ოჯახში ძალადობა

დიდ ბრიტანეთში იზოლაციის პერიოდში ოჯახში ძალადობაზე შეტყობინებები გაორმაგდა

როგორც პარლამენტის წევრების მოხსენებაშია ნათქვამი, ქვეყანაში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ზარები ნაციონალურ ცხელ ხაზზე 49%-ით გაიზარდა, ხოლო მკვლელობათა რიცხვი იზოლაციის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში გაორმაგდა.

მოხსენებაში, ასევე, არის მოწოდება, შემუშავდეს ძალადობის პანდემიის დროს ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის სამთავრობო სტრატეგია.

პარლამენტის წევრები ასევე აცხადებენ, რომ სუპერმარკეტებსა და სხვა მაღაზიებში უნდა განთავსდეს “უსაფრთხო სივრცეები”, სადაც მსხვეპლებს დახმარების მიღება შეეძლებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაფინანსებას გაზრდის ცხელი ზარებისა და ონლაინ დახმარებების მხარდაჭერის მიზნით.

პროექტ Counting Dead Women-ის მკვლევარების ინფორმაციით, იზოლაციის პირველ სამ კვირაში, 14 ქალი და ორი ბავშვია მოკლული. მათი თქმით, ეს რიცხვი სამკვირიანი პერიოდისთვის ბოლო 11 წლის მანძილზე ორჯერ და მეტად აჭარბებს საშუალო მაჩვენებელს.

პარლამენტის წევრების თქმით, პანდემიის დროს ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სტრატეგია უნდა მოიცავდეს ინფორმაციულობის გაზრდას, ძალადობის პროფილაქტიკას, მსხვერპლთა დაცვას, მათი საცხოვრისითა და იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფას, მიზნობრივ დაფინანსებას და ვითარების მინისტრების დონეზე კონტროლს. ასევე, მათი თქმით, გასათვალისწინებელია შეზღუდვების მოხსნის პერიოდიც, როდესაც მსხვერპლები ძალადობისგან თავის დაღწევას დააპირებენ და მათ, სავარაუდოდ, ძალადობის გამწვავება ელით.

მოხსენებაში, ასევე, ხაზგასმულია თავშესაფრებში ადგილების უკმარისობის პრობლემა, – 2018-2019 წლებში, თავშესაფარში მოხვედრის მსურველ მსხვერპლთა 64%-ის მიმართვა დაუკმაყოფილებელი დარჩა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ივეტ კუპერის (Yvette Cooper) თქმით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სახლში დარჩენილი ზოგიერთი ადამიანისთვის, შინ ყოფნა უსაფრთხო არ არის და მათ დასაცავად დაუყოვნებლივი ზომების გატარებაა საჭირო.

“ოჯახში ძალადობისგან დატოვებული ემოციური, ფიზიკური და სოციალური ნაიარევები, შესაძლოა, ადამიანებს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვეთ”, – განაცხადა მან.

bbc.com