სექსუალური ძალადობა / ქალზე ძალადობა

ახალი კვლევა: ყოველი მესამე კაცი მიიჩნევს, რომ ზოგჯერ, ქალებს თავად უნდათ, გააუპატიურონ

“კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში”, — გაეროს (UNFPA და UNDP) მიერ მომზადებულ კვლევაში საქართველოში არსებული გენდერული დამოკიდებულებებია წარმოდგენილი. ანგარიშში მოცემულია რესპონდენტების აღქმისა და ქცევების ცვლილების დინამიკა, 2013 წლიდან მოყოლებული.
კვლევის თანახმად, 2013 წლიდან დღემდე, საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის საჭიროების აღქმა მნიშვნელოვნად მომატებულია. ამ მომენტისთვის, გენდერული თანასწორობის იდეას საქართველოს გაცილებით მეტი მოქალაქე უჭერს მხარს, ვიდრე – ექვსი წლის წინ.
კვლევაში მოცემულია საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებების ანალიზიც, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, რომ ჰომოფობიური განწყობები კაცებში გაცილებით ძლიერია, ვიდრე – ქალებში.

რესპონდენტების ნახევარს სჯერა, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან. ათიდან, დაახლოებით, ექვსმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერდა ქალების ჩართულობას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.


შედარებით შეცვლილია წარმოდგენა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის ჩართულობის შესახებ. რესპონდენტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალებს კაცების თანაბრად შესწევთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარი, თუმცა ასე უფრო მეტი ქალი ფიქრობს, ვიდრე – კაცი.
ათიდან შვიდმა რესპონდენტმა მიიჩნია, რომ ქალებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მეტი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ, რასაც ქალების 85 და კაცების 58 პროცენტი დაეთანხმა.


2013 წელთან შედარებით, ახლა გაცილებით ნაკლები ქალი მიიჩნევს, რომ ოჯახში საბოლოო გადაწყვეტილებას კაცი უნდა იღებდეს. 2013 წელს ამ მოცემულობას ქალების 71 პროცენტი ეთანხმებოდა, 2019 წელს კი – მხოლოდ მესამედი. კაცების წილიც მნიშვნელოვნად შემცირდა ­ 88­დან 68 პროცენტამდე.

საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, გენდერული ნიშნით, საკმაოდ მკაცრად არის სეგრეგირებული, რაც გულისხმობს, რომ მაგალითად, დალაგება და საჭმლის მომზადება, თითქმის მთლიანად ქალის მოვალეობაა.
რესპონდენტებს დაუსვეს კითხვები, რომლებიც, გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს ან მითებს შეიცავდნენ. აქაც, ქალებთან შედარებით, ძალადობა კაცებისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა. დაახლოებით, ყოველი მესამე კაცი მიიჩნევს, რომ ზოგჯერ, ქალებს თავად უნდათ, გააუპატიურონ, და რომ გაუპატიურების შემთხვევაში, ქალის რეპუტაციის გამოკვლევაც აუცილებელია. მნიშვნელოვანია, რომ კაცების ნახევარი და ქალების 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ გაუპატიურებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის შემთხვევები, როცა ქალი ფიზიკურ წინააღმდეგობას სწევს. შესაბამისად, სექსუალური ძალადობის ფარგლებში არ მოიაზრებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა შიში და სხვა სახის იძულება.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპები გარკვეულწილად შერყეულია, ამ მხრივ, როგორც კვლევა გვიჩვენებს, კიდევ დიდი პრობლემები არსებობს.

კვლევის სრული ელექტრონული ვერსიის ხილვა შეგიძლიათ აქ: unfpa.org