ნიუ-იორკში, იმ სასამართლოს წინ, სადაც ჰარვი ვაინშტაინს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სამშაბათს მედუზა გორგონას ორმეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება აღიმართა, რომელიც, სიმბოლურად, მოძრაობა #MeToo-ს განასახიერებს. მისი ავტორი, ლუჩანო გარბატი, აღორძინების ეპოქის შემოქმედის, ბენვენუტო ჩელინის “პერსევსითაა” შთაგონებული, რომელიც XVI საუკუნეში შეიქმნა და ამჟამად ფლორენციის პალაცო სინიორიაზე მდებარეობს. პერსევსის ამ ქანდაკებას ხელში მედუზას მოკვეთილი თავი უჭირავს. ბერძნული მითოსის თანახმად, მედუზა მშვენიერი გოგონა იყო, რომელიც პოსეიდონმა ათენას ტაძარში გააუპატიურა. ათენამ, პოსეიდონის დასჯის ნაცვლად, გოგონა უჩხულად აქცია, რომელსაც თმის ნაცვლად თავზე გველები ეხვია. ვინც მას შეხედავდა, ქვავდებოდა. მისი მოკვლა პერსევსმა მხოლოდ ფარში ჩახედვის საშუალებით შეძლო.
მედუზას ქანდაკების ავტორი, ჩელინის სკულპტურის საპირისპიროდ, ამაყად წარმოგვიდგენს გორგონას, პერსევსის მოკვეთილი თავით და მახვილით ხელში.
სკულპტურა 2008 წელსაა შექმნილი. როდესაც ავტორმა მისი ფოტო 2018 წელს სოცქსელებში გამოაქვეყნა, მისი პოპულარობა კამპანია #MeToo-ს აგორებას დაემთხვა. ამიტომ, ამერიკელმა მხატვარმა ქალმა ნეკ ანდერსენმა წინადადება შემოიტანა, აქციის Art in the Park ფარგლებში, ეს ქანდაკება ნიუ-იორკში დაედგათ, როგორც #MeToo-ს სიმბოლო, – მოძალადეზე გამარჯვებული ქალი.
თუმცა, როდესაც ნიუ-იორკში ქანდაკების ბრინჯაოს ვერსიის დადგმა გადაწყდა, გაიშალა დისკუსია, – იქნებოდა თუ არა სინამდვილეში იგი #MeToo-ს სიმბოლო?
ჯერ ერთი, კრიტიკოსებმა უცნაურად აღიქვეს ფაქტი, რომ კაცის ავტორობით შექმნილი ეს ქანდაკება ზუსტად კაცების გემოვნების დასაკმაყოფილებელ ვიზუალზეა მორგებული. მეორეც, თუ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ მედუზას პერსევსის კი არა, პოსეიდონის თავი უნდა ეჭიროს, რადგან სწორედ მან გააუპატიურა. ასევე, მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა აქტივისტმა ვაგატავე ვანჟუკიმ: “#MeToo აფროამერიკელის წამოწყებულია, მაგრამ სკულპტურა ევროპელ, თეთრკანიან ქალს ასახავს, და მისი გარეგნული მხარე მთლიანად აგებულია კაცის მიერ ქალის აღქმაზე!”, – განაცხადა მან.
სკულპტურა დასახელებულ ადგილზე ნახევარი წლის მანძილზე იდგება.