Victoria’s Secret, სტელა მაკარტნისთან ერთად, Body by Victoria-ს ბიუსტჰალტერების სადებიუტო ხაზს გამოუშვებს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მასტექტომია აქვს გადატანილი. აზღუდის უნაკერო მოდელი რბილი, მაქმანებიანი ქსოვილისგანაა შეკერილი. მას აქვს აგრეთვე პატარა ჯიბე, პროთეზის ფიქსაციისთვის. აზღუდების ოქტომბრის გაყიდვებიდან შემოსული მთელი თანხა ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ფონდში ჩაირიცხება, სარძევე ჯირკვლის კიბოსა და მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მნიშვნელოვნებაზე მიმართული საინფორმაციო კამპანიისთვის. გარდა ამისა, Victoria’s Secret-მა ინსტრუქცია მოამზადა მკერდის ყოველთვიური შემოწმების სწორ ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც საიტზე დადო.
https://www.instagram.com/p/CUfsmlJADB-/?utm_source=ig_web_copy_link
“როგორც საცვლების მწარმოებელი მსოფლიო ბრენდი, Victoria’s Secret-ისთვის ქალთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა პირველხარისხოვანი საზრუნავია. ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა და ამასთან დიდი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა, გამოვიყენოთ ბრენდის რესურსები და ჩვენი გლობალური საქმიანობის მასშტაბები წარმოვაჩინოთ. ეს ხელს შეუწყობს სარძევე ჯირკვლის კიბოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, განსაკუთრებით – ახალგაზდა ქალებში”, – განაცხადა ბრენდის მარკეტინგის დირექტორმა მარტა პიზმა.
1985 წლიდან მოყოლებული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოქტომბრის თვე სარძევე ჯირკვლის კიბოსთან ბრძოლის თვედ გამოაცხადა. სტატისტიკის თანახმად, ყოველ 19 წამში, მსოფლიოში ერთ ქალს უსვამენ ამ დიაგნოზს. საქველმოქმედო და საგანმანათლებლო კამპანიების წყალობით, ბოლო 30 წლის მანძილზე სიმსივნის ამ სახეობისგან სიკვდილიანობის რიცხვმა 40%-მდე დაიკლო, ხოლო რემისიების რაოდენობა 90%-ს აჭარბებს, დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში.