ბლოგები / ეკონომიკური ძალადობა / სიახლეები / ქალზე ძალადობა

ფემიციდის მარწუხებში

{"origin":"gallery","uid":"EA4E272F-2BD8-4D8E-A1EE-5A6FD2312C1F_1621710846885","source":"other"}
ცირა ჯგერენაია

ვეცდები, ყველასთვის გასაგებად დავწერო, ჩემი აზრით, რა იწვევს ფემიციდის მაღალ მაჩვენებელს. ჩამოთვლილი მიზეზების დანომვრა პირობითია.

1. ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობის არარსებობა – ხშირ შემთხვევაში, ქალი თავს ვერ აღწევს მოძალადეს და ძალადობრივ გარემოს, რადგან წასასვლელი არ აქვს. არ აქვს შემოსავალი, რომ საკუთარი თავის და შვილების დამოუკიდებლად რჩენა შეძლოს. ქალები და გოგონები, უმეტეს შემთხვევაში, ვერ ღებულობენ მემკვიდრეობას, რადგან ითვლება, რომ ,,ქმარი მიხედავს,, და მშობლების ქონება მხოლოდ ძმას უნდა ერგოს. ამ ყველაფრის შედეგად, ძალადობრივ გარემოში აღმოჩენილი ქალი იძულებულია, ითმინოს ძალადობა, რომელიც დროის გასვლასთან ერთად მძიმდება და ზოგჯერ, ქალის მკვლელობით სრულდება.

2. ძალადობის ნორმალიზება – ზოგჯერ ქალი იმდენად მიჩვეულია ძალადობრივ გარემოს, ამას ნორმად აღიქვამს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ის ბავშვობაშიც ასეთ გარემოში იზრდებოდა. ამიტომ, ხშირად, ქალები ვერ ახერხებენ, დროულად ამოიცნონ მოძალადე. ამასთან, საზოგადოებაც არწმუნებს მას, რომ თუ ქმარი, ვთქვათ, აგინებს, ნორმალურია (,,კაცია და შეიგინება”, ,,კაცია და წამოარტყამს”). თანდათან, გინება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზრდება, მძიმე ფორმებს მიიღებს და შესაძლოა, ქალისთვის ფატალურად დასრულდეს.

3. გენდერული სტერეოტიპები – ქალთა მიმართ ძალადობის სათავე სწორედ აქაა. ქალი მორჩილი უნდა იყოს. თუ არ არის, ძალით უნდა დაიმორჩილო. ქალი ვერ გადაწყვეტს, ვისთან, როდის და როგორ ექნება ინტიმური ურთიერთობა და თუ გადაწყვიტა, – ეს მამის, ძმის და ა. შ. ღირსების შელახვაა. ქალს არ აქვს უფლება, უარი თქვას კაცზე, და თუ იტყვის, სიცოცხლით აგებს პასუხს.

4. საზოგადოების დამოკიდებულება – თითქმის ყველა, ვინც მსხვერპლი ქალის ირგვლივაა, მასში ეძებს დამნაშავეს, მას განსჯის და კიცხავს. ეძებს მილიონ მიზეზს მოძალადის გასამართლებლად და ქალის გასასამართლებლად – ,,ქმარი როგორ დააჭერინა”, ,,ძმას როგორ უჩივლა”, ,,რა უგავს მსხვერპლს, წითელი პომადა უსვია”… ამავდროულად, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის, რომ კონკრეტული ქალი ყოველდღე ხდება ძალადობის მსხვერპლი, ამას ხედავს, ესმის, მაგრამ არაფერს, საერთოდ არაფერს აკეთებს.

5. სისტემის გაუმართავი მუშაობა – აქ ბევრი პრობლემა ერთადაა. სისტემა ფაქტობრივად მუშაობს რეაგირებაზე და თითქმის არაფერს აკეთებს პრევენციისთვის. ქალებს არ აქვთ ნდობა პოლიციის მიმართ. ამას დაგროვილი ცუდი გამოცდილებები იწვევს: პოლიციელების გულგრილი დამოკიდებულება, უაზროდ გაწელილი და დამღლელი საგამოძიებო პროცედურები, ხშირად ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება მსხვერპლი ქალების მიმართ, აშკარა არაკომპეტენტურობა, არაადეკვატური ზომების გამოყენება, რაც ქალს დაუცველად აგრძნობინებს თავს. ხშირია პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენება მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება ქალის სიცოცხლეს. ეს ყველაფერი განაპირობებს დაბალ მიმართვიანობას, რაც ფემიციდის პირველი ხელშემწყობი ფაქტორია.

6. პრევენციის მექანიზმების არარსებობა – რადგან ფემიციდის გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია, მის პრევენციაზე მუშაობაც კომპლექსურად უნდა ხდებოდეს. სხვადასხვა უწყებამ უნდა იმუშაოს კოორდინირებულად. მსგავსს ვერაფერს ვამჩნევ. საერთოდ, ჩემთვის უცნობია, რა პრევენციის პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა აქვს სახელმწიფოს ფემიციდის შესამცირებლად. თუ ვინმემ იცით, მომიყევით.

კიდევ ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, მათ შორის ისეთი კონკრეტული მიზეზების, როგორიც შსს-ს ჯვარედინი შემაკავებელი ორდერები, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვლევა და მოსამართლეების გენდერული უგრძნობლობაა, მაგრამ ძალიან გრძელი სია გამოვა. იმისთვის დავწერე, მიხვდეთ, რომ ფემიციდის ყველა მომდევნო შემთხვევა ყველას ბრალია, უბრალოდ ზოგის მეტად, ზოგის – ცოტათი ნაკლებად.