აშშ-ის სამედიცინო ასოციაციის მიერ შემუშავებული პრინციპები მედიკოსებს ავალდებულებს, „პაციენტს გაუწიონ კომპეტენტური სამედიცინო მომსახურება და გულისხმიერებითა და პატივისცემით მოეპყრან ადამიანის ღირსებას და უფლებებს. თუმცაღა, აღმოჩნდა, რომ სამედიცინო საბჭოები, ყველაზე ხშირად, პრაქტიკოსი ექიმების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებ მსჯელობენ.
ამერიკის სამედიცინო საბჭოების ფედერაცია სექსუალურ ძალადობას განსაზღვრავს როგორც ნებისმიერ სექსუალურ ქცევას პაციენტთან, ან იმგვარ ქცევას, რომელიც შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც სექსუალური ქცევა. არსებული მონაცემების თანახმად, ექიმის მიერ განხორციელებული სექსუალური ძალადობა, მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს პაციენტზე. მაშინაც კი, როცა ორივე მხარე „თანახმაა“ სექსუალურ ურთიერთობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად პაციენტს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ან სახეზეა შესამჩნევი ძალაუფლებრივი და სტატუსთან დაკავშირებული უთანასწორობა და პაციენტის ემოციური მოწყვლადობა.
ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა, შერეული მეთოდით ჩატარებული კვლევის ფარგლებში, გააანალიზა სექსუალური ძალადობის 101 შემთხვევა სამედიცინო სფეროში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 – 2015 წლებში. მკვლევრებმა კონტენტ ანალიზის მეთოდის გამოყენებით შეისწავლეს მედიკოსების, მსხვერპლი პაციენტების, სამედიცინო პრაქტიკის ჩარჩოს, სექსუალური ძალადობის ტიპების მახასიათებლები და შედეგები, რომელიც მოძალადეებისთვის მოჰყვა საქმეების გახმაურებას.
აღმოჩნდა, რომ მოძალადე ექიმების 100% მამრობით სქესისაა (აშშ-ში ექიმების 66% არის მამრობითი სქესის), ხოლო მათი სრული უმრავლესობა 39 წელზე უფროსია. აღსანიშნავია, რომ მოძალადე ექიმების 69%-ს სპეციალური სერტიფიცირება (board sertification) არ გაუვლია (ამ ტიპის სერტიფიცირება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს, თუმცა ამერიკელი ექიმების მხოლოდ 24%-ს არ აქვს აღნიშნული სერტიფიკატი). მოძალადეს ხშირ შემთხვევაში 5 და მეტი მსხვერპლი ჰყავდა, მათი 60% ზრდასრული, ხოლო 89% ქალი იყო. შემთხვევების 96%-ში, ძალადობას განმეორებითი ხასიათი ჰქონდა. ძირითად შემთხვევებში (87%), დამნაშავემ დაკარგა ან შეუჩერდა სამედიცინო ლიცენზია, მაგრამ ხშირად ლიცენზიის დაკარგვა დროებითი იყო, ან მხოლოდ ერთი შტატით შემოიფარგლებოდა.
ძალადობის ფორმებად მკვლევრებმა გამოყვეს: გაუპატიურება, არასასურველი შეხება, ბავშვების შევიწროება, მასტურბაცია პაციენტის თანდასწრებით, სექსი პაციენტთან ორივე მხარის „თანხმობის“ მიუხედავად. აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში, პაციენტების წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ძალადობის რამდენიმე ფორმას ერთდროულად.
შემთხვევების გაანალიზებისას, მკვლევრები, სხვა მეთოდებთან ერთად, სისხლის სამართლის ჩარჩოს იყენებდნენ – თითოეული შემთხვევა განხილულ იქნა შემდეგი კრიტერიუმებით: ძალადობის მოტივი, საშუალება და ხელსაყრელი პირობები. ირკვევა, რომ პაციენტზე სექსუალური ძალადობის მოტივი ძირითად შემთხვევაში სექსუალური კმაყოფილების სურვილი იყო. საშუალებებსა და ხელსაყრელ პირობებს რაც შეეხება, ექიმს, დასავლურ კულტურაში, აქვს საჭირო სოციალური ძალაუფლება, პაციენტს მოსთხოვოს გახდა და ჩაუტაროს სამედიცინო მანიპულაციები სხვათა მეთვალყურეობის გარეშე, რაც შეიძლება ჩაითვალოს ძალადობისთვის ხელსაყრელ პირობად.
