ლგბტქი / სტატიები

რენე რიჩარდსი – პირველი ტრანსგენდერი ქალი პროფესიულ სპორტში

1976 წლის 27 აგვისტოს US Open-ის ქალთა ტურნირში (აშშ-ის ღია პირველობა ჩოგბურთში) მონაწილეობაზე უარი უთხრეს რენე რიჩარდსს (Renée Richards), ამერიკელ ტრანსგენდერ ჩოგბურთელ ქალს. 70-იანების დასაწყისში, მან 41 წლის ასაკში სქესის ქირურგიული კორექცია გაიარა. უარის საფუძვლად იქცა რიჩარდსის უარი, გაევლო ტესტი სასქესო ქრომატინზე. წესების მიხედვით, მსგავსი ტესტირება ყველა ქალი სპორტსმენისთვის სავალდებულო იყო, და იგი ერთმნიშვნელოვნად აჩვენებდა ადამიანის ბიოლოგიურ სქესს. ლოგიკურია, რომ რიჩარდსმა მის გავლაზე უარი თქვა, რადგან მისი ბიოლოგიური სქესი კაცი იყო. ამის შემდეგ, მისთვის ყველა ტურნირის კარი დაიკეტა – მას ასპარეზობაზე უარი უთხრეს როგორც უიმბლდონზე, ასევე Italian Open-ზეც.

მაგრამ, პროფესიით ოფთალმოლოგმა რიჩარდსმა სასამართლოს მიმართა, სადაც თავის უფლებას ამტკიცებდა, არ გაევლო ქალებისთვის განკუთვნილი ბიოლოგიური ტესტი. მოპასუხე მხარე აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაცია იყო (USTA), რომელსაც რიჩარდსი სქესის ნიშნით დისკრიმინაციასა და ადამიანის უფლებების დარღვევას უჩიოდა.

1977 წლის 16 აგვისტოს, ნიუ-იორკის სასამართლომ რენესთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. მასში მითითებული იყო, რომ ტესტი იყო „აბსოლუტურად უსამართლო, დისკრიმინაციული და არასწორი, ასევე, მოსარჩელის უფლებების შემლახავი“. სასამართლომ აკრძალა ჩოგბურთელთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მოქმედება და მას US Open-ზე თამაშის უფლება მისცა. ეს გადაწყვეტილება ყველა ამერიკულ ტურნირს ეხებოდა – ევროპაში რენესთვის, როგორც ქალი ჩოგბურთელისთვის, გზა ჩაიკეტა. რიჩარდსმა აშშ-ის პროფესიულ ტურნირებში 1977-1981 წლებში ითამაშა.

1977 წელს, რენე რიჩარდსმა ბეტი ენ გრაბ სტიუარტთან ერთად, ფინალში ნავრატილოვა-სტოვეს წყვილთან განიცადა მარცხი და მეორე ადგილი დაიკავა. მისი შემდგომი გამოსვლები, ასაკის მატების გამო, დიდი წარმატებებით გამორჩეული არ ყოფილა.

სამაგიეროდ, ნაყოფიერი იყო მისი, როგორც მწვრთნელის, მუშაობა. 1981 წლის US Open-ზე და მომდევნო პერიოდში, იგი არაოფიციალურად წვრთნიდა მარტინა ნავრატილოვას.

1983 წელს, რიჩარდსმა გადაწყვიტა, საექიმო პრაქტიკას დაბრუნებოდა და მანჰეტენის თვალის დაავადებათა კლინიკაში მთავარ ოფთალმოლოგად მუშაობას შეუდგა. 2011 წელს, ESPN-მა რენეს შესახებ ფილმი გამოუშვა, რომელიც რიჩარდსის კარიერაზე მოგვითხრობდა ჩოგბურთში და მას შემდეგ.

რიჩარდსის ამბავი კარგად ასახავს ბრძოლას იმ ფანატიზმსა და გაუგებრობასთან, რომლის წინაშე დღესაც დგანან ტრანსგენდერი ადამიანები, თუმცა, ასევე, გვიჩვენებს იმასაც, თუ როგორ წინ წავიდა საზოგადოება ამ კუთხით. რენე რიჩარდსის ისტორია უნიკალურია და წარმოუდგენელია თანამედროვე სპორტისთვის. მასში ვერ ვნახავთ ვერანაირ პარალელს კასტორ სემენიასთან ან სხვა შემთხვევებთან. ეს პირველი შემთხვევა იყო მსოფლიო სპორტის ისტორიაში, როდესაც ტრანსგენდერმა ადამიანმა ბიოლოგიური სქესის კი არა, არამედ თავისი გენდერული იდენტობის შესაბამისი ადგილის დაკავება შეძლო ისეთ რთულ სფეროში, როგორიც სპორტია. რაც შეეხება „არგუმენტს“ იმის შესახებ, რომ ქალის და კაცის ბიოლოგიური ორგანიზმები ისეა მოწყობილი, რომ მათი ფიზიკური დაპირისპირება სპორტში შეუძლებელია, – მაშინ აქვე შეგვიძლია იგივე მარტინა ნავრატილოვას მაგალითის მოყვანა, რომელმაც კორტებზე თავისი დროის ბევრი მოწინავე კაცი ჩოგბურთელი დაამარცხა.

vice.com