გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ: ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, 12 ივნისს სასამართლოს ოფიციალურად მიმართა (შუამდგომლობა #00009495, პუნქტი 6.5 და 6.6) და საფართან დაკავშირებული, მათ შორის ჩვენი ბენეფიციარების, პირადი მონაცემები მოითხოვა. 13 ივნისს სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა (ბრძანება #3/4532-25, პუნქტი 7.5 და 7.6). კერძოდ, ანტიკორუფციული ბიუროს #00009495 შუამდგომლობის 6.5 და 6.6 და თბილისის საქალაქო სასამართლოს #3/4532-25 ბრძანების 7.5 და 7.6 პუნქტებში ვკითხულობთ:
“ხელშეკრულების / შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის აღწერილობის, მიზნის, განხორციელების, თარიღის, ადგილის, დროის, ბენეფიციარების, მონაწილე პირების, (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მიღწეული შედეგებისა და აქტვობის ამსახველი ვიდეო-ფოტო მასალის მითითებით.”
“ხელშეკრულების/შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის აღწერილობის, მიზნის, განხორციელების, თარიღის, ადგილის, დროის, ბენეფიციარების, მონაწილე პირების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და მიღწეული შედეგების მითითებით.”
მიუხედავად ამისა, კუპრაშვილი ახლა ამტკიცებს, თითქოს მსგავსი მოთხოვნა არ ჰქონია — რაც დეზინფორმაციაა, რასაც ადასტურებს როგორც მისი შუამდგომლობა, ასევე სასამართლოს ბრძანება.
საფარმა და ბენეფიციარმა ბავშვმა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე გავასაჩივრეთ და ვითხოვდით მის გაუქმებას, ვინაიდან ის შეეხებოდა პერსონალურ და სენსიტიურ მონაცემებს, რასაც სათანადო სამართლებრივი შეფასება არ ახლდა. ეროვნულმა სასამართლომ საჩივრები არ დააკმაყოფილა.
ამიტომ, ბენეფიციარმა ბავშვმა გაეროს ბავშვთა კომიტეტს მიმართა. კომიტეტმა დაუყოვნებლივ გამოსცა დროებითი ღონისძიება და სახელმწიფოს მოსთხოვა, რომ სასამართლოს #3/4532-25 ბრძანების აღსრულებისას, თავიდან იქნას აცილებული ბენეფიციარის პირადი ინფორმაციის გამოთხოვა, გადაცემა ან/და გასაჯაროება.
რაც შეეხება კუპრაშვილის განცხადებას, თითქოს არასრულწლოვან ბენეფიციარს ბიურო დაუყოვნებლივ გამოეხმაურა — ესეც მცდარი ინფორმაციაა: ბენეფიციარის წერილი ბიუროში 3 ივლისს შევიდა, ხოლო პასუხი მხოლოდ 23 ივლისს, გაეროს ბავშვთა კომიტეტის ჩარევის შემდეგ გაეცა.
მივმართავთ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სასამართლოს: იმოქმედეთ სამართლებრივად და, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, დროულად ასახეთ გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ გაცემული დროებითი ღონისძიება შესაბამის დოკუმენტებში.