ქალწულობასთან დაკავშირებული დისკუსია ჩვენს საზოგადოებაში რამდენიმე ნაწილად იყოფა: ერთნი იქედნურად იცინიან იმ პრაქტიკაზე, რომ ქალი „ტექნიკურ ქალწულობას“ ეყრდნობა (არ თქვათ, რომ კუზანოვის კლინიკაში აპკის აღდგენის (ჰიმენოპლასტიკა) მიზნით მისული ვიზიტორების რიცხვი პატარაა), მეორენი ჯიუტად იცავენ თავიანთ აზრს ქალის “პატიოსნების” შესახებ და ქალწულობის არქაულ გაგებას იზიარებენ, მესამენი კი წინარეთა უფლებებს იცავენ, განკარგონ თავიანთი სხეულები თავიანთსავე შეხედულებების შესაბამისად.
სინამდვილეში, ცოტა თუ დაფიქრებულა, რა სოციალურ-კულტურული როლი ეკისრებოდა ქალწულობის ფენომენს საუკუნეების მანძილზე.
ქალწულობის კონცეფცია მჭიდრო კავშირშია კეთილგონიერებასთან, რაც, მსოფლიო კულტურის უმრავლესობაში ერთმნიშვნელოვნად დადებით მოვლენადაა შეფასებული, და მომდინარეობს ადამისა და ევას ისტორიიდან, უფრო სწორად, მათი ცოდვით დაცემიდან, რაში დამნაშავეც ქალი აღმოჩნდა. ქრისტიანულ კულტურაში, დაცემული ევას ფიგურა შეპირისპირებულია ქალწულ მარიამთან – ღმრთისმშობელთან, ვისთვისაც პირველქმნილი ცოდვა ძალადაკარგულია. ბუდიზმში არსებობს ლეგენდა სიდჰართა გაუტამას უმანკო ჩასახების შესახებ: ყველაზე პოპულარული ვერსიით, დედოფალი მაჰამაია მას შემდეგ დაორსულდა, რაც მას ექვსეშვიანი ოქროს სპილო დაესიზმრა. მშობიარობის შემდეგ ქალწულად დარჩენილმა ამ ქალებმა ღვთაებრივთან მიახლოებული სტატუსი შეინარჩუნეს: უბრალო მოკვდავთაგან, არავის შეეძლო უმანკოებისა და დედობის შეთავსება.
საინტერესოა, რომ ანტიკურ ხანაში ქალწულობა არა პასიურ მოლოდინს, არამედ ქალის დამოუკიდებლობას და სიძლიერეს აღნიშნავდა – ამის მაგალითია ძლევამოსილი ქალღმერთები არტემიდე, ათენა და ჰესტია, რომლებიც გაცნობიერებულად ინახავდნენ ქალწულობას. ძველ რომში ქალღმერთ ვესტას ქურუმი ქალები უბიწოების აღთქმას დებდნენ, საზოგადოების პატივცემული წევრები იყვნენ და რეალურ ძალაუფლებას ფლობდნენ – ქალღმერთისთვის 30-წლიანი მსახურების შემდეგ, მდიდრულად და თავისუფალი მოქალაქეების სტატუსით განაგრძობდნენ ცხოვრებას.
მაგრამ, გვიანი შუასაუკუნეებისკენ, ქალწულობა უკვე მკვეთრად ასოცირდება სარძლოს „საბაზრო“ თვისებებთან: ქორწინებამდე ქალი მამას ეკუთვნოდა, შემდეგ კი ქმრის საკუთრებაში გადადიოდა. აქედან მოდის ტრადიცია, როდესაც ჯვრისწერის დროს საკურთხეველთან პატარძალი მამას მიჰყავს და საქმროს „გადასცემს“, ასევე, „კანიადანის“ ინდუსური რიტუალი და თანამედროვე „უბიწოების მეჯლისები“, სადაც თეთრკაბიანი გოგონები მამებს პირდებიან, რომ ქორწინებამდე სექსი არ ექნებათ.
