სექსუალობა / სტატიები

TaTa Top – ძუძუსთავების კრეატიული იმიტაცია

კაცებს თავისუფლად შეუძლიათ წელსზემოთ გაშიშვლება მაშინ, როცა მოეპრიანებათ, მაგრამ ქალებისთვის ამგვარი ფუფუნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ადგილას აკრძალულია. ჰოდა, ამ სხვაობის აღმოსაფხვრელად, დიზაინერებმა 2014 წელს ახალი სტილის საცურაო აზღუდი შექმნეს – TaTa Top, რომელსაც ძუძუს კერტების ადგილას ხელოვნური, ვარდისფერი კერტები აქვს დატანილი. ერთი შეხედვით, ამ მხიარული ხუმრობის მიღმა გაცილებით სერიოზული თემა იმალება; სამოსის ამგვარი რეალისტური იმიტაციის შექმნა ქალებსა და კაცებს შორის უთანასწორობასთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა. შექმნიდან უკვე მეოთხე სეზონი მოდის და TaTa Top-ის პოპულარობა არ კლებულობს. ქალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ფოტოებს იღებენ მასში და TaTa Top-ის ფეისბუქ გვერდს უზგავნიან.

„რატომ არ შეიძლება, გოგონებმა აზღუდის გარეშე იარონ? თუ თქვენ მართლაც დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა განსხვავებაა ქალისა და კაცის ძუძუსთავებს შორის? არის თუ არა ეს სარძევე ჯირკვლის უბრალოდ ზედმეტი ქსოვილი? ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქალის მკერდი ვაგინასთან მოდის წყვილში? ნუთუ ისეთი საშინელებაა ქალის ძუძუსთავი, რომ იგი მუდმივად დაფარული უნდა იყოს? რა გზავნილია ეს ახალგაზრდა ქალებისთვის, როგორ უნდა მოეპყრან ისინი საკუთარ სხეულებს? უნდა რცხვენოდეთ და დაიფარონ? შეგახსენებთ, რომ შიშველი მკერდი მხოლოდ და მხოლოდ შიშველი მკერდია და დროა, მისგან პრობლემის შექმნას თავი დავანებოთ“, – წერენ საკუთარ ვებგვერდზე ბიკინის შემქმნელები, მხატვარ-დიზაინერები რობინ გრეივსი (Robyn Graves) და მიშელ ლითლი (Michelle Lytle). TaTa Top-ის შექმნის იდეა ერთ-ერთ მათგანს თავში მაშინ მოუვიდა, როდესაც საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ ძალით ამოათრიეს ამსტერდამელი ტოპლეს ტურისტი გოგონები მიჩიგანის ტბიდან.

აქამდე, ორმაგ გენდერულ სტანდარტთან საბრძოლველად, რეჟისორმა ლინა ესკომ (Lina Esco) კამპანია #FreeTheNipple წარმოიწყო, რომელსაც ათასობით ამერიკელი ქალი შეუერთდა.

TaTa Top ქალებს სთავაზობს, მკერდის ნამდვილი მოშიშვლების გარეშე, კანონდარღვევის გვერდის ავლით გამოხატონ პროტესტი. „ისე ჩანს, რომ ქალი ტოპლეს დადის, მაგრამ ეს ასე არაა – იგი კანონს არ არღვევს. თუ დაუფარავი ძუძუსთავის დემონსტრირებისას ან ბრაზდებით, ან გეშინიათ, ამ თამაშის დროს მხოლოდ გოგონას მკერდია გამარჯვებული“, – ვკითხულობთ ვებგვერდზე.

ძუძუსთავებიანი საცურაო ზედა ნაწილის შეძენა ხელმისაწვდომია ღია, საშუალო და მუქი ფერის კანის მქონეთათვის. TaTa Top $28 ღირს, საიდანაც $5 ლინ სეიჯის ძუძუს კიბოს კვლევით ფონდში (Lynn Sage Cancer Research Foundation) ირიცხება.