პარიზში 2017 წლის Pirelli-ს კალენდრის პრეზენტაცია ჩატარდა. გერმანელი ფოტოგრაფის პიტერ ლინდბერგის (Peter Lindbergh) წინაშე 14 მსახიობმა ქალმა იპოზიორა. მათ შორის არიან ოსკაროსანი მსახიობები ალისია ვიკანდერი (Alicia Vikander), კეიტ უინსლეტი (Kate Winslet), ნიკოლ კიდმანი (Nicole Kidman), ლუპიტა ნიონგ’ო (Lupita Nyong’o), ჰელენ მირენი (Helen Mirren), პენელოპა კრუსი (Penelope Cruz) და ჯულიან მური (Julianne Moore).
Pirelli-ს ეროტიკული ფოტოებით განთქმული კალენდრის მოდელები შარშან ძლიერმა და წარმატებულმა ქალებმა ჩაანაცვლეს, წელს კი სახელგანთქმული მსახიობი ქალები კალენდრის ფურცლებზე ყოველგვარი მაკიაჟსა და ფოტორეტუშის გარეშე გამოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის კალენდრის მოდელებად 28-დან 71 წლამდე ასაკის ქალები წარმოგვიდგნენ.
„ეს კალენდარი ინდივიდუალობის, მგრძნობელობისა და თავისთავადობის დემონსტრირებაა. როგორც მხატვარი, თავს პასუხისმგებლად ვგრძნობ იმის გამო, რომ ქალს მარადიული ახალგაზრდობისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვისგან ვათავისუფლებ. საზოგადოების მიერ თავსმოხვეული იდეალის მოხელთება შეუძლებელია“, – ამბობს ლინდბერგი საკუთარ ნამუშევრებზე. მისი მიზანია, კადრზე აღბეჭდოს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უზადო სხეულია – ქალის განუმეორებელი ემოცია, რომელიც მას გაცილებით უფრო „აშიშვლებს“, ვიდრე სამოსის არქონა.
გარდა ოსკაროსანი მსახიობებისა, კალენდრის ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღეს რუნი მარამ (Rooney Mara), ჯესიკა ჩესტეინმა (Jessica Chastain), შარლოტ რემპლინგმა (Charlotte Rampling), უმა ტურმანმა (Uma Thurman), ლეა სეიდუმ (Lea Seydoux), რობინ რაიტმა (Robin Wright) და ჩანგ ძიმ (Zhang Ziyi).
მთლიანობაში, კალენდარი 40 ფოტოსგან შედგება. ჯერჯერობით, მისმა ავტორებმა მხოლოდ რამდენიმე ფოტო და ფოტოსესიიდან აღებული კადრები გამოაქვეყნეს.
კალენდრის ფოტოგადაღებები ორი თვის მანძილზე, მაისსა და ივნისში, გაგრძელდა. ამ პერიოდში, გადამღებმა ჯგუფმა ხუთი ქალაქი მოიარა: ბერლინი, ლოს-ანჯელესი, ნიუ-იორკი და ლე-ტუკე (საფრანგეთი).სულ მალე, კალენდარი დღის სინათლეს იხილავს.