საუკუნეების მანძილზე, ქალწულობა ცვლიდა მამობაზე ტესტსაც და კონტრაცეპტივებსაც: ზეწარზე სისხლის კვალი „გვარის სიწმინდის“ დასტური იყო, რომლის გასაგრძელებლადაც იყო აუცილებელი ქორწინება. ზოგიერთ რეგიონში, პირველი საქორწინო ღამის შემდეგ, ნათესავებს დღემდე უფრიალებენ სისხლიან თეთრეულს. ამ ადათთან დაკავშირებით, ინტერნეტი დუღს და გადმოდუღს რჩევებით, თუ როგორ შეიძლება, „ნამდვილი“ სისხლი ჩანაცვლდეს ქათმისათი, ან აკვარელით. მსგავსი ხერხები ჯერ კიდევ „ათას ერთი ღამეშია“ აღწერილი.
თანამედროვე გოგონები უკვე აღარ ექვემდებარებიან სიკვდილს დაკარგული უმანკოების გამო, თუმცა, ბევრი მათგანი დღემდე გადის უბიწოების დამამცირებელ შემოწმებას, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში კი არსებობენ „დეფლორატორები“, რომლებიც რიტუალურად უსპობენ გოგონებს ქალწულობას პირველი მენსტრუაციის შემდეგ. აქ ალბათ მალაველი აივ დადებითი დეფლორატორი გაგახსენდებათ, რომელსაც ათობით ქალთან დაუცველი სექსი ჰქონდა და ამის გამო ორი წელი ციხეში გაატარა. ეს ერთ-ერთი ტრადიციაა, რომელიც პირველ სექსს ინიციაციას უკავშირებს – აფრიკულ ტომებშიც და დასავლურ ცივილიზაციაშიც, ქალწულობა გოგონას ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფდა – „მანამდე“ და „შემდეგ“.
დღეს, როდესაც ფრანგ უფროსკლასელებს კლიტორის 3D-მოდელს უჩვენებენ და უხსნიან, რომ ეს უნიკალური ორგანო მხოლოდ სიამოვნებისთვის არსებობს, მათი აქაური თანატოლები მხოლოდ სექსის საკითხებში „მეტად ინფორმირებული“ თანაკლასელების, მორცხვი მშობლებისა და პორნოპროდუქციის იმედად არიან. საეჭვო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ჩვენ ვიგებთ, რომ ქალწულობა ფასეული რამაა, იგი უნდა შევინახოთ, შემდეგ კი უნდა დავკარგოთ; რომ ახალგაზრდა ქალისთვის სექსუალური გამოცდილების არქონა სიამაყის საფუძველია, ხოლო ბიჭისთვის – სამწუხარო ამბავი, რომელიც სასწრაფოდ გამოსასწორებელია.
მოზარდი გოგონები, ერთი მხრივ, სლათშეიმინგის (ბოზობით შერცხვენა) წინაშე დგანან, მეორე მხრივ კი, თანატოლების აზრისა ეშინიათ, რომლებიც მათში სექსუალობის არქონას დასაცინად იგდებენ და „შინაბერას“ და „სასტიკად არასექსუალურის“ დამამცირებელ იარლიყს აკრავენ.
სინამდვილეში რა ფუნქცია გააჩნია საქალწულე აპკს?
მედიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მას გოგონას შიდა ორგანოებს გარესამყაროსგან მიჯნავს მომწიფების ასაკამდე. საქალწულე აპკი (ჰიმენი) სხვადასხვა მიკროორგანიზმის შეღწევას უშლის ხელს ბავშვის დაუცველ საშოში, თუმცა, მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბების შემდეგ, საშოში გარკვეული მიკრობიოცენოზი ყალიბდება, რომელიც დამოუკიდებლად არეგულირებს საშოს მიკროფლორას. ამ პერიოდში, დამატებითი დამცავი ბარიერის საჭიროება უკვე აღარაა.
ჰანა ბლანკი, რომელმაც ქალწულობის ისტორიას მთელი წიგნი მიუძღვნა, ჰიმენს ზედმეტ პლასტიკად მიიჩნევს. ეს ალბათ გაცილებით ახლოა სიმართლესთან, ვიდრე – დაბრკოლებასთან ან დაცვასთან ასოციაცია, რადგან აპკები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. უმეტეს შემთხვევაში, მათ ერთი ღიობი აქვთ შუაგულში და რამდენიმე პატარა – კიდეებზე, საიდანაც გამოდის ვაგინალური ან მენსტრუალური გამონადენი.
