ავტორი: გიორგი ურჩუხიშვილი
სავალდებულო კვოტირების კანონის მიღებას ვნებათაღელვა მოჰყვა: წავიდა დატოლებები, ვინ უფრო ქალების მხარეს არის, ვინ უფრო ფემინისტია და „აღმატებული“, „ჭკვიანი“, „პოლიტკორექტული“, „ქვიარაქტივისტი“, „პატრიოტი“, „არაკომუნისტი“, „არახალხისმტერი“. გაცოცხლდა არგუმენტი: „კვოტირება – ეს ხომ ხელოვნური ჩარევაა?!“. თითქოს მთელი საზოგადოება, პოლიტიკა, კულტურა და ეს დამწერლობაც კი, რომელსაც ახლა ვკითხულობთ, ხელოვნური და მოგონილი არ იყოს. ადამიანები ვქმნით პოლიტიკას, გენდერს, სოციალურ უთანასწორობას – გარშემო ყველაფერი ხელოვნურია. კაცებით დომინირებული პოლიტიკაც ხომ ჩვენი ხელოვნური გამოგონებაა?! სოციალურ ცხოვრებაში არ არსებობს არაფერი „ბუნებრივი“, გარდა, რა თქმა უნდა, ისეთი ბუნებრივი მოვლენებისა, როგორიცაა, მაგალითად, წვიმა რომ პოლიტიკოსს ასველებს.
ამ ბლოგპოსტში გიამბობთ ერთი კვლევის საინტერესო მიგნების შესახებ, რომელიც კარგად გვიჩვენებს, თუ რამდენად ხელოვნურია ქართულ-მამაკაცურ პოლიტიკაში არსებული სოციალური პრაქტიკები, როგორ უშლის ეს პრაქტიკები ქალებს ხელს წინსვლასა და წარმატებაში, და როგორ ხელოვნურად მოიგონეს ეს ბარიერები და მითები თავად კაცებმა. მანამდე კი ყურადღებას გავამახვილებ ერთ-ერთ კვოტირების მოწინააღმდეგე, საშუალო ასაკის, თბილისის ცენტრში მცხოვრებ ელიტურ ქალზე, რომელმაც ბლოგპოსტიც კი მიუძღვნა „გზააბნეულ ფემინისტებს“ და მათ ასეთი შეკითხვა დაუსვა: „თუ კაცებთან შეჯიბრის სივრცე მოკალი, პირველობას როგორ მოიპოვებ?“. მას და ყველას, ვინც „ხელოვნური“ ჩარევის მოწინააღმდეგეა, ვკითხავდი: როგორ ფიქრობთ, ხელოვნურ მოვლენებს (კაცურ, უთანასწორო პოლიტიკას) მხოლოდ ბუნებრივი მოვლენებით უნდა ვებრძოლოთ? როგორ, გენდერულ უთანასწორობას ქალებმა მეხით, ცეცხლით და წყალდიდობით უნდა აჯობონ?
ასევე, ბევრჯერ მოვკარი ყური არგუმენტს: რა აზრი აქვს კვოტირებას, თუ პარლამენტში ისევ ირმა ინაშვილები, ადა მარშანიები და ეკა ბესელიები მოხვდებიანო?!
ეს კვოტირების ბრალი ნამდვილად არ არის, ეს ქართული, მამაკაცური პოლიტიკის რეკრუტმენტის სტილის ბრალია. შეცვალეთ პარტიაში ადამიანის შეყვანის სტანდარტი, ნუ გგონიათ პოლიტიკა ჯაჭვლიანის, ზვიადაურის, ვოლსკის და სხვა მოჩხუბარი კაცების და მათნაირი ქალების სივრცე. კვოტა იძლებულს გახდის პარტიებს, სხვანაირი ქალებიც მონახოს, მხოლოდ იმიტომ, რომ ძნელად მოიძებნება „გაკაცებული“ და „მოჩხუბარი“ ქალი, ვინაიდან ეს კულტურულად ქალის გენდერის მახასიათებელი არ არის და სავარაუდოდ, არც კომპეტენტურ ქალებს სურთ „გაკაცება“. პარტიებში მოხვდებიან კომპეტენტური და ფემინური ქალები, რაც ერთგვარად „შეარბილებს“ ქართულ პოლიტიკას და უფრო საინტერესოს გახდის მას. აქვე, ერთ-ერთ მამაკაც პოლიტიკოსს ვკითხავდი, რომელმაც კვოტირების მომხრეებს „ფარისევლები“ და „კომუნისტები“ უწოდა: როგორ კონკურენციაში უნდა ჩაებან ქალები პოლიტიკაში? სილა გააწნან კაცებს, აგინონ, სცემონ? და ვინც ქართული პოლიტიკის გამრავალფეროვნებას უჭერს მხარს, კომუნისტია?