სექსუალური დანაშაულის შესახებ კვლევის ჩატარებისას, მეტნაკლებად, რეალური სურათის მიღებაში, მკვლევრებს ხელს უშლის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ძალადობის გაცხადების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა სტატისტიკურ მონაცემებში მისი დაფიქსირება არ მოხდეს, როგორც სექსუალური ძალადობისა. მკვლევრებს ხელი არ მიუწვდებათ პიროვნების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე, რაც მათ აბრკოლებს, ბოლომდე მიყვნენ შემთხვევების განვითარებას. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ზუსტი სტატისტიკის წარმოება შეუძლებელია, რადგან ძალადობის მსხვერპლი 10 პაციენტიდან მხოლოდ 1 მიმართავს სამართალდამცავებს, რაც გაცილებით ნაკლებია მთლიანი ქვეყნის მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც, სექსუალური ძალადობის მსხვერპლების 36% მიმართავს პოლიციას. მიზეზი იმისა, რომ პაციენტების 90% თავს არიდებს შემთხვევის გახმაურებას არის: 1. სირცხვილი; 2. შიში, რომ არ დაუჯერებენ; 3. „მონაწილეა“ დანაშაულის, რადგან სექსის ნაცვლად, ნარკოტიკებს სთავაზობენ 4. არ იცის, რომ გარკვეული სახის მანიპულაცია (მაგ: ვაგინალური გამოკვლევა უხელთათმანოდ) საჭირო არ არის.
მკვლევართა ჯგუფმა, მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რეკომენდაციები მოამზადა სხვადასხვა აქტორისათვის, კერძოდ:
- სამედიცინო სკოლებისთვის, რომლებსაც მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ტრეინინგის მოდულში სამედიცინო ეთიკის ნორმებს და კარგად განუმარტონ მომავალ ექიმებს მათი უფლებები და მოვალეობები. ასევე, სკოლებმა არ უნდა დაუშვან, ძალადობრივ ქმედებაში მონაწილე სტუდენტებისთვის სამედიცინო ხარისხის მიცემა და აუცილებლად აცნობონ სამართალდამცავებს კანონდარღვევის შესახებ.
- სამედიცინო საბჭოებს მეტი ღიაობისკენ მოუწოდა და სთხოვა, უზრუნველყონ ძალადობასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებზე წვდომა, რაც ხელს შეუწყობს მკვლევრებს, ძირეულად შეისწავლონ პრობლემა (მსგავსი რეკომენდაციით, მკვლევართა ჯგუფმა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსაც მიმართა). გარდა ამისა, სამედიცინო საბჭოებმა აუცილებლად უნდა განაცხადონ პოლიციაში მათთან შესული დადასტურებული საქმეების შესახებ.
- და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის. კვლევის ფოკუსში მოექცნენ ძალადობის მსხვერპლები: ბავშვები, რომლებსაც გამოკვლევები ან მკურნალობა მეთვალყურეობის გარეშე უტარდებოდათ. ზრდასრულები, რომელთაც ან ვერ შენიშნეს ექიმის მხრიდან უხერხული შეხება, ან შენიშნეს, მაგრამ იმდენად დაბნეულები და გაკვირვებულები იყვნენ, ვერ განაცხადეს ამის შესახებ. ზოგიერთი მათგანი გაჩუმდა არასასურველი შეხების დროს და საბოლოოდ საქმე სექსუალურ ძალადობამდე მივიდა. მკვლევრები მათ განუმარტავენ, რომ პაციენტი არ შეიძლება, იყოს დადანაშაულებული მის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში და სპეციალურ ზედამხედველობით ორგანოებს ევალებათ მათი დაცვა, თუმცა ასევე, თავად პაციენტების გაძლიერებაც აუცილებელია. პაციენტებმა საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ როგორც პოლიციას, ასევე დისციპლინარულ საბჭოს. გარდა ამისა, თუ მათ ეჭვი ეპარებათ გარკვეული სამედიცინო მანიპულაციის საჭიროებაში, ან არ ესმით, რატომ სთხოვს ექიმი გახდას, აუცილებლად უნდა მოითხოვონ განმარტებები. მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანის გასინჯვას ესწრებოდეს მშობელი ან დამხმარე სამედიცინო პერსონალი. პაციენტს უნდა ახსოვდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დახუჭოს თვალი არასასურველ შეხებასა და სიტყვიერ შენიშვნებზე, რადგან მძიმე შემთხვევების უდიდესი ნაწილი, როგორიცაა მაგალითად გაუპატიურება, სწორედ მსგავსი ხასიათის ქმედებებით იწყება.
თარგმანი: ანა გვალია
წყარო: ncbi.nlm.nih.gov