Thomson Reuters Foundation-მა კვლევა გამოაქვეყნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცულობის შესახებ, რითიც ამ კუთხით ყველაზე სახიფათო ქვეყნები მონიშნა.
კვლევა ჩატარდა ექვსი ძირითადი სფეროს: ჯანდაცვის, დისკრიმინაციის, კულტურული ტრადიციების, სექსუალური ძალადობის, ძალადობის, ადამიანებით ვაჭრობის გათვალისწინებით.
“შვიდი წლის წინ, Thomson Reuters Foundation-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ქალებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ავღნეთი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, პაკისტანი, ინდოეთი და სომალი. წელს იმის გარკვევა ვცადეთ, თუ როგორ შეიცვალა სიტუაცია. ვცადეთ, დაგვედგინა, იხარჯება თუ არა მეტი ძალისხმევა იმ საერთო რისკების დასაძლევად, რასაც ქალები აწყდებიან ჯანდაცვის, დისკრიმინაციის, წეს-ჩვეულებების, სექსუალური ძალადობის, ზოგადად ძალადობისა და ადამიანებით ვაჭრობის კუთხით”, – აცხადებენ მკვლევარები.
კვლევის ფარგლებში, Thomson Reuters Foundation-მა 548 ექსპერტი გამოკითხა. მათ სთხოვეს, დაესახელებინათ ხუთი ყველაზე სახიფათო ქვეყანა ქალებისთვის, აგრეთვე ყველაზე უარესი ქვეყანა ზემოთჩამოთვლილი კატეგორიების მიხედვით. გამოკითხვა ჩატარდა 26 მარტსა და 4 მაისს შორის პერიოდში, ტელეფონით, პირადი ინტერვიუების ფორმატში.
ამჯერად, მსოფლიოში ქალებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნად ინდოეთი დასახელდა. მეორე ადგილზე ავღანეთია, მესამეზე – სირია. შემდეგია სომალი, საუდის არაბეთი, პაკისტანი, კონგო, იემენი, ნიგერია. როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, ათეულში ბოლო ადგილზე აშშ მოხვდა.
კვლევა სწორედ მაშინ გამოქვეყნდა, როცა მთელი ინდოეთი ორი არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების გამო პროტესტმა მოიცვა. ქვეყნის პოლიციის მონაცემების თანახმად, ინდოეთში ყოველდღიურად ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის 100-ამდე შემთხვევა ფიქსირდება.
დასავლური სამყაროს ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ქალებისთვის სახიფათო ქვეყნების ათეულში მოხვდა, აშშ-ია. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მოძრაობამ #MeToo, რომელიც ჰოლივუდის სექსუალურ სკანდალებს მოჰყვა. მიმართულებების უმრავლესობაში, აშშ არ ლიდერობს, თუმცა, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის კუთხით, ნამდვილად დიდი პრობლემები არსებობს.
“მსოფლიო ლიდერებმა სამი წლის წინ პირობა დადეს, რომ 2030 წლისთვის ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის ყველა ფორმა აღმოფხვრილი იქნებოდა და რომ მათ ექნებოდათ როგორც თავისუფალი ცხოვრების, ასევე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობა. მაგრამ, მიუხედავად ამ დანაპირებისა, შეფასების თანახმად, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ცხოვრების მანძილზე ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. კვლავ პრობლემად რჩება ადრეული ქორწინება: თითქმის 750 მილიონი ქალი და გოგონა 18 წლამდე ასაკში დაქორწინებულა ან ქორწინდება, რაც შედეგად მოზარდებს შორის ორსულობას იწვევს, ეს კი დარტყმის ქვეშ აყენებს მათ ჯანმრთელობას და ზღუდავს განათლებაზე ხელმისაწვდომობასა და შესაძლებლობების განვითარებას”, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.