თანასწორობის პოლიტიკა

შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც ქალის ჰიგიენის პროდუქტები უფასო იქნება

2018 წელს ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის მცხოვრებ ქალთა 25%-ზე მეტი სამსახურს ან სწავლას იმის გამო აცდენს, რომ მენსტრუაციისთვის საჭირო პროდუქტის შეძენა არ შეუძლია.

შოტლანდიის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ქალებს უფასოდ დაურიგდებათ ტამპონები და ჰიგიენური საფენები. შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც მსგავსი პროექტი განხორციელდება.

ქალის ჰიგიენის პროდუქტები უფასოდ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში – საზოგადოებრივ ცენტრებში, ახალგაზრდულ კლუბებსა და აფთიაქებში დარიგდება. ყოველწლიურად, ამ საქმისთვის ქვეყანა 24,1 მილიონ ფუნტს (31,2$ მილიონი) გაიღებს.

26 თებერვალს კანონპროექტმა პირველი განხილვა ისე გაიარა, რომ პარლამენტში 112 ხმა მიიღო – წინააღმდეგი არავინ წასულა, ერთმა კაცმა თავი შეიკავა. ახლა მეორე ეტაპი მოდის, როდესაც შოტლანდიის ავტონომიური პარლამენტის წევრებს კანონპროექტში ჩასწორებების შეტანა შეუძლიათ.

კანონპროექტის განხილვისას მიმდინარე დებატების დროს, მისმა ავტორმა მონიკა ლენონმა განაცხადა, რომ კანონის მიღება „შოტლანდიაში მენსტრუაციის ნორმალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რათა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ იმის განცდა, თუ და სერიოზულად ეკიდება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გენდერული თანასწორობის საკითხებს“.

ჯერ კიდევ 2018 წელს, შოტლანდიამ უფასო ჰიგიენური პროდუქტების დარიგების პრაქტიკა სკოლებში, კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დანერგა. ასევე, ქვეყანაში პირადი ჰიგიენის პროდუქტებზე ბეგარის შემცირება იგეგმებოდა, მაგრამ ამას ევროკავშირის წესებმა შეუშალა ხელი.

www.independent.co.uk