თანასწორობის პოლიტიკა / სტატიები

სკანდალი ჰიჯაბის გამო – ჭადრაკის მსაჯი ირანში აღარ ბრუნდება

32 წლის ირანელი საერთაშორისო არბიტრის შოჰრე ბაიატის (Shohreh Bayat) კარიერაში, საჭადრაკო ჩემპიონატი ქალთა შორის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა – პირველად მსოფლიო პირველობაზე, იგი მთავარი მსაჯის როლში მოგვევლინა.

მაგრამ, ეს მოვლენა ირანის მედიაში შოჰრე ბაიატის შანხაიში გადაღებულმა ფოტოებმა გადაფარა, სადაც იგი თავსაბურავის გარეშეა აღბეჭდილი, ეს კი მის ქვეყანაში ყველა ქალს ეკრძალება.

შოჰრე ბაიატი ამბობს, რომ ამიერიდან, იგი უსაფრთხოდ ვეღარ იცხოვრებს, და თუ ირანში დაბრუნდება, ქალებისთვის გაწერილი დრესკოდის დარღვევის გამო დააკავებენ.

„მობილური ჩავრთე და ვნახე, რომ ეს ფოტო ყველგანაა გავრცელებული. ისინი ამტკიცებენ, რომ უხამური ვიყავი და ეს ჰიჯაბის ტარების მიმართ პროტესტის ნიშანი იყო. ეს მოთხოვნა ჩემს შეხედულებებს ეწინააღმდეგება. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, ისე ჩაიცვან, როგორც მათ სურთ, და მათ არ უნდა აიძულებდნენ გარკვეული წესის მიხედვით შემოსვას. მე იმიტომ ვიცავდი ამ წესებს, რომ ირანში ვცხოვრობდი და სხვა გზა არ მქონდა“, – ამბობს შოჰრე ბაიატი. მისი თქმით, შაიხაიში ტურნირისას, მას თავზე ეხურა, თუმცა, კატეგორიულად არ ეთანხმება წესს, რომელიც ირანელ ქალებს აიძულებს, აუცილებლად ატარონ ჰიჯაბი.

მაგრამ, ამჯერად ბაიატი სერიოზული პრობლემების წინ აღმოჩნდა. ირანულ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე, შოჰრე ბაიათი აღბეჭდილია თავსაფრით მხრებზე, მაგრამ არა – თავზე. სხვა ფოტოებზე, მას ჰიჯაბი უკვე თავზე აქვს მოხვეული.

ბაიატი ამბობს, რომ ირანის ჭადრაკის ფედერაციამ მას „რაღაცის დაწერა“ მოსთხოვა, მის ფოტოსთან დაკავშირებით. როგორც იგი ხვდება, მისგან ბოდიშს და ირანული დრესკოდის დასაცავ სიტყვას ელოდნენ.

მან უარი თქვა.

ამ უარის შემდეგ, იგი ფიქრობს, რომ ირანში დაბრუნება სარისკოა.

„ირანის ციხეებში ბევრი ქალია, რომლებიც იქ სწორედ ჰიჯაბის გამო მოხვდნენ. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მათ ჩემგან სხვა ქალების დასაშინებელი მაგალითის შექმნა შეუძლიათ“, – ამბობს ბაიატი.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია (ფიდე) მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, ვინაიდან, შოჰრე ბაიათის ამბავი ფედერაციის წესებს არ ეხება.

მაგრამ, ინგლისელმა მოჭადრაკემ, გროსმაისტერმა ნაიჯელ შორტმა, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტმა, შოჰრე ბაიატის ფოტო გამოაქვეყნა და იგი ქალთა მსოფლიო პირველობაზე შესანიშნავი მუშაობისთვის შეაქო.

შოჰრე ბაიატი იმედგაცრუებულია იმით, რომ მის ჩაცმულობაზე საუბარი ყველა მის პროფესიულ საქმიანობას ფარავს. უმაღლესი კლასის საერთაშორისო არბიტრებს შორის, სულ რამდენიმეა ქალი, და მათ შორისაა იგი. აზიის ქვეყნებში იგი ერთადერთი საერთაშორისო არბიტრი ქალია.

შოჰრემ ჯერჯერობით არ იცის, რა იქნება მომავალში. იგი ამბობს, რომ ამიერიდან უჰიჯაბოდ გამოჩენა შეუძლია. „ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ძალიან მწყდება გული, რადგან ოჯახთან განშორება მიწევს. არჩევანის საშუალება რომ მქონდეს და ირანში დაბრუნება რომ შემეძლოს, რა თქმა უნდა, ამას ვარჩევდი. მაგრამ, ნამდვილად არ ვიცი, რა მელის იქ“, – ამბობს იგი.

ახლახან, ცნობილი გახდა, რომ ერთადერთმა ირანელმა ოლიმპიელმა ქალმა – ტაეკვონდოელმა კიმია ალიზადემ (Kimia Alizadeh) – ირანი პოლიტიკური მიზეზების გამო დატოვა.

წუარო: bbc.com