სექსუალური ძალადობა

TikTok-ს ბავშვებზე მონაცემების უკანონო შეგროვების გამო რეკორდული ჯარიმა დააკისრეს

მოკლე ვიდეოებით პოპულარული აპლიკაცია TikTok 5,7$ მილიონს გადაიხდის, რათა 13 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ პირადი ინფორმაციის (ვინაობა, ელექტრონული ფოსტა, ადგილმდებარეობა) უკანონო შეგროვების გამო მისთვის წაყენებული ბრალდებები მოაგვაროს.

აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (US Federal Trade Commission) თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ TikTok-ისთვის დაკისრებული ჯარიმა ბავშვების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას უკავშირდება.

TikTok 75 მილიარდიან სტარტაპს, ByteDance-ს ეკუთვნის. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნახევარი მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. შარშან აგვისტოში, კომპანიამ TikTok-ს პოპულარული აპლიკაცია Musical.ly შეუერთა. სწორედ ამ უკანასკნელს ეხება ბავშვებთან დაკავშირებული ინფორმაციის უკანონო გავრცელება.

FTC-ის განცხადებით, იგი Musical.ly-ში არსებულ პრაქტიკებს იძიებს, მათ შორის – მცირეწლოვანი ბავშვების ადგილმდებარეობის დადგენისა და ამ ინფორმაციის შეგროვების პრაქტიკას. მიუხედავად მშობლების მხრიდან წამოსული ათასობით საჩივრისა, კომპანია ყურადღების მიღმა ტოვებდა არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციის წაშლის მოთხოვნებს და ამ მონაცემებს გაცილებით ხანგრძლივად ინახავდა, ვიდრე ეს საჭირო იყო.

TikTok-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი ისწრაფვის, „შექმნას ზომები“ მომხმარებელთა დაცვის მიზნით, მათ შორის – მშობლებისთვის, მათი ბავშვების დასაცავად.

Musical.ly-ს აშშ-ში 65 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა. TikTok-თან შეერთების შემდეგ, მან მშობლებისგან ათასობით საჩივარი მიიღო, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათი არასრულწლოვანი ბავშვები მათ უკითხავად ქმნიდნენ ანგარიშებს. როდესაც მშობლები ხმას იმაღლებდნენ კომპანიის წინააღმდეგ, Musical.ly მათი ბავშვების ანგარიშებს ხურავდა, მაგრამ, FTC-ის მონაცემებით, იგი თავისი სერვერებიდან არ შლიდა ბავშვების ვიდეოებს და მათი პროფილების მონაცემებს.

„იყო საჯარო განცხადებები იმის შესახებ, რომ უცხო ზრდასრულები ბავშვებთან დაკავშირებას აპლიკაცია Musical.ly-ს მეშვეობით ახერხებდნენ. გარდა ამისა, 2016 წელს, აპლიკაციაში გაჩნდა ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებელს სხვა მომხმარებლებისთვის თვალყურის დევნება 50 მილის რადიუსში შეეძლო“.

გასულ ოთხშაბათს, კომპანიამ ცალკე აპლიკაცია წარადგინა აშშ-ში მცხოვრები არასრულწლოვანი მომხმარებლებისთვის, რომელშიც მათ შესაძლებლობა აღარ ექნებათ, TikTok-ზე გააზიარონ თავიანთი ვიდეოები, დააკომენტარონ სხვისი ატვირთვები, ეკონტაქტონ დანარჩენ მომხმარებლებს და მშობლების მალულად გახსნან ანგარიშები.

cnn.com