ხშირად, თავბრუდამხვევი სისწრაფით დაწყებული და განვითარებული ურთიერთობა საშუალებას არ გაძლევს, დეტალურად დაუკვირდე შენი პარტნიორის თვისებებს თუ შეხედულებებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე რამ, რაზე ყურადღებაც თავიდანვე უნდა გაამახვილო. სექსიზმი მათ შორისაა – თუ შენი პარტნიორი სექსისტი აღმოჩნდა, ადრე თუ გვიან, ეს შენ წინააღმდეგ შემობრუნდება.
იგი სხვა გოგონებს/ქალებს ამცირებს, როდესაც კომპლიმენტს გეუბნება
„შენი დაქალები ძალიან მაგრები არიან, მაგრამ შენ ყველას სჯობიხარ“. უკაცრავად, აქ შეჯიბრი გვაქვს? როგორც ჩანს, დროა, შენმა ბიჭმა იცოდეს, რომ ქალების ცხოვრების არსი მისი ყურადღების მოსაპოვებლად ბრძოლა სულაც არაა.
იგი მხოლოდ შენს გარეგნობას აქცევს ყურადღებას
მას მოსწონს, როგორ გამოიყურები? ძალიან კარგი! მაგრამ, ბარემ იმითიც დაინტერესდეს, ამჟამად რას კითხულობ? რა გეგმები გაქვს უახლოეს მომავალში? რაზე ფიქრობ? რისი გეშინია? საერთოდ, რა ადამიანი ხარ?
ეს იმიტომ, რომ თუ შენში მას მხოლოდ გარეგნობა მოსწონს… ეს უბრალოდ კრახია… შენ თოჯინა არ ხარ!
იგი გამუდმებით ამბობს: „შენ სხვა გოგონებს არ გავხარ!“, ან „ჩემი შეშლილი ყოფილი“
ეს იმას ნიშნავს, რომ იგი კვლავ თქვენს შედარებას ცდილობს. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ „შენ უკეთესი ხარ“, მაგრამ ამ ყველაფერს ლოგიკურად შეხედე. თავისი ყოფილზე ცუდად საუბარი კარგის ნიშანი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცოცხალი თავით არ ასახელებს მიზეზს, რის გამოც დაშორდნენ.
იგი პიკაპის ოსტატია
პიკაპი მანიპულაციური პრაქტიკაა. ჩვენ არ გვჭირდება, რომ გვასულელებდნენ, ათასგვარი ტყუილებით გვბერავდნენ, რომ ჩვენთან ურთიერთობა გამოუვიდეთ. ეს არაა კეთილსინდისიერი საქციელი.
სძულს შენი ბიჭი მეგობრები
ბიჭებს და გოგონებს მეგობრობას ვერავინ აუკრძალავს. წარმოიდგინე, რომ მას ასევე სძულს ყველა შენი მეგობარი, განურჩევლად სქესისა. ეს ნორმალურია?
იგი ფიქრობს, რომ ყველა ბიჭი „ნამდვილი კაცი“ უნდა იყოს, ხოლო გოგონა – „ნორმალური გოგო“
ჰეი, შენ! აშკარად რაღაც გამოტოვე, რადგან XXI საუკუნეში ცხოვრობ და გენდერული ქცევების პატრიარქალური სტერეოტიპები უკვე აღარ მუშაობს. ყველა გოგოს ნამდვილად არ სურს 8 ბავშვის გაჩენა და ქმრისთვის ხაჭაპურების ცხობა. და, სხვათა შორის, კაცებიც ტირიან. ეს, უბრალოდ, სასაცილოა!
მას მიაჩნია, რომ თუ „მაგარი ბიჭი“ იქნება, ყველაფერს მიიღებს, რასაც კი მოისურვებს
ეს ძალიან დიდი სისულელეა. „მაგარი ბიჭები“ ფიქრობენ, რომ უბრალოდ იდეალურები არიან, და ამიტომაც ყველამ ის უნდა გააკეთოს, რაც სურს, ხოლო გოგონებმა მათ ყოველთვის „კი“ უნდა უთხრან.
მას უყვარს ხუმრობები ქერა გოგონებზე
იმედია, გესმის, რომ საქმე ქერაში არაა. მსგავსი ხუმრობები ქალების დამცირებაა, მათი უტვინოებად, სულელებად, თავდაჯერების არმქონეებად გამოყვანა. ეს სასაცილო ნამდვილად არაა. ცალკე ყურადღების ღირსია ხუმრობები ქალზე ძალადობაზე. ეს ნამდვილი წითელი ალამია, აშკარა სიგნალი იმისა, რომ თავს უნდა უშველო.
იგი სხვა გოგონების გარეგნობას აკრიტიკებს
ფუი! იდეა იმის შესახებ, რომ ამქვეყნად ყველა გოგო ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც მხოლოდ მას მოსწონს, და რომ ვიღაცის წინაშე ვალში ვართ, უბრალოდ ძალიან სასაცილო და გამაღიზიანებელია. ჩვენი გარეგნობა ისეთი უნდა იყოს, როგორც მოგვწონს ჩვენ და არა – ვინმე სხვას, თუნდაც ეს სხვა ჩვენი ამჟამინდელი რჩეული იყოს.
იგი ბოდიშს არასოდეს იხდის და მიაჩნია, რომ მაინც აპატიებ
რატომღაც, ბევრს ჰგონია, რომ გოგო შტერი და ფუმფულაა, მის ნებისმიერ ქცევას გაიგებს და აპატიებს, თუნდაც ბოდიშის მოხდის გარეშე. ეს ასე რომ არაა, იმედია, შენც კარგად იცი.
იგი დაუდევრად ეპყრობა შენს გრძნობებს
ჰო, რა თქმა უნდა, გოგონები მტირალები ვართ. მთელი ცხოვრება, ერთი დაუსრულებელი პიემესი გვაქვს. თუ იგი პატივს არ სცემს შენს გრძნობებს და მიაჩნია, რომ ყველაფერი „გოგოური“ სისულელეა, ე. ი. იგი შენ არ გცემს პატივს. და რაში გჭირდება ადამიანი, რომელსაც შენ მიმართ პატივისცემის ნატამალი არ გააჩნია?
იგი არ გისმენს, როდესაც სექსიზმის პრობლემებზე საუბრობ
მას მიაჩნია, რომ ფემინიზმი საშინელი დეიდების მოგონილია, რომლებიც არავის მოსწონს და არავის სჭირდება, სექსიზმი კი სინამდვილეში საერთოდ არ არსებობს. No comments.