"საფარის" საქმეები / იურიდიული დახმარება / ოჯახში ძალადობა / ქალზე ძალადობა

თეა ხაჩიროვი: თავიდანვე რომ ასეთი მხარდაჭერა მქონოდა, ამ საშინელებაში ამდენი წელი არ ვიცხოვრებდი

თეა ხაჩიროვი ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთიდანაა. გარდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიისა, როდესაც იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად ფუძე დაეტოვებინა და წეროვანში დასახლებულიყო, მას პირადი მძიმე ისტორია აქვს: წლების მანძილზე, ქმრისგან სასტიკი ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ატანა უწევდა.

თეა ხაჩიროვი: ყოფილა შემთხვევა, ქმარს ისე ვუცემივარ, რომ თავად მასაც კი მკვდარი ვეგონე. როდესაც „საფარს“ მივმართე, ჩემი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.

კონკრეტულად რა იურიდიული მომსახურება მიიღეთ აქ?

„საფარი“ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში დამეხმარა: ალიმენტის დანიშვნაში, დამცავი ორდერის გაცემაში, ამჟამად კი ქონებრივი დავის მოგვარების პრობლემაზე ვმუშაობთ. ჩემი ყოფილი ქმარი ბავშვებს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას და მოხარული ვარ, რომ ალიმენტის გადახდა დაეკისრა.

დიდი ხანია, რაც ამ ძალადობრივ გარემოში გიწევთ ცხოვრება?

12 წელი… არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, რომ ამ კოშმარისთვის წერტილის დასმის შესაძლებლობა არსებობდა, რომ ჩემი უფლებების დაცვა შემეძლო, რომ ამ ძალადობრივი პროცესის ზოგადად დასრულება შესაძლებელი იყო.

„საფარი“ როგორ აღმოაჩინეთ?

ჩემზე განხორციელებული ძალადობის ერთ-ერთი მორიგი შემთხვევისას, პოლიციაში განვაცხადე. პოლიციამ დევნილებისთვის განკუთვნილ ფსიქოლოგიურ სერვისთან გადამამისამართა. ჩემი ისტორიის გაცნობის შემდეგ, ფსიქოლოგმა ორგანიზაცია „საფარში“ მოსვლა მირჩია. მან მითხრა, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადამედგა, რადგან ოჯახში დარჩენის შემთხვევაში, ჩემს სიცოცხლეს მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრებოდა. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასევე საშინლად აისახებოდა ბავშვების ფსიქიკაზე.

ბავშვები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

ისინი 10 და 12 წლისანი არიან. საოცრად უხარიათ, ამ ჯოჯოხეთს თავი რომ დავაღწიეთ.

თავად მოძალადე რას ამბობს?

ამ მდგომარეობას ვერანაირად ვერ შეეგუა, მემუქრება, როგორც ზოგადად მოძალადეებს სჩვევიათ ხოლმე. თუმცა, მე მისი უკვე აღარ მეშინია, რადგან გვერდით მიდგას „საფარი“, მისი ადვოკატები. ისინი ყველანაირად მეხმარებიან და მაძლიერებენ. თავიდანვე რომ ასეთი მხარდაჭერა მქონოდა, ამ საშინელებაში ამდენი წელი არ ვიცხოვრებდი…

რას ურჩევდით ქალებს, რომლებიც თქვენნაირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან და დღემდე ამ გარემოში ცხოვრებას განაგრძობენ?

მათ ვეტყოდი, რომ აუცილებლად უნდა გადადგან მკვეთრი ნაბიჯები. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მათ იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს და მიმდინარე პრობლემებს მოუგვარებს. „საფარი“ მათ უფლებებს დაიცავს, ყველანაირად მხარში დაუდგება და ბოლომდე მათ გვერდით იქნება. პირველ რიგში, ბავშვებზე უნდა იფიქრონ, ბავშვებისთვის აუცილებელია, ამ ძალადობრივ გარემოში არ იზრდებოდნენ. რა თქმა უნდა, ასე უფრო უკეთესები გაიზრდებიან და არც ფსიქიკა დაუმახინჯდებათ.

მე პირადად, ძალიან ვნანობ მოძალადე კაცთან გატარებულ 12 წელს და მიხარია, რომ თავისუფალი ვარ, ვაკეთებ იმას, რაც მინდა, მშვიდად მძინავს და არ მეშინია, რომ ყოფილი ქმარი საიდანღაც მოვა და ისევ შეურაცხყოფას და ძალადობას დაიწყებს.

ესაუბრა შორენა გაბუნია