„ჰიმენის კიდევ ერთი თვისებაა ელასტიკურობა. ამის წყალობით, ქალწულებს თავისუფლად შეუძლიათ ტამპონების გამოყენება, ხანდახან კი აპკი იმდენად იწელება, რომ თავისუფლად ატარებს თითებსაც და თავად პენისსაც – გახევისა და სისხლდენის გარეშე. შესაბამისად, მითები საქალწულე აპკის შესახებ შექმნილია იმისათვის, რომ ქალის სექსუალობა გაკონტროლდეს“, – ამბობენ შვედეთის სექსუალური განათლების ასოციაციაში.
მითმა სისხლის შესახებ, რომელიც თითქოს გოგონას უმანკოებას ადასტურებს, ბევრი საქორწინო ღამე გააფუჭა – წინა საუკუნეებში, არაერთი ქალი დაუსჯიათ სიკვდილით, „მეძავობაში“ ბრალდებით. სინამდვილეში, გოგონების უმრავლესობა პირველი სექსის შემდეგ სისხლს არ კარგავს, თუმცა, პირველი ვაგინალური სექსისას არსებული დისკომფორტი სრულიად ნორმალურია (ჰიმენი მაინც ლორწოვანი ქსოვილია, ნერვული დაბოლოებებით). ძლიერი ტკივილი ამ დროს იმის ნიშანია, რომ რაღაცას სწორად არ აკეთებთ, ხოლო სისხლდენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს პირველი ჯერზე არ ხდება, ექიმთან წასვლის საფუძველი უნდა იყოს.
სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ პირველი სექსი არ შეიძლება, იყოს სასიამოვნო, თავისთავად წინასწარმეტყველებად იქცა: ტკივილის მოლოდინში, ბევრი გოგონა მოდუნებას ვერ ახერხებს, პრელუდიის დროს კი ვერ გამოიყოფა ენდორფინები – ბუნებრივი ანესთეტიკები. პირველი შეღწევა უხეში არ უნდა იყოს – აპკის „ჩახევა“ საჭირო არაა, რადგან ჰიმენი კარგად იწელება, მკვეთრი მოძრაობები კი დამატებითი დისკომფორტის მომტანია.
სტერეოტიპები ქალწულობის შესახებ იმითიცაა მავნე, რომ ისინი ჰეტერონორმატიულია: „უბიწოების დაკარგვას“ შემთხვევათა 99%-ში გულისხმობენ ვაგინაში პენისის შეღწევას, სექსუალური ურთიერთობების სხვა პრაქტიკები კი უარყოფილია. ამგვარი ჰეტერონორმატიზაცია ბევრ არასწორ გაგებას წარმოშობს: ნარჩუნდება თუ არა ქალწულობა ლესბოსური, ორალური ან ანალური სექსის დროს? ამის ერთადერთი სწორი პასუხი ისაა, რომ ქალწულობა არანაირად არ უკავშირდება ჰიმენს ან ვაგინალურ შეღწევას.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ქალიშვილობის დაკარგვის“ მსგავსი ევფემიზმები ჩვენი ლექსიკონიდან მალე გაქრეს, მაგრამ, მათი გამოყენებისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირველი სექსი სხვა ადამიანად არ გვაქცევს, არაფერს გვართმევს და არაფერს გვავალდებულებს. შეიძლება, სექსი ერთხელ ან თხუთმეტჯერ გვქონდეს და ქორწინებისგან თავი შევიკავოთ, შეგვიძლია, გვქონდეს მხოლოდ სიყვარულის დროს, ამ სხვადასხვა პარტნიორებთან – რა თქმა უნდა, აუცილებლად ურთიერთთანხმობის პირობებში.
ნებისმიერი ფორმით სექსი გულისხმობს იმას, რომ ზრდასრული ადამიანები ვართ, გაცნობიერებულად განვკარგავთ საკუთარ სხეულს და პასუხისმგებლობით ვეკიდებით არამხოლოდ საკუთარ თავებს, არამედ – პარტნიორებსაც.
სამწუხაროდ, ეს ყველა ქვეყანას არ ეხება, მაგრამ, ჩვენ მაინც მივაღწიეთ იმ მომენტს, როდესაც ქალებიც, კაცებიც და არაბინარული ადამიანებიც თავად წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი სექსუალური ცხოვრება. სექსისგან თავშეკავებაც და თავშეუკავებლობაც მხოლოდ ჩვენი არჩევანია და გარეშე პირებს ამასთან არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეთ.