ჰოლივუდის მსახიობმა ქალებმა, აგენტებმა, სცენარისტებმა და რეჟისორებმა ახალი მოძრაობა, Time’s Up (დრო გავიდა) წარმოიწყეს. მოძრაობას უკვე 300-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, რომელთა შორის არიან: შონდა რაიმსი, ევა ლონგორია, ნატალი პორტმანი, ემა სტოუნი, რიზ უიზერსპუნი, ეშლი ჯადი. კინოინდუსტრიის, ტელევიზიისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები სექსუალურ შევიწროებასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან.
„სამუშაო ადგილზე თავდასხმების, სექსუალური შევიწროებისა და უთანასწორობის დრო გავიდა. დროა, მივიღოთ ზომები!“, – გვაუწყებს Time’s Up-ის დევიზი მოძრაობის ვებგვერდზე.
მოძრაობამ სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა დახმარების ფონდიც დააარსა, სადაც უკვე 13 მილიონზე მეტი შემოწირულობაა შეგროვებული. ფონდი დახმარებას გაუწევს სექსუალური შევიწროების მსხვერპლ კაცებსაც.
ასევე, აქტივისტები აპირებენ აშშ-ის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, რომელიც კომპანიებს შევიწროების ფაქტების მისაჩქმალად უტყვი შეთანხმებების წარმოების გამო დასჯის. გარდა ამისა, Time’s Up იბრძოლებს იმის მისაღწევად, რომ სტუდიებისა და სამსახიობო სააგენტოების ხელმძღვანელობაში გენდერული ბალანსი იყოს მიღწეული.
ასევე, Time’s Up გეგმავს, შეუერთდეს აქციას, რომელიც 7 იანვარს, „ოქროს გლობუსის“ გადაცემის ცერემონიაზე გაიმართება. ჰარვი ვაინშტაინის მიმართ პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილენი შავებში იქნებიან ჩაცმულნი.