სტატიები

Pussy Riot-ის კიდევ ერთი ახალი ვიდეო – პუტინის რეჟიმის სისხლიდან ამოყვინთვა

Pussy Riot-მა გუშინ კიდევ ერთი ახალი ვიდეოკლიპი გამოუშვა, სახელწოდებით Органы (ორგანოები), რომელიც რუსეთის მაკონტროლებელ სტრუქტურებს, ანუ ორგანოებს ეძღვნება. ჯგუფის ლიდერმა ნადეჟდა ტოლოკონნიკოვამ ახალ ნამუშევარზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„სახელმწიფო კონტროლის ბევრი გზა არსებობს. შეიძლება გცემონ, ჩაგსვან, მოგკლან კიდეც. გარდა ამისა, კონტროლქვეშ შესაძლოა თქვენი სხეული, თქვენი სექსუალობაც მოაქციონ. ორგანოები შესაძლოა სასულიერო პირის სამოსში იყვნენ გამოწყობილნი, შესაძლოა -სამართალდამცავების. ორივეს ერთი მიზანი ამოძრავებს – დათრგუნოს ნება, ვნება, შემოქმედებითი და სასიცოცხლო ძალა.

პატრიარქს აბორტების აკრძალვა სურს. საბჭოთა კავშირის გამოცდილებიდან კარგადაა ცნობილი, რომ აბორტების აკრძალვის შედეგად იზრდება არა შობადობა, არამედ ორი სხვა მაჩვენებელი: ორსულების სიკვდილიანობა არალეგალური აბორტების შედეგად და წლამდე ასაკის ბავშვების მკვლელობები. ბავშვთა ომბუდსმენად ანა კუზნეცოვას ნიშნავენ, რომელიც პუტინსა და ტელეგონიას (ХIХ საუკუნის მოძველებული ბიოლოგიური კონცეფცია, რომლის თანახმადაც, სექსუალური კონტაქტი პირველ პარტნიორთან მნიშვნელოვანწილად აისახება ქალის შემდგომ შთამომავლობაზე, რედ. შენიშვნა) უჭერს მხარს.

კოშმარი იმაშია, რომ ერესი ვაგინის მეხსიერების შესახებ ერთადერთია, რისი მიწოდებაც სკოლას მოზარდი ორგანიზმისთვის შეუძლია. მოზარდი ბევრ ახალ გრძნობას, სირცხვილის შეგრძნებას, უხერხულობას გრძნობს, ბევრი რამ აინტერესებს. სექსუალობა ენერგიისა და შთაგონების მძლავრი წყაროა. რატომ უნდა დავთრგუნოთ იგი, როდესაც სჯობს, მომავალ თაობას ვუპასუხოთ, როგორ შეიძლება მისი გამოყენება?“.

კლიპის სიუჟეტის კომენტირებისას, ნადეჟდამ განმარტა, რომ სისხლიანი აბაზანა 2014 წლის რუსეთს განასახიერებს. „2014-ში ციხიდან გამომიშვეს და სისხლით სავსე აბაზანაში ჩამსვეს. ეს იყო ყირიმის ანექსიის, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების, ბოინგის ჩამოგდების, პოლიტიკურ აქტივისტებზე (მათ შორის ჩემზე) თავდასხმის, ბორის ნემცოვის მკვლელობის წელი. თავის მოკვლა მინდოდა. ვენების გადაჭრა ვცადე, მაგრამ არადამაჯერებლად გამომივიდა. ეს მხუთავი ორგანოები ალბათ მოხარულნი იქნებოდნენ, თავს თუ მოვიკლავდი. სასოწარკვეთილებიდან გამოსვლა მხოლოდ ამბოხით, პროტესტით შემიძლია. ასე გაჩნდა კომპოზიცია Органы. სხვათა შორის, ამან ძალიან მიშველა. იგი მართლაც სიცოცხლესა და მკვლელი ორგანოების დაპირისპირების დასტურია. დიახ, სიცოცხლე იმარჯვებს – სიცილის, იუმორის მეშვეობით, ცხოვრების აბსურდი იმარჯვებს“, – აღნიშნა მან.

Органы ჯგუფის მეორე პრემიერაა. გუშინწინ, Pussy Riot-მა ცხელ-ცხელი ვიდეოკლიპი გამოუშვა, სახელწოდებით Straight Outta Vagina.