გერმანელ ქალებს სიხარულის მიზეზი აქვთ: ქვეყანაში გაიაფდა ტამპონები, საფენები, მენსტრუალური ჭიქები და ქალის ჰიგიენის სხვა საშუალებები. ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტების კამპანია წარმატებით დაგვირგვინდა.
დიახ, 2020 წლის დადგომამდე, გერმანიაში ზემოთ დასახელებული პროდუქცია იბეგრებოდა, როგორც ფუფუნების საგანი.
დღეს, ქალის ინტიმური ჰიგიენის პროდუქცია გაიაფდა, რომელიც აქამდე, თამბაქოს ნაწარმისა და ალკოჰოლის მსგავსად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში „ფუფუნების საგნად“ იყო მიჩნეული და მაქსიმალური ნიხრით იბეგრებოდა.
გერმანელი პარლამენტარების აზრი ონლაინ პლატფორმა Change.org-ზე განთავსებულმა ელექტრონულმა პეტიციამ შეცვალა, რომელიც 2018 წელს ორმა ჰამბურგელმა სტუდენტმა – ქალთა უფლებების აქტივისტებმა – ნანა-იოზეფინე როლოფმა (Nanna-Josephine Roloff) და იასმინ კოტრამ (Yasemin Kotra) შექმნეს. პეტიციამ მალე 200 000-ამდე ხელმოწერა შეაგროვა, და მისი ხელმომწერნი იყვნენ არამხოლოდ ქალები, არამედ – კაცებიც.
გერმანელმა ჟურნალისტმა იულე შულტემ (Jule Schulte) განაცხადა, რომ მენსტრუაცია ბუნებრივი პროცესია ქალის ორგანიზმში, და იგი მისი ცხოვრების 40 წლის მანძილზე ყოველთვიურად ხდება. ასე რომ, ინტიმური ჰიგიენის ერთჯერადი საშუალებების შეძენაზე ქალს ისედაც ბევრი თანხა ეხარჯება. პეტიციის ერთ-ერთი ავტორი როლოფი უფრო შორს წავიდა და ქალის ჰიგიენის საშუალებების მაღალი ნიხრით დაბეგვრას „სქესის ნიშნით სადაგასახადო დისკრიმინაცია“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ამ მხრივ გერმანიას დიდი ხნის წინ გაუსწრო. მაგალითად, კენიაში მსგავს საქონელზე დამატებითი ღირებულების გადასახადი ჯერ კიდევ 2011 წელს გაუქმდა. იგი გაუქმებულია კანადაში, ავსტრალიასა და ინდოეთშიც, მნიშვნელოვნად დაკლებული – საფრანგეთში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში.