როგორც იცით, 17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების — ძალადობის მსხვერპლი ქალების და ბავშვების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია.
საფარი არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოყვეს.
ჩვენ სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ.
როგორც უკვე იცით, საფარმა უკვე მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქალაქო სასამართლოს ბრძანების გასაუქმებლად, თუმცა ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
დღეს, 3 ივლისს, საფარმა ბიუროს ოფიციალური პასუხი გაუგზავნა, სადაც მითითებულია ჩვენი საჯაროდ ცნობილი ვებგვერდის მისამართი, რომელზეც, ასევე საჯაროდაა განთავსებული დეტალური ინფორმაცია საფარის საქმიანობის, გუნდის, პროექტების, დონორების, ფინანსური ანგარიშების, კვლევების და კამპანიების შესახებ.
იხილეთ სრულად: საფარის პასუხი ანტიკორუფციულ ბიუროს