მოდი, დავუბრუნდეთ კვლევის შეპირებულ განხილვას: კვლევა 2017 წელს ჩატარდა, გაეროს განვითარების ფონდისა და საფარის თანამშრომლობით, რომლის ფარგლებშიც ყველა საპარლამენტო პარტიის ქვედა, საშუალო და ზედა რგოლის წევრები გამოიკითხნენ. აღმოჩდა, რომ პარტიის შიგნით არსებულ გენდერულ უთანასწორობას წარმოქმნის მოვლენა, სახელად “მამაკაცების შიში, დაკარგონ პრივილეგია/ძალაუფლება”, რის გამოც, გამოკვლეული კაცი პოლიტიკოსები უამრავ მითს ქმნიან, რომ ქალებს ხელი შეუშალონ პოლიტიკურ მონაწილეობაში. მაგალითად, პოლიტიკოს კაცებს უჭირთ ქალის კომპეტენტურობის საჯაროდ აღიარება და ამის ნაცვლად, ქალებს “კონფლიქტურობის” ნაკლებობას უწუნებენ. გამოკვლეული რესპონდენტი კაცები საუბრობენ იმაზე, რომ პარტიაში ქალებს კარგი სამუშაო უნარები და პასუხისმგებლობის შეგრძნება აქვთ, მაგრამ ამ “კომპეტენტურობის” ნაცვლად, ქალი პოლიტიკოსის მთავარ თვისებად მაინც “კონფლიქტურობას” ასახელებენ, ანუ, იმ თვისებას, რაც სინამდვილეში პარტიულ კაცებს აქვთ (ან უნივერსალურ „კაცურ“ თვისებად მიიჩნევა ისევ კაცების მიერ). პოლიტიკოსი მამაკაცები თვლიან, რომ პოლიტიკა „კაცურია“ და მის “კეთებას” მხოლოდ “კაცური” მახასიათებლები სჭირდება და თუ ქალებს პოლიტიკაში წარმატების მიღწევა სურთ, უნდა გამოიყენონ მამაკაცური თვისებები, ხოლო ქალის უნარები და კომპეტენციები უარყოფილია.
კვლევის მეორე მიგნებაც პირველს ეხმიანება. აღმოჩნდა, რომ ქართულ პოლიტიკაში ფემინურ ქალებს დევნიან. ერთ-ერთი ახალგაზრდა, ხაზგასმულად ფემინური პარტიული ქალი ამბობს, რომ წესით, ის ისეთი უნდა მიიღონ, როგორიც არის, – ანუ ქალური, კაბიანი, გრძელთმიანი, ნაზი, მაგრამ ბოლოს მაინც დასძენს ხასიათის იმ თვისებას, რომელიც კაცურ პოლტიკაში სტანდარტად არის დამკვიდრებული, ეს არის – “სიხისტე”. ამით ის თითქოს თავის ფემინურობას აძლიერებს “სიხისტის” დამატებით. იქმნება ახალი ხელოვნური მითი, რომ ხაზგასმულად ფემინური პარტიული ქალი ხისტი უნდა იყოს. გგონიათ, ქალების ბრალია თავიანთი ქალურობის სისუსტედ აღქმა? – არა, ეს მრავალწლიანი ბულინგის, ე. წ. ნატიფი სექსიზმის შედეგია. კაცი პოლიტიკოსები გამუდმებით თავს აგრძნობინებთ კომპეტენტურ, მაგრამ ფემინურ ქალებს, რომ ისინი არ გჭირდებათ, რომ ისინი მხოლოდ სექსუალური ობიექტები არიან, და აქრობთ მათ პოლიტიკიდან.
რეალურად, ბევრ ჭკვიან, უნარიან და კვალიფიციურ ქალს, რომლებიც გამოგადგებოდათ, პარტიაშიც და საჯარო სამსახურშიც გზას უკეტავთ, მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც ილია მეორემ თქვა – მადლი „უტვინოებშია“ (ვითომ). რატომ? – იმიტომ, რომ ისევე, როგორც საჯარო სამსახურში, ან პარტიაში თუ ეკლესიაში, უნდა „დასაქმდეს“ ორი ძალიან გასხვავებული ფენა: მაღალი, რომელიც „ღმერთივით“ იქნება, და დაბალი, რომელიც ამ ღმერთს „უკანალში“ შეეტენება. და მერე იტყვით, რომ ქალები სუსტები არიან, ისინი კაცებს ეტენებიან. არა ხალხო, შეცვალეთ რეკრუტმენტის სტილი. მიეცით საშუალება კომპეტენტურ საშუალო ფენის ქალებს, პოლიტიკაში მოვიდნენ. საქმესაც გააკეთებენ, არავის შეეტენებიან და არც პარტიას დააქცევენ. მაგრამ, არ გინდათ, ხო?! ისე ვეღარ მართავთ ჭკვიანსა და კომპეტენტურს. ვიცით. მერე ვეღარც იმას იტყვით, რომ ქალებს თავად არ უნდათ პოლიტიკაში მოსვლაო, ან მარტო ის ქალები მკვიდრდებიან, ვინც ჩხუბობსო, – თქვენი ხელოვნური წესები და მითები დაინგრევა; თქვენ კი ამის გეშინიათ.