კავშირი “საფარი”, გრიგოლ ჩიქოვანი, ნინო ჩიქოვანი ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ
განმცხადებელი: კავშირი “საფარი”, გრიგოლ ჩიქოვანი, ნინო ჩიქოვანი;
მოპასუხე: ნანუკა ჟორჟოლიანი;
დარღვეული პრინციპები: 7 პრინციპი; 10 პრინციპი;
08 ივლისი 2020 წელი
საქმე N – 365
თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, ზვიად ქორიძე, კამილა მამედოვა, გელა მთივლიშვილი, ნათია ზოიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს კავშირმა “საფარმა”, გრიგოლ ჩიქოვანმა და ნინო ჩიქოვანმა. განმცხადებლები მიიჩნევდნენ რომ 2020 წლის 11 მარტს, ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემაში „სხვა ნანუკა“ დაირღვა ქარტიის მე-7 და მე-10 პრინციპი.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებლებიც და მოპასუხე ჟურნალისტიც.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის მე-7 პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
სადავო გადაცემა ეხებოდა ხაშურში, 2020 წლის 5 მარტს მომხდარ შემთხვევას, როდესაც მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. გადაცემაში ჟურნალისტს სტუმრად ყავდა დაჭრაში ბრალდებული პირის დედა. როგორც გადაცემის დასაწყისში წამყვანმა აღნიშნა, „დღეს ჩვენ ამ ამბავს მედალიონის მეორე მხრიდან შევხედავთ“, „ძალიან ძნელია, მაყურებელს მოუყვე, თუ როგორ გადაწყვიტა შვილმა თავისი ყოფილი ცოლის მოკვლა“.
გადაცემაში ბრალდებულის დედამ გაიხსენა მისი შვილის და ცოლის თანაცხოვრების დროინდელი ფაქტები: რომ ქალი სცემდა მცირეწლოვან შვილებს ელექტროსადენით და ამას აპროტესტებდა ქმარი [დაჭრაში ბრალდებული]; რომ ქალმა 11 თვის და 4 წლის ბავშვები მიატოვა და სახლიდან წავიდა; რომ ქალი თურქეთში იყო ერთი წლის განმავლობაში წასული, მაგრამ ბავშვები ერთხელაც არ მოუკითხავს. მან ასევე თქვა, რომ თითქოს ძალადობის მსხვერპლ ქალს სხვა მამაკაცთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა. ამ ისტორიების მოყოლით ბრალდებულის დედა თითქოს ცდილობდა, აეხსნა, თუ რამ გამოიწვია მისი შვილის აგრესია, რასაც შედეგად ქალის დაჭრა მოყვა.
სხდომის მიმდინარეობისას ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ მისი მიზანი იყო საზოგადოებას მეორე მხარის პოზიცია მოესმინა. მაგალითისათვის მან მოიყვანა ოფრა უინფრეის ინტერვიუები ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ პირებთან, რათა საზოგადოებას გაეგო, თუ რა ამოძრავებდა მათ. ჟურნალისტმა ასევე მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ მოვლენას ორი მხარე აქვს.
საპირისპიროდ, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ „ფემიციდის გაშუქებას არანაირი „მეორე მხარე“ არ აქვს, რომელიც შეიძლება ჟურნალისტმა იკვლიოს. მეორე მხრის, ანუ ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის ჩამდენი პირის პოზიციის კვლევა, ავტომატურად ნიშნავს დანაშაულის გამამართლებელი პოზიციის ძიებას და დისკრიმინაციის წახალისებას.“
საბჭომ გაეცნო სადავო გადაცემას, მოუსმინა ორივე მხარის არგუმენტაციას და მიიჩნევს რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევას.
საქმეში ააიპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ტელეკომპანია „იმედის“ არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ (2018 წელი) საბჭომ აღნიშნა, რომ:
„ჟურნალისტმა ხელი არ უნდა შეუწყოს მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ. დანაშაულის მიზეზად „ეჭვიანობის ნიადაგის“ დასახელებით ჟურნალისტი „უნებურად მიანიშნებს იმაზე, რომ მსხვერპლი ქალი „არასწორად“ იქცეოდა, პროვოცირება გაუკეთა მოძალადეს და მისცა საფუძველი დანაშაულის ჩადენისა. გარდა იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ტიპის ქცევა, რაც გაამართლებს მოძალადის ქმედებას, საკანონმდებლო ბაზა დანაშაულის მოტივად არ სცნობს „ეჭვიანობის ნიადაგს“. არსებობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, დისკრიმინაცია, შურისძიება და ა.შ., რაც შესაძლებელია დანაშაულის საფუძველი იყოს, მაგრამ არა „ეჭვიანობს ნიადაგი“. […] ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, არ უნდა მოხდეს იმის კვლევა, რა დააშავა ქალმა და რატომ მოკლეს ის. მნიშვნელოვანია არა მიზეზი, არამედ ფაქტი. ვერც ერთი მიზეზი ვერ გაამართლებს მკვლელობას“.
როგორც ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან ჩანს, საბჭო ეთიკურ ჟურნალისტიკასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს რაიმე ფორმით იმის კვლევას ან იმ მიზეზების ძიებას, თუ რამ გამოიწვია ქალზე ძალადობა, იგივე მიდგომას იზიარებს ქარტიის სახელმძღვანელო წესები „გენდერული საკითხების გაშუქება“:
„ფრთხილად იყავით, რომ თქვენი გაშუქებით ხელი არ შეუწყოთ მსხვერპლის ისე წარმოჩენას, თითქოს ის აძლევდა საფუძველს და უბიძგებდა მოძალადეს დანაშაულის ჩადენისკენ“.
„ფემიციდი ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმაა. ეს არის ქალების მკვლელობა მათი სქესის გამო. მოძალადეთა უმეტესობა ყოფილი ან ახლანდელი პარტნიორია. ფემიციდის გაშუქებისას ისე, როგორც ძალადობის სხვა ფორმებზე ყურადღების გამახვილებისას, არ დაიწყოთ იმის გარკვევა, რა დააშავა ქალმა და რატომ მოკლეს ის“.
საბჭოსათვის ცალსახა იყო, რომ გადაცემაში მოწვეული ბრალდებულის დედა სწორედ იმიტომ უსვამდა ხაზს მსხვერპლი ქალის, მისი აზრით, ანტისოციალურ ქმედებებს, რომ ამით თითქოს ცდილობდა, გაემართლებინა/აეხსნა მისი შვილის საქციელი. მსგავსი „გამართლების მცდელობის“ საშუალება მას სწორედ ჟურნალისტმა მისცა გადაცემაში მოწვევით და ისეთი კითხვების დასმით, როგორიც იყო: „რატომ შეიძლებოდა გადაეწყვიტა თქვენს შვილს, რომ მოეკლა, ეეჭვიანა?“ „ხომ არ გახდა შერიგებაზე უარი ძალადობის მიზეზი?“.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა გადაცემის ბოლოს დააფიქსირა თავისი პოზიცია. მან თქვა, რომ არავითარი საფუძვლით ან მიზეზით არ შეიძლება ქალზე ძალადობის გამართლება, მაგრამ ჟურნალისტის ეს პოზიცია არ არის საფუძველი, რომ გამოირიცხოს მე-7 პრინციპის დარღვევა. როდესაც ვმსჯელობთ იმაზე, რა შეიძლება ყოფილიყო ძალადობის გამომწვევი მიზეზი, უკვე ხელს ვუწყობთ სტიგმის გაძლიერებას, რასაც ადასტურებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები [Facebook კომენტარები], რომელიც თან ახლდა სადავო გადაცემას სოციალურ ქსელში. ამ მტკიცებულებებით კიდევ უფრო გამყარდა საბჭოს ვარაუდი, რომ გადაცემამ გამოიწვია მსხვერპლი ქალის სტიგმატიზება და დისკრიმინაცია, კერძოდ, კომენტარებში ჩანდა საზოგადოების განწყობა, რომ არ ეცოდებათ მსხვერპლი ქალი, რადგან მან შვილები მიატოვა, რომ ყოფილა „დასაჩეხი“ და უმიზეზოდ არ დაუჭრია ქმარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო გადაცემამ გააძლიერა ფემიციდის მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმები.
ქარტიის მე-10 პრინციპი “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”. სადავო გადაცემაში იყო საუბარია მსხვერპლი ქალის პირადი ცხოვრების დეტალებზე [მაგალითად: მას სხვა პირთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და ა.შ.]. თავად ინფორმაცია არ არის დადასტურებული, რადგან მასზე საუბრობდა მხოლოდ დაინტერესებული მხარე. გარდა ამისა, ინფორმაციის მიმართ არ არსებობდა ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ინფორმაცია არასრულწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ქარტიის მე-10 პრინციპის დარღვევას.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
ნანუკა ჟორჟოლიანმა დარღვია ქარტიის მე-7 და მე- 10 პრინციპი.
წყარო: qartia.ge