ორმა რუსმა მოზარდმა სოციალურ ქსელ TikTok-სა და ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასახულია, თუ როგორ უკიდებს ერთ-ერთი მათგანი სიგარეტს ტაძარში ანთებულ სანთელს.
ინციდენტი ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში მოხდა. ტაძარში შესვლამდე, ვიდეოს ავტორი აცხადებდა, რომ მალე “წლის დანაშაულს ჩაიდენდა”.
ქალაქ ჩიტაში, ამ ვიდეოს გამო, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის, 18 წლის მოზარდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლის ორი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს 500 000-ამდე რუბლის ოდენობის ჯარიმას, იძულებით მუშაობას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
მოგვიანებით, ახალგაზრდებმა ბოდიში მოიხადეს თავიანთი ქმედების გამო და განაცხადეს, რომ ეს ქმედება “ალბათ სისულელის და სიბრიყვის გამო ჩაიდინეს”. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, მათ წინააღმდეგ სიცოცხლის მოსპობის მუქარები არ წყდება.
ჩიტას და პეტროვსკ-ზაბაიკალის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ განაცხადა, რომ მზადაა, შეხვდეს და მშვიდად გაესაუბროს მოზარდებსა და მათ მშობლებს. ეპარქია აპირებს, შუამდგომლის როლი შეასრულოს მოზარდებსა და სასამართლოს შორის, რადგან “დამნაშავენი” თავიანთ ნამოქმედარს ნანობენ და ტაძრის მრევლსაც პატიებას სთხოვენ.