აპრილში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის კათედრის პროფესორის სარა გილბერტის (Sarah Gilbert) სამმა შვილმა, 21 წლის ტყუპებმა, რომლებიც ბიოქიმიას შეისწავლიან, გადაწყვიტეს, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდაში მიეღოთ მონაწილეობა.
58 წლის სარა გილბერტი ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევით ჯგუფს ხელმძღვანელობს. იგი მუშაობაში დღეს და ღამეს ასწორებს, რათა თავისი წვლილი შეიტანოს პანდემიასთან სწრაფი ბრძოლის საქმეში.
აპრილში, ოქსფორდმა კონტრაქტი დადო ბრიტანულ ფარმაცევტულ გიგანტთან AstraZeneca, რათა უზრუნველყოფილიყო ვაქცინის გლობალური წარმოება და მომარაგება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. AstraZeneca დათანხმდა, ვაქცინა გაეყიდა არაკომერციულ ფორმატში და რამდენიმე მწარმოებელთან გააფორმა ხელშეკრულება 2 მილიარდზე მეტი დოზის საწარმოებლად.
ორ ათწლეულზე მეტია, რაც სარა გილბერტი სხვადასხვა ვაქცინის შემუშავებაზე ანონიმურად მუშაობს. მისი კვლევები სამეცნიერო წრეებს მიღმა იშვიათად განიხილებოდა. აპრილის ბოლოსკენ, ვაქცინის გამოცდის ვადის მაქსიმალური შემჭიდროების პირობებში (ჩვეულებრივ, ეს პროცესი არანაკლებ 4 თვისა გრძელდება ხოლმე), გილბერტმა და მისმა კოლეგებმა ოქსფორდის ჯენერის ინსტიტუტიდან ვაქცინის გამოცდა იწყეს 1100 ადამიანზე. ბრიტანეთის მთავრობაში მას „მსოფლიოში ყველაზე სწრაფი“ უწოდეს. მკვლევარის გუნდი ოქსფორდში ამჟამად 250-მდე ადამიანს მოიცავს. გილბერტი ვაქცინის საიმედოობაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ მისი ეფექტიანობა 80%-ს უტოლდება.
ანუ, ვაქცინა, სავარაუდოდ, არ იქნება 100%-ით ეფექტიანი – ყველა ვაქცინა როდი აძლევს ბიძგს ე. წ. მასტერილებელ იმუნიტეტს; ამ დროს ორგანიზმი გამანეიტრალებელ ანტისხეულებს გამოიმუშავებს, რომლებიც უჯრედში ვირუსის შეღწევას ბლოკავენ. ზოგიერთი ვაქცინა ინფექციისგან დასნებოვნებისგან არ გვიცავს, თუმცა, დაავადებისგან დასაცავად, იმუნური სისტემა მოჰყავს საბრძოლო ფორმაში. ჯონას სოლკის (Jonas Salk) მიერ გამომიშავებული პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აჩერებს ინფექციას, მაგრამ გვიცავს იმ დაავადებისგან, რომელმაც მილიონობით ადამიანი დაასახიჩრა.
ოქსფორდის ჯგუფი, ალბათ, ვერ იქნებოდა ასე ახლოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასთან, რომ არა პანდემიის გამომწვევი სხვა სასიკვდილო პათოგენის, ებოლას, არსებობა. 2014 წელს, ჯენერის ინსტიტუტი ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას შეუდგა. ამ გამოცდილებამ გუნდს სისწრაფის მნიშვნელოვნება აჩვენა, როდესაც 1კვირასაც კი სასიცოცხლო მნიშვნელობა მიენიჭა.
როდესაც გილბერტმა ახალ წელს ჩინეთში გავრცელებული პნევმონიის შესახებ შეიტყო, იგი ვერ წარმოიდგენდა, თუ რა სისწრაფით მოედებოდა იგი მსოფლიოს. როგორც კი 10 იანვარს ჩინელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის გენეტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნეს, გილბერტი მაშინვე საქმეს შეუდგა.
ვიდრე ოქსფორდი და AstraZeneca ვაქცინით მთელ მსოფლიოს მოამარაგებენ, დადებითი შედეგებია მისაღები ტესტირების ბოლო სტადიაზე, მოსაგვარებელია ფართომასშტაბიანი წარმოების პრობლემები და ექსტრემალური შემთხვევებისთვის ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვების სწრაფად მიღების საკითხი.