გამოქვეყნდა გაეროს სამი სპეციალური მომხსენებლის 2025 წლის 24 ივლისის ოფიციალური წერილი, რომლითაც მათ საქართველოს მთავრობას მიმართეს. წერილით, რომელიც უფლებადამცველების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების მდგომარეობას ეხება, გაეროს სპეციალური მომხსენებლები სახელმწიფოს საქართველოში უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შევიწროების, მათ შორის, საფარის დირექტორის, ბაია პატარაიას მიმართ განხორციელებული დევნის შესახებ ახსნა-განმარტების მიწოდებას სთხოვენ.
გაეროს სპეციალური მომხსენებლები სახელმწიფოს განმარტებას სთხოვენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მე-16 პრიმა მუხლთან დაკავშირებით, რომლის გამოც ბაია პატარაია, სხვა უფლებადამცველები და აქტივისტები დაჯარიმდნენ ქართული ოცნების წევრების მიმართ სოციალურ ქსელში გამოხატული კრიტიკის გამო. წერილის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ სპეციალურ მომხსენებლებს უნდა განუმარტოს ხსენებული მუხლის შესაბამისობა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალთან.
მომხსენებლები პასუხს ითხოვენ რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებებთან დაკავშირებითაც, რადგან, მათივე განმარტებით, ასეთი “მძიმე და უკანონო ჩარევა“ ვერ იქნება საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან შესაბამისობაში.
ამას გარდა, მომხსენებლები სახელმწიფოსგან ითხოვენ, წარუდგინოს მათ განმარტება იმის თაობაზე, თუ რა ზომები მიიღო, რომ უფლებადამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს თავიანთი ლეგიტიმური საქმიანობის გაგრძელება შეძლებოდათ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
გაეროს სპეციალური მომხსენებლები საქართველოს მთავრობისგან ითხოვენ, მიიღოს უპირობო ზომები სავარაუდო დარღვევების აღსაკვეთად. უზრუნველყოფილი იყოს სამოქალაქო სექტორის, მათ შორის ქალთა უფლებადამცველის, ბაია პატარაიასა და ორგანიზაცია საფარის, ლეგიტიმური საქმიანობის დაუბრკოლებელი განხორციელება და დაცვა ნებისმიერი სახის ადმინისტრაციული ან სასამართლო შევიწროებისგან.
წერილი გამოქვეყნებულია მოცემულ ბმულზე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ოფიციალურ ვებ გვერდზე.