თანასწორობის პოლიტიკა

თურქმენი ქალები მართვის მოწმობის ჩამორთმევას აპროტესტებენ

იმის პარალელურად, რომ ქალთა უფლებები საუდის არაბეთის რეტროგრადულ წეს-ჩვეულებებსაც კი შეეხო, თურქმენეთში ქალებს ავტომობილის მართვას, ფაქტიურად, უკრძალავენ.

ლებაპის ველაიათის ადმინისტაციის შენობასთან, ათობით ქალი გავიდა იმის გასაპროტესტებლად, რომ ქვეყანაში ქალებს ავტომობილის მართვის უფლება ჩამოერთვათ. ქალები უკმაყოფილებას გამოხატავენ, რადგან მათ არ აქვთ უფლება, გააგრძელონ მართვის მოწმობის ვადა.

პროტესტის მონაწილეებთან ველაიათის ქალთა საკითხებზე მომუშავე ჰაიაკიმის მოადგილე და პოლიციის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები გავიდნენ და მათ მართვის მოწმებებთან დაკავშირებული პრობლემების ერთ კვირაში გადაჭრას დაპირდნენ. როგორც ქალები ამბობენ, მათთვის მართვის მოწმობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული პრობლემები კორუფციული ხასიათისაა, და რომ საგზაო პოლიციაში მათ ამისთვის 5000$-ის ოდენობის ქრთამს სთხოვენ.

“ჩვენ რომ 5000$ გვქონდეს, სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდოდით. ქალებს მართვის მოწმობას მაშინაც კი ართმევენ, როცა არანაირ წესს არ არღვევენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში არანაირი გენდერული თანასწორობა არ არსებობს. თურქმენეთში ქალთა უფლებები ყოველ ნაბიჯზე ირღვევა!”, – აცხადებს დისკრიმინაციის ერთ-ერთი მსხვერპლი.

თურქმენეთში ქალთა დისკრიმინაცია მართვის მოწმობასთან დაკავშირებით უკვე მრავალი წელია, ხდება. მაგრამ, დაახლოებით ორი წლის წინა პერიოდიდან მოყოლებული, ქალებს მასობრივად, ნებისმიერი საბაბით თუ ამის გარეშე, ართმევენ ავტომობილის მართვის უფლებას. ოქტომბრის დასაწყისში, ქალებს პოლიციაშიც კი აწერინებდნენ ხელწერილებს პირობით, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებში არ იჩივლებდნენ მართვის მოწმობის ჩამორთმევის გამო. როცა ხუთმა ქალმა ამაზე უარი განაცხადა, მათ სამსახურიდან გაგდებით დაემუქრნენ.

თურქმენეთის ხელისუფლება ამ საკითხზე დუმს. დუმან სამთავრობო მედიებიც.

azathabar.com