში, ან საერთოდ ბავშვს როგორ გავიყვან გარეთ. მე ვითხოვ სახელმწიფოსგან, სასამართლოსგან, რომ ეს კაცი სათანადოდ დაისაჯოს, ვინაიდან იგი მხოლოდ ჩემი ბავშვისთვის კი არა, სხვა ბავშვებისთვისაც საშიშია”, – გვიყვება ბავშვის ნათესავი.

10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული კაცი აღკვეთის ღონისძიების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს. საერთო სასამართლოების პრესსამსახურმა მაშინ განმარტა, რომ ბრალდებულს 9 თვით წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, დროის ამოწურვის შემდეგ კი, მას აღკვეთის ღონისძიება 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.