გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიაჩნია, რომ იტალიაში მეხანძრედ მუშაობისთვის დაწესებული შეზღუდვები ქალთა უფლებებს არღვევს. ეს გადაწყვეტილება იტალიის მოქალაქე ქალის საჩივრის განხილვის შემდეგ იქნა მიღებული, რომელიც დასახელებულ პოზიციაზე სამუშაოდ არ მიიღეს, მისი სიმაღლის, 161 სმ-ის, გამო.
ჯერ კიდევ 1999 წლიდან, ქალი ლაციოს სახანძრო სასახურში მოხალისედ მუშაობს. 2007 წელს, მან საბუთები შეიტანა ნაციონალურ სახანძრო სამსახურში მუდმივ სამუშაოზე დასაქმებისთვის, მაგრამ უარი მიიღო, რადგან მისი სიმაღლე 165 სმ-ზე ნაკლებია.
გოგონამ ამგვარი მიდგომა დისკრიმინაციად მიიჩნია და საჩივრით ადგილობრივ სასამართლოს მიმართა. საჩივარში იგი ყურადღებას გენდერულ დისკრიმინაციაზე ამახვილებდა, რადგან იტალიელი ქალების საშუალო სიმაღლე მხოლოდ 161 სმ-ია, მაშინ, როდესაც იტალიელი კაცებისა – 175 სმ. გამოდის, რომ ამ შეზღუდვის გამო, ქალს მეხანძრედ მუშაობის გაცილებით ნაკლები შანსი აქვს.
ასევე, მოსარჩელე გაურკვევლობაში იყო, რატომ შეეძლო გაცილებით ტანმორჩილ ადამიანს მოხალისედ მუშაობა და არა – მუდმივ სამუშაოზე დასაქმება, როდესაც სრულიად ანალოგიური ფუნქციები ჰქონდა შესასრულებელი. ადგილობრივ სასამართლოში საქმის წაგების შემდეგ, მან ზემდგომ ინსტანციას მიმართა, იქაც უარის მიღების შემდეგ კი, 2016 წელს, საჩივარი გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტში გაგზავნა. იმ მომენტისთვის, მას მოხალისე მეხანძრედ მუშაობის 17-წლიანი სტაჟი ჰქონდა.
“კომიტეტის ინფორმაციით, იტალიაში კაცებისა და ქალების საშუალო სიმაღლეს შორის დიდი სხვაობაა, ხოლო დადგენილი შეზღუდვები ბევრად აჭარბებს იტალიელი ქალების საშუალო სიმაღლის მაჩვენებელს, რაც მათ სახანძრო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობას ართმევს. არსებული სიტუაცია შეშფოთებას იწვევს ქალთა ირიბი დისკრიმინაციის თაობაზე, რისი არდაშვებაც სახელმწიფოს საქმეა”, – განაცხადა კომიტეტის წევრმა იუვალ შანიმ.
კომიტეტის მოთხოვნით, იტალიის ხელისუფლებამ მოსარჩელეს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს და განიხილოს მისი განცხადება სახანძრო სამსახურში მუდმივად დასაქმების შესახებ, თუ მას ჯერ კიდევ არ გადაუფიქრებია. იტალიას 180 დღე მიეცა იმისთვის, რომ ამ სიტუაციის გამოსწორებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინოს.
წყარო: ohchr.org